ინტერნეტდამოკიდებულება ტვინს აზიანებს - კვირის პალიტრა

ინტერნეტდამოკიდებულება ტვინს აზიანებს

ინტერნეტის ავკარგიანობაზე ბევრი საუბრობს და არავინ მალავს, რომ ამ სფეროში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მათ შორის უმთავრესია ინტერნეტდამოკიდებულება. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, კომპიუტერი ადამიანის ტვინზე მავნე გავლენას ახდენს და დაავადებებსაც იწვევს.

ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრი ჰენრიეტა ჯონსი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ინტერნეტდამოკიდებულება ე.წ. გეიმერებს, ანუ ქსელში მოთამაშეებს ახასიათებთ. ისინი საათობით არიან მიჯაჭვულნი კომპიუტერს. ფსიქიატრები ამბობენ, რომ მათ ჰყავდათ პაციენტები, რომლებმაც თავი დაანებეს უმღლეს სასწავლებლებს, გაშორდნენ მეუღლეებს, რადგან ისე იყვნენ თამაშში ჩართული, რომ რეალურ გარემოსთან კავშირის უნარი დაკარგეს. კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტდამოკიდებულ პირებს აღენიშნებათ გადაღლა, ყურადღების მოდუნება; ისინი ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. მათი ტვინის სკანირების შედეგად გამოვლინდა ე.წ. თეთრი ნივთიერების დაზიანება, ისეთივე, როგორიც ნარკომანებსა და ლოთებს ახასიათებთ. მოსახლეობის უმრავლესობა ქსელში დიდ დროს ატარებს - ზოგი ინტერნეტით სამსახურს ეძებს, ზოგიც პროფესიულ თუ სოციალურ საკითხებს აგვარებს, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ რომელიმე ჩვენგანი აღმოაჩენს, რომ თავს დაათენდა, თანაც ეს პირველად არ მოხდა.

აქამდე ფსიქოლოგები ინტერნეტდამოკიდებულებაზე დუმილს ამჯობინებდნენ, მაგრამ  დღეს უკვე განგაშს ტეხენ. ინტერნეტზემოქმედება მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ დღეს ვერც კანონმდებლობა და ვერც სახელმწიფო სისტემა პრობლემას ვერ აგვარებს... შეუძლებელია მომხმარებელს დაუწესო ლიმიტი, რამდენი საათი გაატაროს კომპიუტერთან.

მოამზადა მერაბ ჭყონიამ