"ინსომნია"- XXI საუკუნის სენი - კვირის პალიტრა

"ინსომნია"- XXI საუკუნის სენი

"მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვირტუალურ ურთიერთობაში ემოცია არ იდება, ეს არის მხოლოდ დაძაბულობის უმაღლესი განცდა"

"ლამაზ, ფერადსამოსიან გმირებს, მიუხედავად მათი სისასტიკისა, ბავშვი დადებითად აღიქვამს და მათთვის გაუგებარია, რატომ უშლიან მოზრდილები ასეთი ფილმების ყურებას"

დღეს ძილისა და სიფხიზლის პრობლემა ძალიან აქტუალურია. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ღამეს კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ათენებს, მეორე დღეს კი შუადღემდე ვერ ფხიზლდება... სკოლის ასაკის ყმაწვილებმა უკვე იციან, რომ მათ თანატოლს, ან თავად მათ "ინსომნია" (ძილით დაუკმაყოფილებლობა) აქვთ, და ეს სულაც არ მიაჩნიათ საგანგაშოდ. პირიქით, ცდილობენ, თავადაც არ ჩამორჩნენ სხვას...

საქმე ის არის, რომ უმეტესობამ არ იცის, რამდენი უბედურების სათავედ შეიძლება იქცეს უძილობა. ეს დარღვევა მხოლოდ პიროვნების კი არა, საზოგადოების ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. ის, რასაც დღეს ჩვენ გარშემო ვხედავთ - აგრესიულობა, სისასტიკე, გულჩათხრობილობა და კიდევ უამრავი ფიზიკური სნეულება, შეიძლება სწორედ უძილობიდან იღებდეს სათავეს.

დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი:

- ბავშვები უყურებენ ფილმებს სისასტიკეზე, ულმობლობასა და კაცის კვლაზე, რაც იწვევს ემოციურ გაღარიბებას და საბოლოოდ აყალიბებს დაუნდობელ ადამიანს; კომპიუტერის და ტელევიზორის მაგნიტური ველი, ციმციმი დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის, მოზარდის ტვინის ქსოვილზე. არადა, სწორედ ეს ქსოვილია ყველაზე რთული აგებულებისა. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირტუალურ ურთიერთობაში ემოცია არ იდება, ეს არის მხოლოდ დაძაბულობის უმაღლესი განცდა. დაძაბულობა არის სტრესი, სტრესი კი - ყველა დაავადების ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, ვირტუალური სამყაროდან ბავშვის შემეცნებაში იჭრება არასწორი და საშიში ფასეულობები: ძალის, აგრესიის. უხეში და მიუღებელი ქცევის ე.წ.“კულტურა, რაც იწვევს მოზარდის ჰიპერაქტიურობას. ამასთან,  მულტფილმების ლამაზ, ფერადსამოსიან გმირებს, მიუხედავად მათი სისასტიკისა, ბავშვი დადებითად  აღიქვამს და ამგვარად ყალიბდება ახალი კულტურა“და მათთვის გაუგებარია, რატომ უშლიან მოზრდილები ასეთი ფილმების ყურებას.

- როგორ გამოვიდეთ სტრესიდან? ამისთვის არსებობს დასვენება - ძილი.

- თანამედროვე ეტაპზე მეცნიერება გამოყოფს ადამიანის თავის ტვინის ოთხი ტიპის რიტმს. ესენია ალფა, ბეტა, დელტა და თეტა რიტმები. აქედან ორი - ალფა და ბეტა ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი სრულფასოვან ძილზე. ალფა რიტმის (საუკუნის წინ აღმოაჩინა გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰანს ბერგერმა) აღმოცენება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი თვალდახუჭული თვლემს. იგივე მდგომარეობა გვაქვს დილით, როცა უკვე იღვიძებ, მაგრამ რამდენიმე წუთი თვალს არ ახელ. ჯერ ისევ თვლემ. თუ ამ დროს რაიმე კონკრეტულზე არ იწყებ ფიქრს, გადადიხარ იდეალურ მდგომარეობაში, როცა ადამიანის ტვინში გამომუშავდება განსაკუთრებული რხევითი სიხშირის ალფა რიტმი, რომელიც  ადამიანის სხეულში 10-ჯერ უფრო ინტენსიურად ააქტივებს გამაჯანსაღებელი პროცესების მიმდინარეობას. ეს თაობა კარგავს ალფა რიტმების გამომუშავების უნარს. სტრესი, რომელიც უკვე აღარ ბალანსდება სიმშვიდით, ჯაჭვურად იწვევს რღვევას. არადა, ალფა რიტმი მარტო სიმშვიდეს კი არ განსაზღვრავს, შემოქმედებითი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაზაა.

მაგალითად, მენდელეევმა ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის აღმოჩენა სწორედ (გაღვიძების შემდეგ თვალის გახელამდე) ამ ფაზაში გააკეთა.

რაც შეეხება ღრმა ძილს, ამ დროს გამომუშავდება ბეტა რიტმები. ამას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. ადამიანისთვის ზოგადად ყველა რიტმი მნიშვნელოვანია. როცა ეს რიტმები ირღვევა, ორგანიზმში იწყება დესტრუქციული პროცესების ჯაჭვური რეაქცია  და მერე ლაპარაკი იმაზე, საიდან გაჩნდა ესა თუ ის დაავადება, უადგილოა.

- ძილსა და ღვიძილს ადამიანის ორგანიზმში რა განსაზღვრავს?

- ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცნობილია, გამომუშავდება ძილ-ღვიძილის ციკლის მარეგულირებელი ჰორმონები. ესენია: ძილის ჰორმონი მელატონინი და სიფხიზლისა - კორტიზოლი.  მათი გამომუშავება დამოკიდებულია განათებაზე. დაბინდების შემდეგ, დაახლოებით 11 საათისთვის, იწყება  მელატონინის სეკრეცია, მას გადაჰყავს ტვინის უჯრედები მოსვენების მდგომარეობაში. როცა მელატონინი იწყებს გამოყოფას და ადამიანი განაგრძობს მონიტორთან ჯდომას, ან ტელევიზორის ყურებას, ამ ჰორმონის გამოყოფა ირღვევა... ძილღვიძილის ციკლის დარღვევა აისახება ჯანმრთელობაზე. იწვევს აგრესიას, სისასტიკეს.

- ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა ადამიანის ბიოლოგიურ განვითარებასაც აფერხებს?

- გავლენა აუცილებლად აქვს... მაგალითად, 90-იან წლებში, როცა ქალაქი ჩაბნელებული იყო და სწორედ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა გადასულიყო ძილის ფაზაში, 11 ან 12 საათზე გვაძლევდნენ დენს, ოჯახებში იწყებოდა ხმაური, აქტივობა. სიბნელეში დაბადებულ-გაზრდილი თაობის ტვინის ფორმირება ურთულეს პირობებში ხდებოდა. განათების რეჟიმის დარღვევა ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას, მაგრამ მზარდი ორგანიზმის ფორმირებადი ქსოვილისთვის განსაკუთრებით ძლიერი დამაზიანებელი ფაქტორია. ამისი შედეგია, რომ ამ თაობას აქვს ქცევითი დარღვევები, ჰიპერაქტიურობა, აგრესიულობა, მეტყველების პრობლემა (უჭირთ აზრის ჩამოყალიბება), სისასტიკე... უმოწყალოები არიან, თუმცა ვერ აცნობიერებენ ამას.

- შეიძლება თუ არა ძილის მოწესრიგებად ჩავთვალოთ საძილე პრეპარატით მიღებული ეფექტი?

- არა, საძილე პრეპარატით საბოლოო გაჯანსაღება ვერ მიიღწევა, თუ არ შევცვლით ცხოვრების წესს...

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზმი განიცდის გარკვეული დაბალი სიხშირის მაგნიტური ტალღების გავლენას, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგრამ როდესაც ამას ემატება სხვადასხვა ხელსაწყოდან მიღებული ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედება, ეს განაპირობებს უარყოფით ზეგავლენას.

უკვე დადგენილია, რომ არა მარტო დიდი ხნის განმავლობაში ჩართული კომპიუტერი და ტელევიზორი მოქმედებს უარყოფითად ჩვენს ორგანიზმზე, არამედ წრედში შეერთებული, პულტით გამორთული ტექნიკაც.

ამიტომ, უმჯობესია, საძინებელში ღამის საათებში  წრედში ჩართული არაფერი დატოვოთ.

გვახსოვდეს, რომ კომპიუტერიზაციამ, ინფორმაციის მიღების გაიოლებასთან ერთად, არასწორი მოხმარების შედეგად მოგვიტანა მხედველობის სწრაფი დაქვეითება, უამრავი შემთხვევაა 35 წლის ასაკში თვალის ბადურის ჩამოშლისა. ეს იმის შედეგია, რომ კომპიუტერთან წუთები მიდის და საერთოდ არ ახამხამებენ თვალს, დაძაბული არიან.

ბავშვების გარკვეულ ნაწილს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობები უნდათ, ვერ იძინებენ... შესაბამისად, დილით გაღვიძება და ადგომა უძნელდებათ, ძალდატანება მათში აგრესიას იწვევს და ეს ოჯახში უსიამოვნების და კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზი ხდება.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვები საერთოდ არ დასვან კომპიუტერთან, ტელევიზორის ყურებაც მხოლოდ რამდენიმე საათით არის დასაშვები.

ვფიქრობ, სკოლებში პირველკლასელთა ასეთი მასობრივად დაშვება კომპიუტერებთან, სიკეთეს ვერ მოიტანს.

ზოგიერთი მშობელი ამაყობს, რომ მისი ერთი ან ორი წლის შვილი კომპიუტერს რთავს და მაუსით შედის სხვადასხვა საიტზე... ეს მარტივი დამახსოვრებით ხდება... მაგრამ ის, რომ პატარას კომპიუტერთან სვამენ, მისი ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხშირად ვამბობ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ტელევიზორს და კომპიუტერს ძიძის ფუნქციას ანიჭებს-მეთქი. დასვამს ბავშვს კომპიუტერთან, რომ მან არ იხმაუროს, არ შეაწუხოს... ეს დამღუპველია.

იმაზე ლაპარაკით, რომ კომპიუტერი არ ვარგა, ვერც ბავშვს დაარწმუნებ, ვერც - დიდს. არც ის შეიძლება, მოზარდს ძალით წაართვა კომპიუტერი, დაუმტვრიო... ეს  ისეთი სტრესია, მსგავსს ათი საათი მონიტორთან ჯდომითაც რომ ვერ მიიღებს. საჭიროა ვიფიქროთ ჩანაცვლებაზე, მაგალითად კარგად ილუსტრირებული წიგნებით და სხვ. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია.