"დისქავერის" ენციკლოპედია - სამყაროს აღმოჩენა გრძელდება - კვირის პალიტრა

"დისქავერის" ენციკლოპედია - სამყაროს აღმოჩენა გრძელდება

მესამე ტომის შევსება იწყება

ეს წიგნები ინგლისური ენის შესწავლასაც ძალიან წაადგება

შარშან "პალიტრა "L"-მა "დისქავერის" ენციკლოპედიის, საკუთარი ხელით შესაქმნელი ტომების გამოცემა დაიწყო. ამ წიგნებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას დიდი შესაძლებლობები აქვს, "დისქავერის" გადაცემებს კი მთელი მსოფლიო ინტერესით უყურებს, წიგნებს მაინც თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს - ნებისმიერ დროს მიიღებ იმ ინფორმაციას, რომელიც გჭირდება; თუ ენციკლოპედიაში მოყვანილი ფაქტების კიდევ უფრო ღრმად შესწავლა განიზრახე, იმაშიც დაკვალიანდები, ინტერნეტში სად უნდა მოძებნო უფრო ვრცელი მასალა. ეს წიგნები შეიძლება გზამკვლევადაც იქცეს და ისეთ ინფორმაციასთან მიგიყვანოს, რომელიც მომავალში შენი ინტერესების განმსაზღვრელი გახდება...

დიდი საყმაწვილო ენციკლოპედიის ოთხი ტომი ოთხ განსხვავებული ფერის ყუთში თAავსდება და თითოეულში 16 წიგნი მოიყრის თავს.

წიგნში მკითხველი ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს. ენციკლოპედიაში გადმოცემულ ყველა ამბავს, საინტერესო ფაქტს, რომელიც ლაკონიურად, მაგრამ ძალიან ნათლად, გასაგებ ენაზეა გადმოცემული, დართული აქვს ინტერნეტბმული, სადაც მკითხველს დამატებითი ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლია კონკრეტული მოვლენის შესახებ.

"დისქავერის" გადაცემები ყველას უყვარს, ზოგჯერ ისეთ თემაზე შეიძლება უყურო ფილმს, რომელზეც ადრე არ გიფიქრია და უცებ აღმოაჩინო, რა საინტერესოა წყალქვეშა სამყარო ან ადამიანის გენეტიკური კოდი - დნმ-ი... ამ სერიის ფარგლებში მოზარდები იღებენ ძალიან ბევრ ინფორმაციას და აღმოაჩენენ თავისთვის საინტერესო, ზოგჯერ თვალისთვის დაფარულ სამყაროს...

ენციკლოპედიაში ასახული ინფორმაცია თემატურად მრავალფეროვანია და სხვადასხვა დროს, მათ შორის თანამედროვე ეპოქაში, მომხდარ უჩვეულო მოვლენებსა და ფაქტებს ეხება.

უკვე გამოვიდა ორი ნაწილი, ახლა "დისქავერის" ენციკლოპედიის მესამე ნაწილის შევსება იწყება. მეორე წიგნის შევსების შემდეგ გამომცემლობამ გარკვეული პაუზა აიღო. იმის გამო, რომ ზაფხულში ბავშვები ისვენებენ, მშობლებიც შვებულებაში მიდიან, შეიძლება მათ გამორჩენოდათ ახალი წიგნის გამოსვლა და მერე ამის გამო შეწუხებულიყვნენ. ამიტომაც დაველოდეთ შემოდგომასო, განაცხადეს "პალიტრა L"-ში.

ამიერიდან ისევ შეძლებთ ისიამოვნოთ "დისქავერის" ახალი წიგნებით.

ენციკლოპედიის შემადგენელი ყოველი ახალი წიგნი, რომლის ფასი 2 ლარი იქნება, კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს გამოვა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებლებთან. მომხმარებლებმა ასევე უნდა შეიძინონ ენციკლოპედიისთვის სპეციალური ყუთი, რათა უფრო მოხერხებულად მოათავსონ ყოველი ტომი შესაბამისი ფერის ყუთში. პირველი წიგნი და ყუთი ერთად 5 ლარი ღირს. ამ ლამაზი დიზაინის მაგნიტებიანი ყუთებით ბავშვები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან და მასში შეგროვილ წიგნებსაც მეტი ხალისით აიღებენ ხელში.

ენციკლოპედია ინგლისურ ენაზეც გამოდის, ცხადია, ეს ქართველი ბავშვებისთვის კიდევ ერთი კარგი შეთავაზებაა, რომ ენაც ისწავლონ...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინტერესი გავუღვიძოთ პატარებს, მოზარდებს. მათ არა მარტო საინტერესო ფაქტებს ვაცნობთ, არამედ ამ ფაქტებს ინგლისურადაც ვთავაზობთ. შეიძლება სპეციფიკური ლიტერატურა ცოტა რთული აღსაქმელი იყოს ბავშვისთვის უცხო ენაზე. ჩვენ ამასაც საფეხურებრივად ვაწვდით მოზარდებს. პირველ ტომში შემავალი წიგნები მარტივად იკითხება ინგლისურ ენაზე, მეორე ტომში ოდნავ უფრო გართულებულია ინგლისური ენა, მესამეში კი, რომელსაც ახლა შეავსებს მკითხველი, კიდევ უფრო რთული ლექსიკა იქნება გამოყენებული. ამდენად ეს წიგნები ინგლისური ენის შესწავლასაც ძალიან წაადგება.

თუ ვინმეს პირველი ან მეორე ტომიდან რომელიმე წიგნი გამორჩა, მათი შეძენა ამჟამადაც შეუძლია, ოღონდ მხოლოდ წიგნის მაღაზიებში.

ლეილა გაგუა