საფრთხე უკან დარჩა თუ საფრთხე წინ არის?
25-02-2013
საფრთხე უკან დარჩა თუ საფრთხე წინ არის?
კეპლერი - დედამიწის "დობილი" პლანეტა

ძვირფასო რედაქციავ, ახლახან ჩვენი დედამიწა დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ჯერ იყო და 44 მეტრი სიგრძის 130 000-ტონიანმა ასტეროიდმა, 2012 DA14-მა დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე - (27 000 კმ-ზე) ჩაუქროლა და უსასრულო სივრცეში გაუჩინარდა. ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე კი, 15-25 კილომეტრის სიმაღლეზე ე.წ. მეტეორული ბოლიდი აფეთქდა და ნამსხვრევები მიწაზე ჩამოცვივდა. ნასას გამოთვლით, აფეთქების ძალა ტროტილის ეკვივალენტით 500 კილოტონას უდრიდა, ანუ ამ აფეთქებას შვიდჯერ მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე
ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულ ბომბს. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ტალღებისა და მეტეორული წვიმისაგან 1 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მეცნიერები ჯერაც დაობენ, იყო თუ არა ეს ორი მოვლენა ურთიერთკავშირში. როგორ შეიძლება აირიდოს დედამიწამ გამანადგურებელი დარტყმები, ამის შესახებ იქნებ მეცნიერებმა მოგვითხრონ.

პატივისცემით, ლევან როყვაძე, თბილისი

ზოგჯერ გაგვიელვებს
ფიქრი, - დედამიწის ყოველ გადარჩენაში განგების ხელია ჩარეულიო. ამაზე უნებურად ფილმ "ნერგების" გმირი, ხეჭეჭურის ნერგებისთვის მოსიარულე ბერიკაციც მახსენდება: გადაეკიდებიან უცხოელები, - რას დადიხარ ამ თხუთმეტწლიანი ხეჭეჭურის საშოვნელად, 15 წელიწადში დედამიწა ან იქნება, ან არაო... ის კი გულმოსული პასუხობს, - დედამიწის შექმნა ღმერთს არავისთვის უკითხავს და არც მის განადგურებას ჰკითხავს ვინმესო! 

დედამიწაზე და მის მომავალზე გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ბატონ თამაზ ჭელიძეს ვესაუბრეთ.

- იყო ერთი დიდი ფიზიკოსი, გიორგი გამოვი, რომელიც მზის სისტემაში, იუპიტერსა და მარსს შორის მოთავსებულ სარტყელზე ხშირად ლაპარაკობდა. სწორედ ეს სარტყელი შედგება უსასრულო სივრცეში განფენილი ასტეროიდებისაგან. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ სარტყლის ადგილზე იყო პლანეტა ასტერი, რომელიც მერე ნატეხებად დაიშალა. გამოვი კი ხუმრობდა, - ალბათ ასტერი მისმა უგუნურმა მკვიდრებმა ააფეთქეს და ასტეროიდებად დაშალესო. სწორედ ამ სარტყლიდან ცვივა ასტეროიდები დედამიწაზე.

ასტერის სარტყელში ასტეროიდები კონცენტრაციამდე ვერ მივიდნენ, ისინი "დაფრინავენ", ადგილს სწყდებიან და დედამიწას ემუქრებიან. ამ სარტყლიდან კოსმოსურ სივრცეში ყოველწლიურად 15 000 ტონა ციური სხეული ცვივა.

- და ყველა ჩვენ გვემუქრება?!
- ყველა ჩვენ რომ გვემუქრებოდეს, დედამიწაც აღარ იქნებოდა. საიდანაც ისინი სწყდებიან, იქ ხახუნის ძალა არ არის და ამიტომაც ჩვენს ატმოსფეროს, ისეთივენი  უახლოვდებიან, როგორიც მოწყვეტისას იყვნენ. თუმცა როგორც კი ჩვენს ატმოსფეროში შემოდიან, ეს კატასტროფული სიჩქარით მოძრავი სხეულები ატმოსფეროს ხახუნის ძალას განიცდიან და ატმოსფეროშივე ფეთქდებიან, თანაც ისე, რომ მხოლოდ იმ კვალს ვხედავთ, რომელსაც მოწყვეტილ ვარსკვლავებს ვეძახით.

საინტერესო ფენომენია მეტეორის წვიმა. თუ ზეცას კარგად დავაკვირდებით, ამ წვიმასაც დავინახავთ. ზოგჯერ, რამდენიმე ასეულ წელიწადში ერთხელ (საკვირველია, რომ ამასაც თავისი კანონზომიერება აქვს), დედამიწამდე რომელიმე მეტეორიტი მაინც აღწევს და მძიმე კვალსაც ტოვებს. მაგალითად, ჩვენ, ადამიანები, ასე ვთქვათ, დედამიწის მფლობელებად 65 მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გვაქცია, რომელმაც დინოზავრები გადააშენა, რადგან დედამიწა სქელი მტვრით დაიფარა და მძიმე წონის ცხოველებმა საკმარისი საკვების მოპოვება ვეღარ შეძლეს. ადამიანებმა კი ასეთ პირობებში გადავირჩინეთ თავი და დედამიწასაც დავეპატრონეთ.

მიუხედავად უახლესი ტექნოლოგიებისა, ჯერჯერობით ასტეროიდებზე მხოლოდ დაკვირვება შეგვიძლია. სხვა რაიმე ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროება, მაგალითად, დედამიწისკენ უეჭველი სიზუსტით წამოსული ასტეროიდის აფეთქების გამოცდილება არ გვაქვს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ტექნოლოგიას ვერასოდეს გამოვიყენებთ, მაგრამ ციურ სხეულთა მოძრაობა ადამიანს მუდამ აშინებს. ამ შიშს კი ფანატიკოსები ამძაფრებენ. მაგალითად, 1995 წელს ვინმე ნენსი ლიდერმა განაცხადა, უცხოპლანეტელებმა თავში გადამცემი ჩამინერგეს და მაცნობეს, 2003 წელს დედამიწას პლანეტა ნიბირუ უნდა შეეჯახოს და მოსრასო. ეს რომ 2003 წელს არ მოხდა, ქალბატონმა წინასწარმეტყველება 2012 წლისთვის გადაიტანა და ბევრი შოკში ჩააგდო კიდეც. ამ შოკით მშვენივრად ისარგებლა ჰოლივუდმა და შექმნა ბლოკბასტერი "2012".

- ახლო მომავალში რეალურად რა საშიშროება გვემუქრება ციდან?

- ლინკოლნის ასტეროიდის კვლევის ცენტრის ასტრონომებმა 2002 წლის 9 ივლისს შეამჩნიეს ასტეროიდი, რომელსაც "2002 ნტ 7" დაარქვეს. ცენტრის თანამშრომელთა ვარაუდით, ასტეროიდი დედამიწას 2019 წელს უნდა მოახლოებოდა, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ 2060 წელს მოუახლოვდება.

- მეცნიერება წინ უზარმაზარი ნახტომებით მიიწევს და ბოლო ხანს დედამიწისთანა რჩეული, სიცოცხლის მატარებელი პლანეტები სადმე ხომ არ აღმოჩნდა სამყაროში?

- მარსზე სიცოცხლის არსებობას დღემდე ვარაუდობენ, რადგან სიცოცხლე არის იქ, სადაც წყალია. მარსზე კი არის წყალი, მაგრამ ის ჩვენზე მეტად შორს არის მზისგან, ანუ იქ უფრო ცივა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს წყალი გაყინულია. ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმაც დაადასტურეს, რომ ამ პლანეტაზე წყალი თხევადი ფორმით არ ჩერდება, სწრაფად იყინება. მარსის კიდევ ერთი უბედურება მისი მიზიდულობის ძალის ნაკლებობაა, წყლისა და ჰაერის მოლეკულებს ვერ იჭერს და მარსის ოკეანეებიდან წყალი სწორედ ამის გამო დაიკარგა. თუმცა როცა შეისწავლეს მარსზე დაცემული მეტეორიტისეული ღრმული, იქ თიხა იპოვეს. თიხაში კი ყოველთვის არის წყალი. ანუ თუ მარსის ზედაპირზე სიცოცხლე არ არის, იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე მეტრის სიღრმეში ცოცხალი ორგანიზმები არ ცხოვრობენ.

ახლა რაც შეეხება დედამიწის "დობილებს", ანუ დედამიწის მსგავს პლანეტებს, რომელზეც სიცოცხლე შეიძლება იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, არიან თუ არა ისინი მზესთან ისეთ მანძილზე, როგორც დედამიწაა. ჩვენ ოდნავ ახლოს ან შორს რომ ვიყოთ მზისგან, სიცოცხლე ჩვენთანაც არ იქნებოდა. ბოლო დროს ასეთი 2 300 პლანეტაა აღმოჩენილი, მათ შორისაა კეპლერი. ის კოსმოსურ სურათზეც ძალზე ჰგავს დედამიწას და სიდიდით დედამიწაზე 2,5-ჯერ მეტია. ვარაუდობენ, რომ კეპლერზე წყალია. მაშასადამე, იქ სიცოცხლეა!

ასე რომ, რაც უფრო წინ მიდის კაცობრიობა, მით მეტად აქვს შანსი, სადმე სიცოცხლეს წააწყდეს, მაგრამ ალბათ არა ისე ლამაზს, როგორიც დედამიწაზეა. ამიტომაც მეც გავიმეორებ იმას, რაც მეცნიერებს მრავალჯერ უთქვამთ, - ადამიანებო, მოუფრთხილდით დედამიწას, მისი მსგავსი უსასრულო სამყაროში არაფერია!

"გამოპარული" მეტეორიტი

ჩელიაბინსკის მეტეორიტი ერთ-ერთი ყველაზე დიდია იმ მეტეორიტთაგან, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა შეესწრო, - 17 მეტრი სიგრძის სხეული, თითქმის 10 000 ტონას იწონიდა. უნდა ითქვას, რომ იგი ატმოსფეროში შესვლისთანავე აფეთქდა და ქალაქში მისი ნარჩენებიდან მხოლოდ სანტიმეტრიანი ნამსხვრევები ჩამოცვივდა. ქალაქი სწორედ ამან იხსნა, თორემ ჩელიაბინსკი დღეს არ იქნებოდა. საინტერესო ის არის, რომ ჩელიაბინსკის მეტეორიტი საერთოდ არ იყო დაფიქსირებული ისეთი უმსხვილესი კოსმოსური კვლევის ცენტრის მიერ, როგორიც ნასაა. ის "გამოიპარა". საქმე ის არის, რომ ნასას ტელესკოპების ქსელი გამიზნულია უფრო დიდი, დედამიწისთვის გაცილებით საშიშ ციურ ობიექტებზე დასაკვირვებლად. ასეთი კი ნასას დღეისათვის უკვე 400 აქვს აღრიცხული. მათგან ერთ-ერთმა, თითქმის 50-მეტრიანმა და დაახლოებით 130 000-ტონიანმა ასტეროიდმა 2012 DA14-მა სულ რამდენიმე დღის წინ ახლოს ჩაუქროლა დედამიწას - ის სხვა ციურმა სხეულებმა მიიზიდეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩელიაბინსკის მეტეორიტი და ასტეროიდი 2012 DA14 ერთმანეთთან კავშირში არ არიან - სხვა რომ არაფერი, ჩელიაბინსკის ბოლიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, მისი დიდი ბიძაშვილი კი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. 
ჰარი
25 თებერვალი 2013 13:14
საცოდავი დედამიწა, გარე სამყაროდან ხომ დაუცველია, ადამიანები კიდევ უფრო მეტად აზიანებენ მას ვიდრე გარე სამყარო!

რედაქტორის რჩევით