"2020 წელს მსოფლიო ვირტუალურ რეალობაში ჩაეფლობა" - კვირის პალიტრა

"2020 წელს მსოფლიო ვირტუალურ რეალობაში ჩაეფლობა"

ამერიკის ელონის უნივერსიტეტისა და ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს კვლევა, როგორი იქნება მსოფლიო და ინტერნეტი 2020 წელს. გამოჰკითხეს ასეულობით ექსპერტი, რომლებიც ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პოლიტიკის, ბიზნესისა და ინტერნეტის სფეროებში მუშაობენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8 წლის შემდეგ შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო ქსელი, რომელიც დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემას შეძლებს. თანაც ქსელური მომსახურება ძალიან იაფი იქნება.

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად თავს იჩენს ქსელური უსაფრთხოებისა და თვალთვალის პრობლემა. კონტროლისა და დაკვირვების ტექნოლოგიების მასობრივი გამოყენება მსოფლიოს უფრო ტრანსპარანტულს გახდის და ადამიანის პირადი ცხოვრება აღარავისთვის იქნება საიდუმლო. ამას მოჰყვება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედეგებიც. მაგალითად კრიმინალთან და უკანონობასთან ბრძოლის საქმეში ასეთი სისტემები შეუცვლელია, მაგრამ ყოველი ინდივიდის შესახებ ინფორმაცია იმდენად ამომწურავი იქნება, რომ მათი ტოტალური კონტროლი ძალიან გაადვილდება.

2020 წელს მსოფლიო ვირტუალურ რეალობაში ჩაეფლობა. ეს ბევრი ამოცანის ამოხსნას შეუწყობს ხელს და შრომისუნარიანობასაც გაზრდის, მაგრამ წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს. სერიოზულად დადგება ინტერნეტდამოკიდებულების, ანუ ე.წ. "ინტერნეტნარკომანიის" საკითხი.

სახელმწიფო საზღვრები თანდათან უფრო გამჭვირვალე გახდება. მთავრობების მთავარ კონკურენტებად ორგანიზებული ჯგუფები მოგვევლინება, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან დაამყარებენ ერთმანეთთან კავშირს. ეს ერთგვარი დაუმორჩილებელი და უკმაყოფილო ჯგუფები მსოფლიოს ვირტუალიზაციის წინააღმდეგ იბრძოლებენ და არც ვანდალურ აქტებს მოერიდებიან.

ყველაზე მეტად ინტერნეტის განვითარება აისახება განათლების სფეროზე, სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვასა და პოლიტიკაზე, ყველაზე ნაკლებად კი - რელიგიაზე...

მოამზადა მერაბ ჭყონიამ