ბრძენი სამყარო - მოაზროვნე რობოტები მოდიან! - კვირის პალიტრა

ბრძენი სამყარო - მოაზროვნე რობოტები მოდიან!

ტექნიკური პროგრესი განუხრელად წინ მიდის და ალბათ არაფერია გასაოცარი იმაში, რომ ის, რაც ადრე ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმებში გვინახავს - ლაზერული სხივები, ბიონიკური პროთეზები და კოსმოსური შახტები, სულ მალე შეიძლება მოსაბეზრებელ ყოველდღიურობად იქცეს.

მოაზროვნე რობოტები მოდიან!

რა მოხდება თუ ხვალ ათი ჩვენგანიდან შვიდს სამსახურიდან დაითხოვენ? ალბათ, არნახული ეკონომიკური კრიზისი. ზეგ? იგივე. 10 წლის შემდეგ? ალბათ მაინც იგივე. 50 წლის შემდეგ კი, თუკი მეცნიერებს დავუჯერებთ, ამას არავინ გაიოცებს, რადგან ცოცხალი მუშახელის ინტელექტუალი რობოტებით ჩანაცვლების პრაქტიკა ამ დროისათვის უკვე კარგა ხნის დამკვიდრებული იქნება. მოაზროვნე რობოტები ჩვენთვის განკუთვნილ სამუშაოებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, ბევრად უფრო ეფექტურად შეასრულებენ, თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამ დროისათვის უმუშევრად დარჩებიან. პირიქით. მეცნიერების აზრით, ავტომატიკის განვითარება ადამიანებისთვის ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას გამოიწვევს, სწორედ ისე, როგორც მანამდე ქარხნებისა და ფაბრიკების გამოჩენამ წარმოშვა ისეთი სამსახურები, როგორიცაა დიზაინერი, პროგრამისტი, კვების ქიმიკოსი და ა.შ. თუმცა, თავის დამშვიდება ნაადრევია: არავინ იცის, რა მოხდება თუნდაც 200 წელიწადში და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მოაზროვნე რობოტების ევოლუციამ.

ტვინ-კომპიუტერი: მანქანა, რომელიც აზრებს კითხულობს

გერმანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ულტრათანამედროვე კომპიუტერი, რომელიც ადამიანის ფიქრზე რეაგირებს. მაგალითად, ამ კომპიუტერის მფლობელს შეეძლება ხელის გაუნძრევლად ითამაშოს კომპიუტერული თამაშები. საამისოდ საჭიროა მხოლოდ გაიფიქროს, თუ რა მოძრაობა სურს შეასრულოს მისმა პერსონაჟმა, კომპიუტერის ინტერფეისი კი მის აზრებს მანქანას ელექტრონული იმპულსების სახით მიაწვდის. განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულებისთვის კი მოთამაშეს მოუწევს, "ძალ-ღონე დაძაბოს" და თვალი ჩაუპაჭუნოს ეკრანზე გამოსახულ იმ ისარს, რომელსაც ამ კონკრეტული დავალების შესრულება აკისრია. როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ტვინ-კომპიუტერის განვითარების შემდგომი ეტაპი რობოტებისა და სხვა მექანიკური ინსტრუმენტების გონების საშუალებით მართვა იქნება.

"მონა ლიზა" მთვარეზე

ხელოვნების ასობით ნიმუშიდან NASA-მ მთვარეზე ლაზერული სხივით მოსაქსოვად ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" გამოარჩია. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც, თავად NASA -ს თუ ვერწმუნებით, შესაძლოა, სულ მალე საყოველდღეოდ იქცეს, იდუმალად მოღიმარმა ქალბატონმა მთვარეზე იმოგზაურა. უფრო პროზაულად თუ ვიტყვით, სურათი ლაზერის საშუალებით მთვარის ზედაპირზე გამოსახეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლაზერის მეშვეობით ციური სხეულების კონტაქტი შედგა. დედამიწასა და მის სატელიტს შორის დისტანცია 386 ათასი კმ-ია.

"მიქელანჯელოს ხელი"

ბრიტანელმა ინჟინერმა კრის ტეილორმა, ოთხი წლის წინ, სათხილამურო ინციდენტის დროს, ხელი დაკარგა. ამჟამად მას ელექტრონული პროთეზი აქვს.

ეგრეთ წოდებული "მიქელანჯელოს ხელი" ელექტროდებით არის აღჭურვილი, რომლის მეშვეობით აპარატი კუნთების უმცირეს მოძრაობასაც კი აფიქსირებს და შესაბამისად მოქმედებს. ხუთივე თითი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობს, რაც მის პატრონს ნებისმიერი დავალების შესრულების შესაძლებლობას აძლევს.  კრის ტეილორი პირველი ადამიანია გაერთიანებულ სამეფოში, რომელსაც 47 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პროთეზი აქვს.

კოსმოსური შახტები

კომპანია "დედ სპეისმა" (Dead Space) განცხადება გააკეთა კოსმოსში ბუნებრივი რესურსების მოპოვების გეგმების შესახებ. მისი მიზანია ასტეროიდებში ე.წ. კოსმოსური მაღაროების მოწყობა, შიგ არსებული ენერგიის მოსაპოვებლად. კომპანიის განცხადებით, მათი პირველი მისია 2015 წლისათვის არის დაგეგმილი - კოსმოსში გაუშვებენ მცირე ხომალდს შესაფერისი ასტეროიდის საპოვნელად. უფრო შორეულ მომავალში კი ადამიანებისთვის განკუთვნილი კოსმოსური სადგურების აშენებას გეგმავენ. მათი აზრით, კოსმოსში მოპოვებული ენერგია დედამიწაზე ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და შექმნის ახალი ტიპის "კოსმოსის ეკონომიკას".