რა ქნას მან, ვისაც დედამიწის "გადაბრუნება" შეუძლია?! - კვირის პალიტრა

რა ქნას მან, ვისაც დედამიწის "გადაბრუნება" შეუძლია?!

ქართველი მეცნიერები "დედამიწის გულში"

ადამიანი ისეა შეპყრობილი ყოველდღიურობით, არც კი ფიქრობს, რომ მის გარშემო სამყარო საიდუმლოებებითაა სავსე - ჩვენგან ფარულად, მაგრამ ჩვენ გვერდით, ისეთი მოვლენები ვითარდება, ფანტაზიორსაც კი უჭირს მათი გაცნობიერება. შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში, ათი წელი სწორედ ასეთ მოვლენებს იკვლევდა ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროფესორი ალექსანდრე შენგელაია. სამშობლოში დაბრუნებულიც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ თემის კვლევას აგრძელებს. ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამყაროს უსასრულო სიღრმეს ადამიანი უთუოდ ჩასწვდება, მიხვდება, რა როგორ არის მოწყობილი, მაგრამ თუ რატომ არის მაინცდამაინც ასე, ვერავინ ვერასდროს გაიგებს - ყველაფერი უზენაესმა შექმნა და მის ნებას ვერავინ შეიცნობს...

- ბატონო ალექსანდრე, სასიამოვნოა, რომ უცხოეთში დიდი ხანია ბრწყინავენ ქართველი მეცნიერები, განსაკუთრებით ფიზიკოსები.

- ქართველებს ძალზე დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. და თუმცა ჩვენი სამეცნიერო ბაზები განადგურდა, ჩვენს არეალში  - კავკასიასა და თურქეთშიც კი, ვერავინ შეგვედრება. ვიდრე სამეცნიერო ბაზები გვქონდა, მეცნიერებაში და კერძოდ ფიზიკაში, ისეთი სწავლულები გვყავდა, ჩაკეტილი საბჭოეთიდანაც კი ახერხებდნენ მსოფლიოს გაოგნებას. დღეს ქვეყანაში მეცნიერების მდგომარეობა რთულია, მასზე ძალზე ცოტა თანხები იხარჯება. და რა ქნას იმან, ვისაც თუნდაც დედამიწის "გადაბრუნება" შეუძლია და ამ ძალის რეალიზებას აქ ვერ ახერხებს? ადგება და უცხოეთში წავა!

- და სახელსაც იხვეჭს. რაც უნდა გული დაგვწყდეს, დღეს სხვა ქვეყნების სახელით აკეთებენ აღმოჩენებს დიდი ქართველი ფიზიკოსები: ნიუ-იორკის უნივერსიტეტში - გია დვალი, ნიურნბერგის უნივერსიტეტში - შოთა ოკუჯავა, ლინცის უნივერსიტეტში - თემურ კუცია. თქვენ კი ციურიხის უნივერსიტეტში მუშაობდით...

- იქ ნობელის პრემიის ლაურეატთან, ალექს მიულერთან ერთად ვმუშაობდი. ამ კაცს ეს პრემია იმიტომ მიანიჭეს, რომ ნაცარტუტად აქცია მეცნიერთა მტკიცება - მაღალტემპერატურული ზეგამტარები არ შეიძლება არსებობდნენო. მან დაამტკიცა, რომ  შესაძლოა შეიქმნას ზეგამტარი, რომელიც მილიონობით კილოვატ ენერგიას გაატარებს და... შექმნა კიდეც. განა აქამდე ვინმე წარმოიდგენდა კაბელს, რომელიც ამხელა დენს გაატარებს და არც კი გათბება? ახლა კი ის რეალურად არსებობს. ამ აღმოჩენის შედეგია მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატები, სადაც ადამიანის სხეულს უპრეცედენტო სიზუსტით აშუქებენ. იაპონელებმა კი საათში 550 კმ სიჩქარით მოძრავი მატარებლები შექმნეს, რომლებიც ლიანდაგებზე კი არ დადიან, არამედ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაფრინავენ - ბორბლები ლიანდაგს 1 სმ-ით არის დაშორებული. მაგრამ ზეგამტარებში ამხელა სიმძლავრის ენერგია რომ გავიდეს, ამისთვის ის 270 გრადუსამდე უნდა გაცივდეს. აი, ეს ქმნის ცოტა "უხერხულობას". ჩვენ ვმუშაობდით, რომ ეს "უხერხულობა" აღარ არსებობდეს, გაცივება არ იყოს საჭირო. კოლეგებთან ერთად საქართველოშიც ამაზე ვაგრძელებ მუშაობას. მიხარია, რომ მართალია, დიდი ძალისხმევით, მაგრამ უნივერსიტეტის დახმარებით, საჭირო აპარატურა 500 ათას ლარად უკვე შევიძინეთ. ეს აპარატურა ერთადერთია ამიერკავკასიაში.

შემიძლია გაჩვენოთ, როგორ ვატარებთ ცდებს (კინაღამ შოკში ჩავვარდი, როცა წყლად ქცეული აზოტის კასრიდან ამოღებული ფირფიტა ჰაერში დაეკიდა, მერე კი მთელი კასრი აზოტის წყალი გაქრა ჰაერში. - ავტ.). იმედი მაქვს, ქართული მეცნიერება ისევ დადგება ფეხზე. ვიმეორებ, არ არსებობს არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა, რომლისთვისაც მეცნიერება პრიორიტეტი არ იყოს და ის ჩვენთვისაც პრიორიტეტული უნდა გახდეს. მომავალი ახალი ტექნოლოგიების გარეშე ვერ აიგება.

- მათ შორის, ნანოტექნოლოგიებისა...

- დიახ. კაცობრიობა დღეს იმდენ ფულს არაფერზე ხარჯავს, რამდენსაც ნანოტექნოლოგიებზე. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესობამ ისიც არ იცის, რას ნიშნავს ნანოტექნოლოგია. "ნანოს" ბერძნული სიტყვაა და ქართულად ჯუჯას ნიშნავს. ნანოტექნოლოგიების მიზანია, მომავლის ტექნიკა ნებისმიერ სფეროში უმცირესი (მილიმეტრის მემილიონედი) ზომის ნაწილაკებით გააკონტროლოს. ამ მხრივ სულ უფრო და უფრო გამაოგნებელი აღმოჩენები კეთდება. მაგალითად, ახლახან აღმოაჩინეს ნახშირბადის ნანომილაკები (ნახშირბადის ატომები სხვადასხვა განლაგებით ნახშირს, გრაფიტსა და ალმასს ქმნიან). მათი სიმტკიცე  უმაღლესი მარკის ფოლადზე 30-ჯერ მეტია. ისინი 1000-ჯერ მეტ დენს გაატარებენ, ვიდრე საუკეთესო სპილენძი, მათგან დამზადებული 1მმ დიამეტრის მავთული კი 6 ტონა სიმძიმეს უძლებს! ჯერჯერობით მხოლოდ ფანტაზიორს შეუძლია განსაზღვროს, როგორ გამოიყენებს ამ აღმოჩენას კაცობრიობა. ხოლო რაც შეეხება ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს - სწორედ ნანოტექნოლოგიებით აპირებენ უმძიმეს სენზე - სიმსივნეზე შეტევას. უახლოეს მომავალში წამალს ნანონაწილაკებში მოათავსებენ, სპეციალური ნივთიერებით დაფარავენ და სისხლში შეიყვანენ. ნანონაწილაკები სიმსივნით დაავადებულ უჯრედებს ჯანმრთელი უჯრედებისგან გამოარჩევენ და გაანადგურებენ. ეს მედიცინის სასწაული იქნება - დაზიანების საფრთხე ჯანმრთელ უჯრედებს ვეღარ შეეხება.

- როცა ასეთ რამეს ისმენ, სულ ფიქრობ, - ხომ არ დადგა დრო, როცა ადამიანმა ყველაფერი უნდა ამოხსნას.

- ადამიანი უზენაესის ნებას ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდება, ისე კი, მეცნიერები ბოლო წლებში აკეთებენ იმხელა ნახტომებს, რაც კაცობრიობამ არსებობის მანძილზე გაიარა. უკვე ისმის კითხვა: ხომ არ არსებობს ჩვენ გვერდით რაღაც განზომილება (სამყარო!), რომელსაც მრავალი მოვლენით შევიგრძნობთ, მაგრამ თვალით ვერ ვხედავთ და გონებით ვერ ვწვდებით? ანდა რატომ არ შეიძლება არსებობდეს? მაგალითად, ჭიანჭველა ჩვენსავით ცხოვრობს დედამიწაზე, მაგრამ მან მხოლოდ ორი განზომილება იცის - სიგრძე და სიგანე. ის ვერც მოისაზრებს, რომ არსებობს სიმაღლეც, რომელსაც ადამიანები კარგად ვიცნობთ. გია დვალი ვახსენეთ. კოლეგებთან ერთად სწორედ ის ასაბუთებს დამატებითი განზომილების არსებობას. ამბობს, რომ იმ სამი განზომილების გარდა - სიმაღლე, სიგრძე და სიგანე - რასაც ადამიანები ვხედავთ და შევიგრძნობთ, არსებობს კიდევ სხვა, მეოთხე (შესაძლოა, მეხუთე, მეექვსე და ა.შ.) - ჩვენთვის მიუწვდომელი განზომილება. გია დვალი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ უცხო განზომილების ერთი ნიშანია მიზიდულობის ძალა, რომელიც ყველა სხეულზე მოქმედებს. ადამიანებიც კი ვიზიდავთ ერთმანეთს. მაგრამ რატომ არის ეს ძალა იმდენად მცირე, რომ ადვილად ვაღწევთ თავს? გია დვალი ამას ასე ხსნის: მიზიდულობის ძალა "ჩვენს განზომილებებში" მოსვლამდე თითქმის მთლიანად იხარჯება და ჩვენამდე კი მხოლოდ მისი "კუდი" აღწევს. ეს მხოლოდ ერთი "დეტალია". ამის გარდა არსებობს სხვა, უამრავი და უცნაური ნიშანი, რომელსაც ადამიანი ვერაფრით ხსნის. მაგალითად, ადამიანები გრძნობენ, რა მოხდება მომავალში. საიდან მოდის ეს შეგრძნება ან რა არის სამყაროს მომავალი? რა არის დრო? სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სიბრტყეზეა განლაგებული და მილიონობით წლებით დაშორებულ მოვლენებს ისე აღიქვამ, თითქოს ყველაფერი შენ თვალწინ მოხდა.

- როგორ შეიძლება დამტკიცდეს ეს ყველაფერი?

- ყველა თეორია ცდით უნდა დამტკიცდეს. ამიტომაც აშენდა ჟენევის ახლოს, მიწის ქვეშ 100 მ-ის სიღრმეზე ბირთვული კვლევების საერთაშორისო ცენტრი CERN. ამ 30 კმ რადიუსის კოლაიდერში ატომის უმცირეს ნაწილაკებს აჩქარებენ, უზარმაზარ ენერგიას ანიჭებენ, რომ ერთმანეთს დააჯახონ. შედეგად, გამოიყოფა ასევე უზარმაზარი ენერგია. ეს უდიდესი აფეთქება იქნება. მეცნიერები ამ პროცესს დააკვირდებიან და შესაძლოა, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც სამყაროს წარმოშობის ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას, მათ შორის დამატებითი განზომილებების არსებობასაც. მსოფლიოს ფიზიკოსებს დიდი იმედი აქვთ ამ ექსპერიმენტისა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველებს, ამ ურთულესი დანადგარებით აღჭურვილ ზელაბორატორიაში  უკვე გვაქვს ჩვენი მიღწევა - იქ ბევრი ქართველი მეცნიერი მუშაობს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამ გრანდიოზული ექსპერიმენტის ჩატარებაში. ეს მაშინ, როცა აქამდე  იქ, უდიდესი ერების, მაგალითად, ჩინელებისა და ინდოელების, სახელი არ გაჭაჭანებულა.

- ბევრს ლაპარაკობენ, დედამიწას მეტეორების დაჯახებით კატასტროფა ემუქრებაო. მაშ, ამ შემთხვევაში რა დანიშნულება აქვს ამ პროგრესს?

- მეტეორები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ დედამიწა არ დაღუპულა. ახლა მეცნიერები იმაზე მსჯელობენ, თუ მაინც იქნება მეტეორის დაცემის საშიშროება, როგორ ააფეთქონ ის დედამიწასთან მოახლოებისთანავე. და ისიც უნდა გავიმეორო, რომ დედამიწა უზენაესის შექმნილია და მეტეორების აშორებაც მისი ნება იქნება. რა არის გასაკვირი? მას ხომ ყველაფერი შეუძლია - დედამიწა, რომელზეც ასე რბილად, კომფორტულად დავდივართ, წამში 30 კმ სიჩქარით მიქრის და ვერაფერს ვამჩნევთ. სამყაროში კი ისეთი ჰარმონიაა, რომ ძველი ფილოსოფოსები პლანეტების მოძრაობას სფეროების მუსიკას უწოდებდნენ. თუმცა, როგორც ახლახან აღმოაჩინეს ასტროფიზიკოსებმა, მიღწევების მიუხედავად, იქ კაცობრიობას ხეირიანად ნაბიჯიც არა გვქონია შედგმული. ახლახან დამტკიცდა, რომ თურმე სამყაროში მატერიის 95% უხილავია საუკეთესო ტელესკოპისთვისაც კი. ამ დაფარულ უხილავ მატერიას "ბნელი" უწოდეს. არის თუ არა იქ სიცოცხლე? როგორც ცნობილია, სიცოცხლის საწყისი წყალია და მისი ნიშნები ზოგიერთ პლანეტაზე მართლაც აღმოჩნდა - თუ უზენაესს სურდა, სხვაგანაც შეეძლო, შეექმნა სიცოცხლე. ისე კი, ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ დედამიწა განსაკუთრებული ფენომენია და მხოლოდ ის აირჩია უზენაესმა სამყაროს გვირგვინის, ადამიანის შესაქმნელად.

- ახლა, გთხოვთ ამაზეც მიპასუხოთ, - რატომ დაბრუნდით მეცნიერისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოდან სამშობლოში, უნივერსიტეტის მწირ ლაბორატორიაში?

- მე ქართველად დავიბადე და ვერ ავიტანდი, რომ ქართველებად დაბადებული ჩემი შვილების ცნობიერება შეცვლილიყო, შვილიშვილები კი ქართველები საერთოდ აღარ ყოფილიყვნენ. უფროსი შვილი ხუთი წლისა წამოვიყვანე შვეიცარიიდან და იქაური სახლი რომ ენატრებოდა, ამაზეც ვწუხდი. მირჩევნია, თუნდაც წვალების ფასად, ჩემს სამშობლოს მოვუტანო სიკეთე. ახლა ჩვეულებრივ სკოლებში ვატარებ გაკვეთილებს ფიზიკაში, ბავშვებს მინდა გავუღვიძო ის ინტელექტუალური პოტენციალი, რისი ფასიც ჩვენ არაფერი გვაქვს, რაც აუცილებლად დაგვაყენებს ფეხზე და გაგვატოლებს ჩვენზე გაცილებით დიდ ერებთან.