"კუზიანი რიჩარდის" ნამდვილი სახე - კვირის პალიტრა

"კუზიანი რიჩარდის" ნამდვილი სახე

"მეფე მონა ლიზას ღიმილით"

ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, იგი იყო ერთი რიგითი ბრიტანელი მონარქი, რომელსაც მძიმე ჟამს მოუწია ქვეყნის მართვამ, შექსპირმა კი მონსტრად აქცია. სამაგიეროდ, სამარადისოდ უკვდავყო როგორც ტირანიის, ულმობლობისა და ცბიერების განსახიერება. წლების განმავლობაში კუზიან რიჩარდ III-ს თითქმის ყველა მსახიობი პირქუში, სასტიკი გამომეტყველების შუახნის კაცად წარმოსახავდა, არადა, თურმე ნამდვილი რიჩარდი, განსაკუთრებით იმდროინდელი სტანდარტებით, ფრიად სანდომიანი კაცი გახლდათ. სულ რაღაც ათეული წლის წინ ასეთ განცხადებას მხოლოდ პორტრეტზე დაყრდნობით თუ გააკეთებდა რომელიმე თამამი მეცნიერი, მაგრამ დღეს, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, ამის გაკეთება უკვე ისტორიკოსებსა და ხელოვნებათმცოდნეებს კი არა, 3დ-პროგრამირების სპეციალისტებს ევალებათ. სწორედ ბრიტანელმა პროგრამისტებმა შექმნეს რიჩარდ III-ის ახლახან აღმოჩენილი თავის ქალის მიხედვით მისი 84%-იანი სიზუსტის პორტრეტი. ამ მეთოდს სტერეოლითოგრაფია ეწოდება და მისი ეფექტიანობა, თავის ქალის შენახულობასა და სიძველეზეა დამოკიდებული. როგორც პროგრამისტი მკვლევრები განმარტავენ, დარჩენილი 16% სახის იმ ნაკვთებზე მოდის, რომელიც შესაძლოა მსუბუქი ტრავმების ან რაიმე დაავადების გამო დაზიანებულა.

უკანასკნელი პლანტაგენეტის თავის ქალა ქალაქ ლეიჩესტერში  სრულიად შემთხვევით გვირაბის გათხრისას აღმოაჩინეს. როდესაც დნმ-ის ანალიზით დამტკიცდა, რომ თავის ქალა ნამდვილად რიჩარდ III-ს ეკუთვნოდა, ქვეყნის წამყვანი პროგრამისტები საქმეს შეუდგნენ და რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდგომ მსოფლიოს მონარქის ზუსტი პორტრეტი გააცნეს. "მშვიდი და ჩაფიქრებული", "ფილოსოფოსი", "მეფე მონა ლიზას ღიმილით" - ასეთი სიტყვებით შეამკეს ახალი რიჩარდი ექსპერტებმა და პრესამ, ბრიტანულ ისტორიის სახელმძღვანელოებში კი ცივთვალება და დამცინავი ღიმილის მქონე კუზიანი რიჩარდის ნაცვლად ამიერიდან სანდომიანი რიჩარდის სახე გამოჩნდება.

ვაჟა თავბერიძე