იპოვე სილამაზე! - კვირის პალიტრა

იპოვე სილამაზე!

არ არსებობსიაპონელი,რომლისთვისაც იაპონური ალუბლის, საკურას ყვავილობა

დღესასწაული არ იყოს

XXI საუკუნემ ადამიანის ფსიქოლოგია იმგვარად გარდაქმნა, რომ აღარაფერი გვიკვირს. მეცნიერების მიღწევები დედამიწას თვალსა და ხელშუა "აპატარავებს", მიზნები საერთო ხდება, ინტერესები - ახლობლური. ნანოტექნოლოგიები მარადიულ სიცოცხლესაც გვპირდებიან. ამ მხრივ უპირველესი იაპონიაა, სადაც რობოტებს უკვე რესტორნებში ხელზე თეთრტილოგადაფენილთ სირბილი ან შინ დატოვებული ბავშვების საფენების გამოცვლაც კი შეუძლიათ...

ამასობაში, XXI საუკუნის ასეთ ყოველდღიურობაში, საკვირველება სულ სხვა რამ გახდა - იგივე იაპონია, ქვეყანა, რომელსაც "მზის სამშობლოდ" მოიხსენიებენ და ხელთ განუხორციელებლის განხორციელების ბერკეტები უპყრია, პირველი ინტერესის საგნად და მომავლის შესანარჩუნებლად სილამაზის განვითარებას მიიჩნევს, ამისთვის კი განუხრელად მიემართება "წინ... წარსულისკენ". თუ დავაზუსტებთ, იქით, სადაც პირველყოფილი ადამიანი იჯდა და ბუნებას შეხაროდა. სილამაზის ძიებით ეს ქვეყანა იმდენად არის შეპყრობილი, რომ იაპონია-საქართველოს ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტი კარლო ქველაძე, კაცი, რომელიც იაპონიას უკვე 40 წელიწადია იცნობს და სტუმრობს, ამის გამო გაკვირვებას ვერასოდეს ფარავს.

ნახევარი სიცოცხლე მოგზაურობაში გავატარე და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე იაპონიისთანა ხიბლი არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია, არც მსგავსი ცხოვრების წესი, - ამ ქვეყნის 128 მილიონი მოსახლეობა, რომელმაც ლამისაა ცხოვრების ტექნიკური მხარე მთლიანად რობოტებს მოაწყობინოს, მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მათი ეროვნული უპირატესობა არა ტექნიკის საოცრებები, არამედ სილამაზით ტკბობის ნიჭია. მშვენიერება მათთვის უპირველესია - ეროვნული პასპორტის ყდაზეც კი ყვავილია გამოსახული... მათთან ვერსად იპოვი ეზოს, სადაც არ იქნება შადრევანი და ყვავილები, ხოლო მრავალსართულიანი კორპუსების სახურავზე - ბაღები. XXI საუკუნეში, როცა ირგვლივ კაცის კვლა და სისასტიკე მეფობს,  მეცნიერება სამყაროს შექმნის საიდუმლოს გაშიფვრაზე დებს თავს და თვით იაპონელების შექმნილი რობოტები სიმფონიურ ორკესტრებსაც კი ხელმძღვანელობენ, იაპონელი ხალხი დამჭკნარი ყვავილისა და ხიდან მოწყვეტილი ფოთლის თემაზე ლიტერატურულ შედევრებს ქმნის. დამჭკნარი ყვავილი ამ ხალხისთვის მშვენიერებასთან დამშვიდობებაა; წვიმა, რომელიც სხვას უბრალოდ ასველებს, იაპონელისთვის ცის სიმღერაა, რომელსაც უსათუოდ უნდა უსმინო. სხვისთვის ჩვეულებრივად ხეს მოწყვეტილი ფოთოლი იაპონელისთვის პოეზიაა - შრიალით, ფარფატით, ფერადოვნებით. როცა ფოთოლი ხეს სწყდება, არ არსებობს იაპონელი, რომელიც არ გაჩერდება და არ დაელოდება, როდის დაესვენება იგი მიწაზე. ასევე, არ არსებობს იაპონელი, რომლისთვისაც იაპონური ალუბლის, საკურას ყვავილობა დღესასწაული არ იყოს... ერთხელ ერთმა ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა  საქმიანი წერილი გამომიგზავნა. როცა გავხსენი, ყოველგვარი შესავლის გარეშე ასე იწყებოდა, - იცი, საკურას აყვავებას ორი დღე დააგვიანდაო. ცალკე თემაა თაიგულის შეკვრის იაპონური ხელოვნება - იკებანა. დღეს იაპონიაში 3000 იკებანას სკოლაა, სადაც 15 მილიონი ახალგაზრდა სწავლობს.

ბონსაი - ბუნებასთან ერთიანობის სიმბოლო

იაპონელებმა ჯერ კიდევ XII საუკუნეში შექმნეს "ლანგრის ხე", ანუ ბონსაი. ეს დაახლოებით 30 სმ სიმაღლის ქმნილება ბუნებისა და ადამიანის ხელით შექმნილი სასწაულის ერთობლიობაა - ხე, რომელიც ლანგარზე იზრდება, წვეთი წყალივით ჰგავს უღრან ტყეში მდგარ თავის თანამოძმეს... ბონსაი ბუნებასთან ადამიანის მარადიული ერთიანობის სიმბოლოა, დიდი საიდუმლოებების თაიგულია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცნო. ამიტომაც ისჯება კანონით იაპონიიდან ბონსაის გატანა... მათ მიაჩნიათ, რომ თუ ბონსაის ვინმე წაიღებს, ეს საიდუმლოც წაჰყვება.  ერთი იაპონელი ჟურნალისტი მყავდა სტუმრად, ფუნიკულორზე ავიყვანე. სამშობლოში ჩასვლისთანავე დამირეკა. ვიფიქრე, - მადლობის სათქმელად რეკავს-მეთქი. მან კი, - მთაწმინდაზე, ფუნიკულორის ასასვლელში ხე რომ ყვაოდა, არ შეგიძლია მითხრა, რა ხე იყოო? არადა ჩვეულებრივი ნუში იყო.

ღამე ციცინათელებთან

იაპონიაში ოფიციალურად არსებობს "ციცინათელების მოვლისა და შენახვის საზოგადოება". ხალხი დილით ორთქლმავლით მთაში ადის,  მთელი ღამე ციცინათელების ცქერით ტკბება და მეორე დილით კი შინ ბრუნდება. ეს დღე მათთვის სიხარულისა და სამყაროსთან შერწყმის დღეა ისევე, როგორც იაპონურ "ქვის ბაღებში" ჯდომა, - სამყაროს ეს "ფილოსოფიური მაკეტი" ერთი შეხედვით თეთრი ქვების უცნაური კუნძულებია, სადაც ქვები თითქოს უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სინამდვილეში  კი იაპონელები "ქვის ბაღებიდან" სამყაროს სწავლობენ, - აქ მხოლოდ 14 ქვას ხედავ, მეთხუთმეტე კი მიწაშია ჩაფლული, როგორც სამყაროს საიდუმლო, რომელსაც, ამ მაღალგანვითარებული ხალხის აზრით, ადამიანი ვერასოდეს ამოხსნის. ამ ბაღებში ყოფნა გახსენებს, რომ სამყარო უსასრულოა და სისულელეა, მოინდომო ამ უსასრულობის წვდომა, რადგანაც მაინც ვერასოდეს ჩასწვდები.

როცა ყვავილი მტევნად იქცევა

ეს ხალხი ვენახსაც ისე უვლის, როგორც უზარმაზარ საგანძურს. ყურძნის მტევნები იმ სიმაღლეზეა, რომ კაცი ხელით შესწვდეს. მტევანს ყვავილობიდან არ შორდებიან ისე, როგორც დედა მუცლადმყოფ შვილს. როცა ფოთოლი შესაწამლი ხდება, თითოეულ მტევანს გარედან ისეთ პარკს აცმევენ, რომ წამალი არ მოხვდეს, მაგრამ მზის სხივი და ჰაერი შეისრუტოს. როცა ყვავილი მტევნად იქცევა, ძველ პარკს მოხსნიან და ახალს აცმევენ. რთვლის დაწყებისას მწიფე მტევანს პარკებს ხსნიან, თითოეულს ხელში იღებენ და ყოველ შემჭკნარ მარცვალს (თუკი აქვს) აცლიან. მერე იწურება იაპონური ღვინო - ნაყოფი იმ სიყვარულისა, რომელიც იაპონელებმა ბუნებას და მათ შორის, ვაზს მიუძღვნეს.

...აი, ასე ცხოვრობს ხალხი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ტექნოლოგიებით დედამიწას სახე შეუცვლოს, მაგრამ... არ უცვლის!

P.S. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს იაპონია-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება, რომელსაც იაპონელი ქალი, ჰიროკო კაკო ხელმძღვანელობს, - ჩვენც გვაქვს ისეთი რამ, რაც ამ ქვეყნის აღტაცებას იწვევს. ეს ხელოვნებაა. სწორედ ეს ქალბატონი იბრძვის, რომ ჩვენი ხელოვნების სილამაზით მის სამშობლოში დატკბნენ.