გამაოგნებელი ექსპერიმენტები - კვირის პალიტრა

გამაოგნებელი ექსპერიმენტები

ორთავიანი ძაღლის საიდუმლო, ადამიანის ყურამოზრდილი თაგუნა და კატრიჯით "გაცოცხლებული" ღვიძლი(?!)

დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანმა მაშინვე დაიწყო, როგორც კი სამყაროს მოევლინა. ეს ბრძოლა უშედეგო არ ყოფილა, - ის, რაც წინა ეპოქაში განუკურნებლად ითვლებოდა, მომდევნო ეპოქაში საშიშროებას აღარ წარმოადგენდა.

რა მოხდება ჩვენს ეპოქაში, როცა კაცობრიობის მიერ შექმნილი ტექნოლოგიები უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამის თქმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია. თუმცა შეგვიძლია მოგითხროთ რამდენიმე ფანტასტიკურ სამედიცინო ექსპერიმენტზე, რომელზეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ასოცირებულ პროფესორს, ეკატერინე ხერხეულიძეს ვესაუბრეთ.

- იმას, რაც ოცდამეერთე საუკუნის მედიცინამ ადამიანებს შესთავაზა, ალბათ კაცობრიობა მართლაც ვერ მოიფიქრებდა. ამის მაგალითად ღეროვანი უჯრედებიც კმარა, რომლებსაც შეუძლიათ გადაიქცნენ ყველა ტიპის უჯრედად, რომლისგანაც ადამიანის სხეული შედგება. ანუ მათ თითქმის ყველა ორგანოს აღდგენა შეუძლიათ. ყველა ამ ექსპერიმენტში, რომელმაც მედიცინა აქამდე მოიყვანა, მისი შეუცვლელი დამხმარე (პათოლოგიური შემთხვევების გარდა) იყო ცხოველი, რომელზეც ცდები ტარდება. ამ ცდებს ისინი ატარებენ, ვინც არაადამიანური შემართებით მიილტვის მიზნისკენ, გადაარჩინოს ადამიანი. მაგალითად, ამერიკელი ექიმი ანატოლი ატალა ლაბორატორიაში ზრდის  ჩვეულებრივ ცოცხალ ორგანოებს. ცდები ღვიძლით დაიწყო: ატალა ამ ღვიძლიდან რეცხავს ყველა უჯრედს, რომლისგანაც  იგი შედგება. რჩება მხოლოდ ღვიძლის კარკასი - კოლაგენის მატრიქსი. მერე მატრიქსს პრინტერში ქაღალდის ფურცელივით დებს, კატრიჯში კი ათავსებს ჯანმრთელ უჯრედებს, რომლებიც მატრიქსის პრინტერში გატარებისას მასზე იბეჭდება, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ პრინტერზე ვბეჭდავთ ტექსტს.

ასე იქმნება ახალი ღვიძლის ფრაგმენტი, რომელსაც შემდგომ ატალა  სრულფასოვნებამდე ზრდის და სხვა ცხოველებს უნერგავს. ისინი გარკვეულ ხანს ცოცხლობენ. ასე რომ, აქ სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა, - ამავე მეთოდით რატომ არ შეიძლება მომავალში ადამიანს დავეხმაროთ? რაღა თქმა უნდა, შეიძლება, თუკი ეს ექსპერიმენტი გაამართლებს. ყოველი ასეთი ექსპერიმენტი საბოლოოდ ხომ ამისთვის ტარდება. სწორედ ამავე მიზნით უჯრედებს ორგანოებიდან უკვე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტშიც ვრეცხავთ. თუ შევძელით ამ ექსპერიმენტის ადამიანის ორგანოებზე გადატანა, მედიცინის ერთ პატარა მწვერვალზე ავალთ - ორგანოების გადანერგვის ძვირად ღირებულ და არცთუ ისე ჰუმანურ პროცესს ეს ახალი მეთოდი ჩაენაცვლება.

- როცა ჰუმანურობაზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ, რომ ცხოველთა დამცველები ექსპერიმენტებისთვის ცხოველთა გამოყენებას ებრძვიან.

-  მე, როგორც ექიმი, ცხოველს იმიტომ კი არ ვაავადებ, რომ ეს მიხარია. ამას ვაკეთებ უამრავი ადამიანის გადასარჩენად. საუკეთესო საექსპერიმენტო წყარო არიან პრიმატები, რომლებიც აგებულებით ძალიან ჰგვანან ადამიანს. მაგრამ ერთი მაიმუნი 30.000 დოლარამდე ჯდება და თუ ექიმი არ არის დარწმუნებული, რომ მისი ექსპერიმენტი პრიმატზე გაამართლებს, თავს უფლებას ვერ მისცემს, ექსპერიმენტში გამოიყენოს. ამ მხრივ საუკეთესოა მღრღნელების გამოყენება. შეგვიძლია დავასახელოთ ზოგიერთი ექსპერიმენტი თაგვებზე, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა. მათგან ერთ-ერთი ჯეიმს ვაკანტის ექსპერიმენტია, - მან გაკვეთა თაგვის ზურგი, ზედ მოათავსა ადამიანის ყურის ხრტილოვანი უჯრედები, რომლებიც თაგვის სისხლძარღვოვან სისტემას ჩაეზარდა და ყურიც ნელ-ნელა "ამოვიდა".

- ახლა უნებურად გავიფიქრე, ნეტავი ორგანიზმზე თავის მიზრდა თუ შეიძლება-მეთქი?

- ეს ძალიან რთული პროცესია. კიდევ ერთი საოცრება: რუსმა მეცნიერმა ვლადიმირ დემიხოვმა ძაღლის კისერზე ერთი თავის გვერდით მეორე მიაბა. დემიხოვი  ისევე შერისხული ჰყავდა საბჭოთა მთავრობას, როგორც სხვა "საშიშად ნიჭიერები". სადღაც ჯურღმულებში უსახსროდ ატარებდა თავის ექსპერიმენტებს და გიჟს ეძახდნენ. ერთხელ, შეურაცხყოფილმა, პირდაპირ სამეცნიერო კონფერენციის მიმდინარეობისას იატაკზე მათლაფა დადგა, ზედ რძე დაასხა, ჩანთიდან თავისი ორთავიანი ძაღლი ამოიყვანა და მანაც ორივე თავით დაიწყო რძის სვლეპა. აუდიტორია შოკში ჩავარდა.  დემიხოვმა საბჭოთა სახელმწიფოს ჯინაზე ექსპერიმენტის საიდუმლო სამარეში წაიღო...

და ბოლო წლების მედიცინის სიახლეც: მსოფლიოში უკვე აღრიცხულია "ქირურგი რობოტის" გაკეთებული ათასობით ოპერაცია. ისინი ოპერაციებს ატარებენ მაქსიმალური სიზუსტით. ამ დროს თითქმის ნულოვანია ინფექციის განვითარების რისკი. საოპერაციო ინსტრუმენტები კი რობოტის "ხელებზე" მაგრდება და შვიდი მიმართულებით მოძრაობს. ასეთი ოპერაციის დროს მუშაობს ვიდეოკამერა, რომელიც წამის მეათასედებში აფიქსირებს, რა ხდება ამ დროს პაციენტის ორგანიზმში.

მომავალში განვითარდება ტელემედიცინა და რობოტებს საოპერაციო ბლოკებში ათასობით კილომეტრებიდანაც კი მართავენ.

თუმცა ასეა თუ ისე, ამ ყველაფრის მმართველი მაინც ადამიანი იქნება. ვერაფერი შეცვლის მის კეთილ ნებას - დაეხმაროს მეორე ადამიანს. ეს ნება ჩვენ ღვთისგან გვაქვს მონიჭებული და თავისთავად, ვერც ადამიანზე მეტი უნარი და ძალა ექნება ადამიანისავე შექმნილ ტექნიკას.

"ისეთი მშვენიერია, რაც შევიცანი, უკვე ვიცი, რომ გაცილებით მშვენიერი შეიძლება იყოს ის, რაც ჯერ კიდევ შეუცნობელია" სოკრატე