"ფანტასტიკა რეალობად იქცევა" - კაცობრიობისთვის ახალი ეპოქა იწყება?! - კვირის პალიტრა

"ფანტასტიკა რეალობად იქცევა" - კაცობრიობისთვის ახალი ეპოქა იწყება?!

"გრავიტაციული ტალღების შესწავლა სამყაროს იდუმალ მხარეს ფარდას ახდის. დროთა განმავლობაში გრავიტაციული ტალღების გამოყენებით ფანტასტიკა რეალობად იქცევა"

გრავიტაციული ტალღების არსებობა 100 წლის წინ იწინასწარმეტყველა აინშტაინმა. ამ მოვლენის კვლევა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო, 1992 წელს კი ამერიკამ გამოყო მილიარდი დოლარი და ტალღების დასაფიქსირებლად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი დეტექტორ-ობსერვატორია ამერიკის სხვადასხვა პოლუსზე განათავსა. დეტექტორები გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად კოსმოსიდან მიღებულ სიგნალებს აანალიზებდნენ, კვლევებში კი მსოფლიოს ათასამდე მეცნიერი მონაწილეობდა. ბოლოს და ბოლოს, 7 მილიწამის განმავლობაში ერთი და იგივე გრავიტაციული ტალღა ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, მერე მეორემ. სწორედ ამის შემდეგ განაცხადეს მოვლენის მკვლევრებმა, რომ კაცობრიობამ ახალი ეპოქა დაიწყო.

რატომ უწოდეს აღმოჩენას ეპოქალური და რას უნდა მოველოდეთ მისგან, ამის შესახებ ფიზიკოსი გია ბუსხრიკიძე გვესაუბრება.

- ალბერტ აინშტაინი ამტკიცებდა, რომ აჩქარებით მოძრავი ნებისმიერი ობიექტი ქმნის სივრცისა და დროის გამრუდებას; ანუ წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღებს; ამასთანავე, რაც უფრო დიდია ობიექტის მასა და აჩქარება, მით მეტია მის მიერ შექმნილი დროის და სივრცის დეფორმაცია; თუმცა ეს იყო თეორიული მტკიცება. ფაქტი კი მეცნიერებამ მხოლოდ ამ აღმოჩენით დადო. დიდი დრო, ფული და რესურსი დასჭირდათ მეცნიერებს, ტელესკოპებით 1,2 მლრდ წლის წინ კოსმოსში ორი ობიექტის შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დასაფიქსირებლად.

- და ამ ტალღებმა ახლაღა მოაღწიეს დედამიწამდე?

- დიახ. კვლევებით დადგინდა, რომ ჩვენამდე მოღწეული გრავიტაციული ტალღები დედამიწიდან დაახლოებით 1,3 მლრდ სინათლის წლით დაშორებულ "ტერიტორიაზე" ორი კოსმოსური ობიექტის შეჯახებით წარმოიქმნა; ერთის მასა ჩვენი 36 მზის მასას უდრიდა, მეორისა - 29-ს. ეს ობიექტები შეიძლება იყოს მკვდარი ნეიტრონული ვარსკვლავები, ან შავი ხვრელები. სავარაუდოდ, უფრო შავი ხვრელებია. დაჯახების შემდეგ წარმოქმნილმა ტალღებმა მთელი სამყარო გამოიარა, ვიდრე სინათლის წლის სიჩქარით გავრცელდა და ჩვენამდე მოაღწევდა.

- ესე იგი, გრავიტაციულმა ტალღებმა რაღაც ინფორმაცია უკვე მოიტანა... ანუ ყოველი ტალღა, რომელსაც მომავალში დააფიქსირებს მეცნიერება, ახალ-ახალ ინფორმაციას მოიტანს კოსმოსური მოვლენების შესახებ.

- დიახ, ეს ასეა... გრავიტაციული ტალღები აბსოლუტურად განსხვავდება ელექტრომაგნიტური ტალღებისგან და სულ სხვა ხასიათის მოვლენას წარმოადგენს. ფიზიკოსების ვარაუდით, ეს არის მიზიდულობისთვის დამახასიათებელი ტალღები, დანარჩენს მეცნიერება გამოიკვლევს. ერთი, რაც ცხადია, მათ ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან განსხვავებული ინფორმაციები მოაქვთ და განსხვავებულ პერსპეტივებსაც გვისახავენ... გავიხსენოთ, რა მოჰყვა ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენას - რაც დღეს გაგვაჩნია, ელექტროდენით დაწყებული, უსადენო ტექნოლოგიების ჩათვლით, რომლებიც ინფორმაციას კოსმოსიდანაც კი გადმოგვცემენ, სწორედ ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენის წყალობაა. ამჟამად სულ სხვა ხასიათის მოვლენასთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, ყველაფერს დრო დასჭირდება, და მისი შესწავლა სამყაროს იდუმალ მხარეს ფარდას ახდის. დროთა განმავლობაში გრავიტაციული ტალღების გამოყენებით ფანტასტიკა რეალობად იქცევა. ასეთია მეცნიერთა იმდები. სწორედ ამას გულისხმობდა გრავიტაციული ტალღების დამფიქსირებელი ერთ-ერთი მეცნიერი, - ჩვენ თვალი გვქონდა მიპყრობილი ცისაკენ, მაგრამ იქიდან მუსიკა არ გვესმოდა, ამიერიდან კი გავიგონებთო...

ეთერ ერაძე