ჩემი ძიუდოს გუნდი - კვირის პალიტრა

ჩემი ძიუდოს გუნდი

ჩემს ძიუდოს გუნდში ბევრი მაგარი ბიჭია, ზოგი ტატამზე გამოდის და ჭიდაობს, ზოგი იქვე სეკუნდანტად ზის, ზოგიც გასახურებელ დარბაზში ახმნევებს ჩემპიონებს და ზოგიც ისეთ ტრავმებს უშუშებს რომელსაც მხოლოდ სასწაული თუ უშველიდა.

ამ გუნდზე მინდა ცოტა მეტი ვთქვა.

აუცილებლად ლაშა გუჯეჯიანით მინდა დავიწყო და ბოდიში ვუთხრა, როდესაც მწვრთნელად დაინიშნა ნამდვლად არ მეგონა თუ ასეთ შედეგს დადებდა. ისეთი ნაკრები დააყენა, მრავლისმნახველი იაპონელი გულშემატკივარიც გააოცა. არაა იოლი საქართველოში, ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, იოლი კი არა, რთულია, თან ძალიან რთული, რადგან ჩვენთან ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უყურებია ძიუდოსათვის, "იდეალურად ფლობს" სამწვრთნელო ტექნიკას და უკეთ იცის, ტატამზე გასულ სპორტსმენს რა დავალება და ბრძოლის დროს რა მითითება მისცეს, ჰოდა ამდენ მცოდნეში რომ გიწევს საქმის კეთება, არაა მარტივი ამბავი. ლაშა გუჯეჯიანმა ეს დაბრკოლება გადალახა და თან როგორ - შვიდი წონა და ჩემპიონობის შვიდი შანსი. მადლობა ოსტატო, შენ ქართველ ხალხს გამარჯვების მივიწყებული განცდა დაგვიბრუნე. მოგვეცი საშუალება რომ ამაყები ვყოფილიყავით - მადლობა ყველაფრისათვის!

ჩემ ძიუდოს გუნდში კიდევ ერთი ლაშაა. ოქროს ბიჭი. წლევანდელ ოლიმპიადამდე არხილოსკალო გაგონილი გქონდათ? მე არა. სამაგიეროდ ახლა ვიცი. აბა როგორ შეიძლება გმირი კაცის, ლაშა ბექაურის ფუძის სახელი არ ვიცოდე?! ვიცი და მიყვარს. მაგარი ბიჭის კუთხე. ლაშა თავის სოფლის საუკეთესო ელჩია მთელ მსოფლიოში. მინდა საქართველოს ყველა კუთხეს ყავდეს ლაშასნაირი ელჩები. ტატამის ელჩები, ადამიანები რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ბოლოს ბედნიერებმა შეხედონ ყველაზე მაღლა აღმართულ ქართულ დროშას. ამ ელჩების მისია ესაა. ეს გამარჯვებული ელჩები, ჩვენი გაერთიანების საწინდარიცაა. ბატონო ელჩო, მადლობა!

კიდევ ერთი ლაშაა ჩემ ძიუდოს გუნდში. 29 წლის ასაკში რომ ლეგენდად იქცევი დიდი ამბავია. სამი ოლიმპიადა და სამი მედალი. ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ძიუდოს ისტორიის ისეთი განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც დედა-ენაში აი-ია. ლეგენდავ, მადლობა!

ჩემ გუნდში ლუხუმიცაა - ტატამზე რომ გამოდის, სახეზე აწერია რომ უკანდამხევი არაა. ყველა ნაკვთში ჩანს რომ უნდა მოიგოს, დამარცხება არც განიხილება. ძიუდო ალბათ იმიტომ გვიყვარს ასე ძალიან რომ შეიძლება უშალოდ ერთი შეხვედრა წააგო, მაგრამ იბრძვი და ბრძოლაში წაგება, ღირსეულ მეტოქესთან, დასაძრახი სად ყოფილა ჩვენთან რომ იყოს?! ასეთია ჩემი ლუხუმი, გამარჯვებული კაცი. გამარჯვებულო კაცო, მადლობა!

ტატო, ჩემი გუნდის კიდევ ერთი კაცი. ახალგაზრდა და უკვე თავდაჯერებული. ლაშა გუჯეჯიანმა თქვა ეს ბიჭი, აუცილებლად გახდება ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშა რომ ტალანტს არ ხედავდეს ამას არ იტყოდა, ჰოდა ვიცი, რომ გახდება. ნიჭი აკლია? მონდომება? ტექნიკა თუ რა? აბა რა შეუშლის ხელს? მომავალო ჩემპიონო, მადლობა!

ჩემი გუნდის კაპიტანი, ჩვენი ლიპო. კარიერას ვასრულებო უთქვამს. ლიპო, შენ აუცილებლად უნდა დარჩე. იმ ბიჭებისთვის, ვინც ვიცი რომ საოცრად გიყვარს. შენი კაპიტნობა, გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, ჰოდა ნუ წაგვართმევ ამ ნაბიჯს რა. დარჩი ლიპო, შენ კიდევ ბევრჯერ შეგიძლია ჩვენი გახარება, კიდევ ბევრჯერ შეგიძლია ჰიმნზე ამაყად დგომა, ჰოდა აბა რა დროს წასვლაა?! კაპიტანო დარჩი. კაპიტანო, მადლობა!

ჩემ გუნდს ერთი მაგარი ვაჟა ყავს. ვერცხლის მფლობელი ოქროს კაცი. სასწაული მებრძოლი და გულიანი. მიდის და ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე იგებს რაც მოსაგებია. ვაჟა კიდევ ბევრჯერ მოიგებს და ოქროს მფლობელი ოქროს კაციც გახდება. ვაჟავ, მადლობა!

ჩვენი თუში, ჩვენი დიდი ბიჭი. ძალიან დიდი ბიჭი. უჰ, როგორ უხდება ტატამს. აი, რომ ასრულებს ბრძოლას, გული გწყდება რომ მორჩა. გინდა სულ იდგეს და თავის ამოუწურავი არსენალის იარაღებით უშურველად ისროლოს ილეთები. ღირსეუულო კაცო, მადლობა ცრემლისთვის რომელიც კვარცხლბეკზე დგომის დროს წამოგივიდა. წარმომიდგენია რას განიცდიდი როცა ერთ ნაბიჯზე იყო ოქრო, მაგრამ ვერ შეწვდი. ურთულესი იქნება, თუმცა შენ ხომ გურამ თუშიშვილი ხარ, მსოფლიო ჩემპიონი კაცი, ჰოდა მომავალი ოლიმპიადა აქ არაა? შენი ოლიმპიადა უნდა იყოს და იქნება კიდეც. გპირდები, ისე ვიმღერებ ჰიმნს რომ გაგაგონებ, თქვენი გადამკიდე ჰიმნის სიმღერა ისე მაგრად ვისწავლე, ბევრ მნახველ ოპერის მომღერალს შეშურდება. თუში, მადლობა!

ჩემ გუნდში კიდევ ერთი ლიპოა, ეთერ-ქალი, რომელსაც ცოტა რომ გამართლებოდა პირველივე ოლიმპიადიდან მედალს ჩამოიტანდა, მაგრამ არაუშავს. მთავარია რომ გამოცდილება მიღებულია და გამოცდილების ოქროს მედლად გადადნობა დროის ამბავია, ეთერიც და ტატიანაც, ჩვენი გუნდის მშვენებები, აუცილებლად კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ. გოგოებო, მადლობა!

ჩემ გუნდს ერთი დიდი იმედი ყავს - ზურაბ კახაბრიშვილი და მისი საოცარი გოგო-ბიჭები. ზურა ექიმი, მარტო ჩემი გუნდის კი არა, ყველა მონაწილის ექიმიცაა. არ ვიცი, სპეციალურად დგას ხოლმე ტატამთან, თუ საიდან ახერხებს რომ როცა ვინმეს უჭირს პირველი გაჩნდეს მასთან და მიხედოს, არასოდეს არავის გასჩენია მცირე ეჭვიც კი, რომ ზურა ექიმი ვერ უშველიდა. ძალიან მაგარი განცდაა როცა იცი, რომ ასეთი ადამიანია შენს გვერდით. ზურა ექიმის სასწაულის შედეგიცაა, რომ დღეს ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. მხრის ისეთი ტრავმით, რაც ლაშას ცოტა ხნის წინ ჰქონდა, ხალხი კარიერას ასრულებს, ზურა ექიმმა კი შეუძლებელი შეძლო, დაგვპირდა რომ ლაშა ოლიმპიადაზე გამოვიდოდა, ჰოდა სად ყოფილა ზურა ექიმს ეთქვა და არ შეესრულებინა?! პირობისკაცო, ზურა ექიმო, მადლობა!

ჩემს გუნდში კიდევ ბევრი ადამიანია, სამწუხაროდ ზოგის სახელიც კი არ ვიცი, მაგრამ ეს ხალხი იმ დიდ და იდეალურ მექანიზმში, რასაც ძიუდოს გუნდი ქვია, შეუცვლელი ჭანჭიკის როლს ასრულებენ. ჩემო უსახელო გმირებო, მადლობა!

ასეთია ჩემი ძიუდოს გუნდი - უპრეტენზიო და გულიანი. ამაყი გოგოების და ბიჭების გუნდი. მადლობა რომ ხართ და ოლიმპიადის შვიდი დღე ასე გაგვილამაზეთ. მადლობა ყველა ემოციისთვის და ერთი თხოვნა მაქვს - თავი არ დაწიოთ, თქვენ გამარჯვებულები ხართ და იამაყეთ.

ჩემ ძიუდოს გუნდს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ჰქვია!!!

მადლობა!!!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს