"ცნობისმოყვარეობა" მარსზე დაეშვა
27-08-2012
"ცნობისმოყვარეობა" მარსზე დაეშვა
6 აგვისტოს მარსის ზედაპირზე, ე.წ. გეილის კრატერის რაიონში 8-თვიანი მოგზაურობის შემდეგ ამერიკის კოსმოსური სააგენტო ნასას მარსმავალი Curiosity  ("ცნობისმოყვარეობა") დაეშვა - 2011 წელს გაშვებული ახალი ამერიკული მარსმავლის კოსმოსური ეპოპეა 2012 წელს წარმატებით დასრულდა.

მარსის ორბიტიდან უსაფრთხო დაშვებისთვის მარსმავლიანი აეროდინამიკური კაფსულის სიჩქარის შემცირება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ჯერ კაფსულა რაკეტის მოდულს მოსცილდა და მარსის ატმოსფეროში 125 კმ სიმაღლეზე შემოსვლამდე ბალასტისგან გათავისუფლდა. მარსის ატმოსფერო დედამიწასთან შედარებით 100-ჯერ გაიშვიათებულია, თუმცა კაფსულის სიჩქარის მკვეთრად შემცირების მიუხედავად,
მისი ზედაპირი 2100 გრადუსამდე (ცელსიუსით)  გაცხელდა: ამ ეტაპზე კაფსულა თბოდამცავმა გარსმა დაიცვა. 11 კმ სიმაღლეზე გაიხსნა 16 მ დიამეტრის პარაშუტი, რომელმაც დაშვების სისწრაფე კიდევ 4-ჯერ შეამცირა. 8 კმ სიმაღლეზე კი კაფსულას ჯერ თბოდამცავი გარსი მოსცილდა, ხოლო 1,6 კმ სიმაღლეზე - პარაშუტიც. სწორედ ამ მომენტში ჩაირთო
უნიკალური რეაქტიული სამუხრუჭე  ძრავები. ეს ძრავები შედის კოსმონავტიკის ისტორიაში პირველად გამოყენებული ე.წ. ციური ამწის კონსტრუქციაში, რომელიც მის ქვეშ მოთავსებულ მარსმავალთან ნეილონის გვარლებით იყო დაკავშირებული. ციური ამწე 8 მ სიმაღლეზე "დაეკიდა" და მარსმავალი გვარლებით პლანეტის ზედაპირზე ფრთხილად დაეშვა! 

პროექტი 2004 წელს დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2,5 მლრდ დოლარს მიაღწია. მარსის გამოკვლევის ისტორიაში "ცნობისმოყვარეობა" უდიდესი რობოტი-აპარატია. იგი მომცრო ავტომობილისხელაა, ხოლო წონა 899 კგ-ია. Curiosity-ზე 75 კგ საერთო მასის სამეცნიერო ინსტრუმენტებია განლაგებული, რაც შესაძლებლობას მისცემს აპარატს წლების განმავლობაში დეტალურად შეისწავლოს მარსის ატმოსფერო და კლიმატი, ჩაატაროს გეოლოგიური და გეოქიმიური კვლევები, ეძებოს ორგანული ნივთიერებები, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა პლანეტაზე წყლის კვალის აღმოჩენა და პასუხის გაცემაა კითხვაზე, - არსებობდა თუ არა ოდესმე მარსზე სიცოცხლის ფორმები. გამოკვლევების პირველი ორი წელი სწორედ ამას მიეძღვნება.

მარსის ბოლო "სტუმარმა" დაშვებისთანავე დაიწყო მუშაობა და ქიმიური ანალიზის ჩასატარებლად ლაზერ "ჩემკამის", უფრო ზუსტად კი "ქიმიური კამერის" (ChemCam  - Chemistry & Camera ) სხივით ქვა დაადნო. ეს აპარატი მინერალების შესწავლისთვის არის განკუთვნილი.

საქმე ის არის, რომ ჯერჯერობით მარსმავალი უძრავად დგას, რადგან ნასას სპეციალისტები აპარატის სავალ ნაწილს დეტალურად ამოწმებენ და ამიტომ მარსმავალს გადაადგილების ბრძანება ჯერ არ მიუღია. ამიტომ ლაზერული აპარატით  იქვე, Curiosity-ისგან 2,5 მ მანძილზე, ზედაპირზე მდებარე მუშტისხელა ბრტყელი ქვა, ე.წ. #165 შეარჩიეს, რომელსაც "კორონაცია" უწოდეს. ანალიზის ჩასატარებლად ლაზერმა 10 წამის განმავლობაში "კორონაციას" 30 იმპულსური ინფრაწითელი სხივი სტყორცნა. თითოეული იმპულსის ხანგრძლივობა წამის 5 მემილიარდედია, სიმძლავრე კი მილიონ ვატს აღემატება! შედეგად, ქვა დადნა, ნაწილი აორთქლდა და შესაძლებელი გახდა სპექტრული ანალიზით მისი შემადგენლობის ქიმიური შესწავლა. "ჩვენ "კორონაციის" შესწავლისას ფერების ფართო პალიტრა მივიღეთ", - განაცხადა ლაზერ ChemCam-ის ერთ-ერთმა მთავარმა ექსპერტმა, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომელმა როჯერ ვინსმა. "ჩვენი სპეციალისტები ძლიერ აღელვებული არიან, მაგრამ მუხლჩაუხრელად მუშაობენ.  ChemCam-ის ტესტირებამ ცხადყო, რომ აპარატი მზადაა გაცილებით სერიოზული სამუშაოს ჩასატარებლად", - დასძინა მან.

რაც შეეხება, მარსმავლის მექანიკურ ნაწილს, ანუ ე.წ. 6-თვლიან მოდულს, მისი ტესტირება 6 აგვისტოს შემდეგ განუწყვეტლივ მიმდინარეობს. თავის პირველ "ნაბიჯებს" კი "ცნობისმოყვარეობა" მხოლოდ მას შემდეგ გადადგამს, რაც ძრავების შემოწმებაც დასრულდება.

მარსმავალ Curiosity -ს მექანიკური ნაწილის საბორტო აპარატურისა და ასევე სამეცნიერო ხელსაწყოების შემოწმებას ერთი თვე დასჭირდება - ლაზერი ChemCam-ი მხოლოდ ერთ-ერთია მასზე განლაგებული 10 ხელსაწყოდან. გეგმის თანახმად,  მარსმავლის სისტემებისა და ხელსაწყოების შემოწმების დასრულების შემდეგ, ის პირველი სამიზნისკენ - 500 მეტრით დაშორებული ერთგვარი "გზაჯვარედინისკენ" გაემართება, რომელშიც თავს იყრის მარსის ზედაპირის 3 ტიპის რელიეფი, და იქამდე მიღწევას 1,5 თვეს მოანდომებს.

მისიის ხელმძღვანელის, "რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის" უფროსის, აშვინ ვასავადას განცხადებით, სამეცნიერო ხელსაწყოების ტესტირება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ყველა სისტემა საშტატო განრიგით მუშაობს, თუმცა, დაზიანებულია ე.წ. "ქარის ამღები", 2 სენსორისგან ერთ-ერთი, რომელიც დაშვებისას დაზიანდა, მას ჰაერში ავარდნილი გრუნტის მომცრო ნატეხები მოხვდა, მაგრამ აპარატი ერთი ცალითაც შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას. სხვათა შორის, ამინდის ხელსაწყომ უკვე დაადგინა, რომ დაშვებისას ადგილზე ცელსიუსით პლუს 3 გრადუსი იყო.

მარსმავლებს მართავს ნასას "რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია" (JPL), რომელიც მარსმავალ Sojourner-ით ახორციელებდა ე. წ.  Mars Pathfinder-ის პროექტს 1997 წლის 4 ივლისიდან 27 სექტემბრამდე.  Spirit-ით და Opportunity-ით კი 2004 წლის იანვრიდან - ე.წ. Mars Exploration Rover-ის პროექტს: Spirit-ის მისია 2010 წლის 22 მარტს კავშირის გაწყვეტის გამო დასრულდა, ხოლო Opportunity-ს დღესაც გრძელდება. 2012 წლის 6 აგვისტოდან კი მარსმავალ Curiosity-ს საშუალებით ახორციელებს  Mars Science Laboratory-ის პროექტსაც.


სკანდალი NASA-ში

"ცნობისმოყვარეობის" გაშვებას მცირე სკანდალი მოჰყვა, - თურმე მარსმავალი კოსმოსში პლანეტური უსაფრთხოების ოქმის დარღვევით გაუშვეს და თეორიულად არის საშიშროება, რომ იგი წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს. ოქმის მიხედვით, ყველა კოსმოსური საკვლევი აპარატი საგულდაგულოდ უნდა იყოს სტერილიზებული, რათა არ დაუშვან დედამიწისეული ორგანიზმების შეტანა უცხო პლანეტებზე. Curiosity-ს მენეჯერებმა საბურღი ხელსაწყოს ბურღის თავების სტერილიზაცია საბოლოო ტესტირების შემდეგ საჭიროდ არ ჩათვალეს, რაც პლანეტური უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, კესი კონლეის დაგვიანებით აცნობეს.
"პლანეტური უსაფრთხოების ოქმის მცირე დარღვევა ნერვიულობად არ ღირს, თუმცა ყოველივე ეს თეორიულად, სულ მცირე, ორ არასასურველ მოვლენას გამოიწვევს: შეიძლება მარსმავალმა პლანეტაზე სიცოცხლის ძიებისას დადებითი შედეგი აჩვენოს, სინამდვილეში კი გაურკვეველი დარჩება, რომელი პლანეტის სიცოცხლე დააფიქსირეს ხელსაწყოებმა - მარსისეული თუ შეტანილი, დედამიწისეული. გარდა ამისა, ჩვენმა მიკრობებმა შეიძლება მარსის ეკოსისტემა დააბინძურონ, რაც მის დამოუკიდებელ ევოლუციურ განვითარებას დაარღვევს, უარეს შემთხვევაში კი, გაანადგურებს", - აცხადებს კონლეი.

რამაზ გურგენიძე
berda niniDze
07 ივლისი 2013 20:27
ირაკლი, ეგ კარგი შურია, თეთრი, და მიაღწევ საწადელს, მაგრამ ეგ სიტუაცია თავაD უნდა მოვიპოვოთ! ქართველებმა!
irakli
29 აგვისტო 2012 09:29
აუ ხალხი რეებს აკეტებს.ამას რო ვკიტხულობ თავი დებილი მგონია.ამათთან შEდარებით.ვარ კიდეც. მარა ხალხი ყოფელდღიურ ყოფით სისულელეებს რომ გაცდა და ამხელა მაგარი რამის კეტება შეუძლიათ ეს მშურს ყველაზე მეტად

რედაქტორის რჩევით