"გია დვალს აქვს სივრცის "დაკეცვის" თეორია" - მოგზაურობა ვარსკვლავთა ქალაქში
"გია დვალს აქვს სივრცის "დაკეცვის" თეორია" - მოგზაურობა ვარსკვლავთა ქალაქში
"წინ შოკის მომგვრელი მეცნიერული აღმოჩენებია"

მთებში მოქცეული ამ პატარა ქალაქის ბინადარნი დაღამებისას მიდიან სამსახურში,­ მთელი ღამე ვარსკვლავებს აკვირდებიან და შინ გათენებისას­ ბრუნდებიან. ამიტომაც აქ ბევრი სადარბაზოს კარზე ასეთ განცხადებას­ შეხვდები: "გთხოვთ, არ იხმაუროთ, მკვლევრებს სძინავთ!" განცხადებები ამ ქალაქის ბინადართა საყურადღებოდ როდია გამოკრული, აქ ივლის-აგვისტოში ტურისტები ან მოაგარაკენი ამოდიან უნიკალური ჰაერის სასუნთქად და მათ აფრთხილებენ. მეც ამ უკანასკნელთა შორის ვარ. დილაობით საუკუნოვანი ფიჭვებით დაბურულ მთებსა და მინდვრებს გავყურებ გაოგნებული, ღამღამობით ცაზე
ანთებულ ვარსკვლავებს და აქაურებისა მშურს. განსაკუთრებით მათი, ვისაც აქედან ფეხი არასოდეს მოუცვლია მას შემდეგ, რაც ტელესკოპთან პირველად დაჯდა სამყაროს საიდუმლოების ამოსახსნელად. აი, ასეთია აბასთუმნის ობსერვატორია. ერთ ღამესაც მკვლევართა გზას მივყვები ტელესკოპებისკენ და შევყურებ ვარსკვლავებიან შორეთს.

- სამწუხაროდ, დღეს მთვარეს ვერ დაინახავ, - მეუბნება ასტრონომი ოთარ
კვარაცხელია.
სამაგიეროდ, დაინახავ მზის სისტემის ულამაზეს პლანეტებს - მარსსა და სატურნს, რომელსაც "წელზე"­ ოქროს რგოლი არტყია. მთვარე კი არც ისეთი ლამაზია, როგორც დედამიწიდან ჩანს, მეტეორებითაა დაბომბილ-დასერილი. თუმცა, დედამიწა მაინც ყველაზე დიდ იმედს მთვარეზე ამყარებს.

- რადგან ყველაზე ახლო მეზობელია?

- ჯერ ტელესკოპში გაიხედე და მერე გეტყვი. მეც ვიხედები. აი, თურმე როგორი ყოფილა ოქროსრგოლიანი სატურნი­ დედამიწიდან! მარსი მთვარეს ჰგავს და მეტი არაფერი. ის მზის სისტემაში სასიცოცხლო ზონად ითვლება, მასზე ხომ წყალია!

- მთვარეზე რა ხდება?

- მთვარეზე ჰელიუმის იზოტოპის მარაგია. ეს გაზი დედამიწაზე თითქმის არ არის. ჰელიუმის იზოტოპი მთვარეზე­ მზისგან მიდის, რადგანაც მთვარეს ატმოსფერო არა აქვს, იოლად აღწევს მის გრუნტში და ილექება. ამ გაზს მზე დედამიწისკენაც ასხივებს, მაგრამ ჩვენამდე ვერ მოდის - ატმოსფერო ეღობება.

ჰელიუმის იზოტოპზე ატომური ელექტროსადგურების სრულიად უსაფრთხოდ ამუშავება შეიძლება - ატომური სადგური რომც აფეთქდეს, ზიანს ვერ მოიტანს. ხომ გახსოვთ, ერთმა ჩერნობილმა აფეთქებისას უამრავი ხალხი დახოცა და შხამიც 100 წლით მაინც დატოვა დედამიწაზე. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მთვარიდან ჰელიუმის იზოტოპის დედამიწაზე ჩამოსატანად მუშაობენ. ეს ალბათ დაახლოებით 2050 წლის შემდეგ მოხდება, როცა დედამიწაზე წიაღისეულის დიდი დეფიციტი შეიქმნება!

- რას ამბობთ?!

- არაფერს უჩვეულოს. ამ საკითხზე­ ათეული წლებია, მუშაობენ. მთვარიდან გაზის ჩამოტანა შედარებით იოლია - ერთ ჩვეულებრივ კოსმოსურ ხომალდს ერთი კვირა სჭირდება მთვარიდან იმდენი ჰელიუმის იზოტოპის ჩამოსატანად, რამდენიც მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებულ ატომურ სადგურებს ერთი წელი ეყოფოდა სამუშაოდ. არც მთვარის გრუნტიდან გაზის გამოყოფაა მაინცდამაინც ძნელი - ხარჯების შესამცირებლად მთვარეზე დაიდგმება ჰელიუმის იზოტოპის მიმღები დანადგარები. შედარებით რთულია იმ დანადგარის შექმნა, რომელიც დედამიწაზე ჩამოტანილ გაზს ისე გააცხელებს, რომ ატომური ელექტროსადგური აამუშაოს. ამისთვის მთვარის ნიადაგი ზედმიწევნით კარგად შევისწავლეთ. ამ ნიადაგის ანალიზზე წლების წინ მოსკოვში მეც ვმუშაობდი, თანაც ნიღაბაფარებული - მთვარიდან ჩამოტანის ხარჯების გათვალისწინებით, მთვარის გრუნტის გრამი მილიონ დოლარად არის შეფასებული, მე მტვროვან­ გრუნტზე ვმუშაობდი და ერთი ძლიერი ამოსუნთქვით შეიძლებოდა ეს მილიონი დოლარი გამეფანტა.

- მთვარის მიწა ძალიან განსხვავდება დედამიწის მიწისაგან?

- თითქმის არაფრით, გარდა იმისა­, რომ მთვარის გრუნტი ჰელიუმის იზოტოპს შეიცავს. მაგრამ იქ წყალი არ არის და ამიტომაც არ არის სიცოცხლე, - მითხრა ბატონმა ოთარმა და ტელესკოპი ვარსკვლავებს­ მოაშორა, - ისეთი საოცარი­ ვარსკვლავებიანი ცა იყო, რომ გაფიქრები­ნებდა, იქ, მაღლა, ცაში, სადღაც სიცოცხლეაო.

ცნობილმა ასტრონომმა გიორგი ჯავახიშვილმა მითხრა, - 27 წელიწადია, რაც ამ ქალაქში დავსახლდი. სადაც უნდა წავიდე, ბოლოს აქ ვბრუნდები, ყველაზე კარგად აქ ვგრძნობ თავსო. მერე ვარსკვლავებზეც ვისაუბრეთ და იმ ქართველ მეცნიერებზეც, რომლებმაც მსოფლიო ასტრონომიაში ლომის წილი შეიტანეს.

- იცი, როგორ იბადება ვარსკვლავები?
- მკითხა ბატონმა გიორგიმ და განაგრძო, - დღევანდელი მეცნიერული თეორიების მიხედვით, ვარსკვლავები წარმოიშობა სამყაროში გაფანტული გიგანტური მოლეკულური ღრუბლებისგან, რომელიც შედგება ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან. დროთა განმავლობაში ეს გაზები იკუმშება და წარმოიშობა ვარსკვლავური გროვები. ხანგრძლივი დროის შემდეგ გროვის გული ცხელდება, თერმობირთვული რეაქციები იწყება და ვარსკვლავიც იბადება. დღეს სამყაროში 1200-მდე ასეთი გროვაა დაფიქსირებული და მათგან 70 ქართველების აღმოჩენილია. აი, ასეთი ძლიერი საფუძველი აქვს ქართულ ასტრონომიას.

- შავი ხვრელები თუ აქვთ აღმოჩენილი ქართველ ასტრონომებს?

- 1953 წელს ქართველმა ასტრონომმა მიხეილ ვაშაკიძემ შეისწავლა კიბორჩხალას ნისლეულის პოლარიზაცია. მან პირველმა დაამტკიცა, რომ ნისლეულები ანათებენ არა სითბური, არამედ სინქოტრონული გამოსხივებით. სწორედ ამ გამოსხივებასთან არის დაკავშირებული ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები. შავი ხვრელები ზემაღალი მიზიდულობის ობიექტებია, საიდანაც სინათლეც ვერ გამოდის. ეს მარტივი მაგალითით შეიძლება ასე ავხსნათ: - სამყაროში ყველა სხეული ერთმანეთს იზიდავს, ადამიანი იქნება­ ეს თუ პლანეტა. მაგრამ ადამიანს სუსტი მიზიდულობის ძალა აქვს, დედამიწას რომ სხეული მოსწყდეს, მან უნდა განავითაროს 11000 კმ/წმ სიჩქარე; შავ ხვრელს კი ისეთი მიზიდულობის ძალა აქვს, რომ მისგან სხეულის მოწყვეტას წამში 300 000 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება სჭირდება. ამიტომაც იზიდავს ის ყველაფერს, რაც მიუახლოვდება­ და ამიტომაც არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა თვით სინათლესაც კი.

- იმ პლანეტებზე რას იტყვით, რომელიც მზის სისტემის გარეთ აღმოაჩინეს და რომლებზეც ვარაუდობენ, რომ იქ სიცოცხლეა.

- ამ ე.წ. სასიცოცხლო ზონის 7 პლანეტას აქვს ატმოსფერო და ტემპერატურა 0-დან 100 C - მდე. ყოველი მათგანი აღმოჩენილია 2000 წლის შემდეგ. მაგრამ ამ პლანეტებამდე მისაღწევად ადამიანს მაქსიმუმ სინათლის სიჩქარის 300 წელი სჭირდება.

- მაშინ რატომღა ვირჯებით მათ აღმოსაჩენად, თუ იქამდე მიღწევას ვერასოდეს შევძლებთ.

- ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და არავინ იცის, რა იქნება XXII საუკუნეში. წინ შოკის მომგვრელი აღმოჩენებია. მაგალითად, გია დვალს აქვს სივრცის "დაკეცვის" თეორია, რაც იმას ნიშნავს, რომ 300-კილომეტრიანი სივრცის "დაკეცვა" შევძლოთ ერთ კილომეტრამდე. მაშინ ხომ სასიცოცხლო ზონის პლანეტებამდე მანძილი შემცირდება! - მითხრა ბატონმა გიორგიმ და კიდევ ერთხელ გამაოგნა ამ პატარა ვარსკვლავთა ქალაქში.

ასტრონომია საქართველოში


საქართველოში კოსმოსის მეცნიერული შესწავლა უკვე დიდი ხანია აბასთუმანთან და აბასთუმნის ობსერვატორიასთან არის დაკავშირებული.

აბასთუმანში ციური სხეულების დაკვირვება რუსეთის იმპერიის უფლისწულის, ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება. გიორგი რომანოვი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. აბასთუმნის კლიმატისა და აბანოების სამკურნალო თვისებები ოდითგანვე იყო ცნობილი. გიორგი რომანოვს აბასთუმანში მთელი ამალა ჩამოჰყვა. ხშირად მას რუსეთის იმპერიის წამყვანი პროფესორები სტუმრობდნენ. უფლისწული ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანქტ- პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში, გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებოდა.

1893 წელს ორმაგი ვარსკვლავების მკვლევარი, ამერიკელი მეცნიერი შერბურნ ვესლი ბურნჰამი (Sherburne Wesley Burnham) წერდა, - გლაზენაპის დაკვირვებებმა ცხადყო, რომ აბასთუმანი ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ერთობ ხელსაყრელი ადგილიაო.
1932 წელს დაბა აბასთუმანში პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. ხუთი წლის შემდეგ ობსერვატორია დაბა აბასთუმნიდან იქვე, ქონაბულის მთაზე გადაიტანეს. ობსერვატორიას დაარსების დღიდან სათავეში ახალგაზრდა მეცნიერი ევგენი ხარაძე ჩაუდგა. ის 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო.

2007 წლიდან კი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად იწოდება.
აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი (მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი).

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (11)
Темо
30 ოქტომბერი 2017 06:09
Лука, бедниери адамиани хар, ром гаквс сашуалеба, илапарако квелазе саинтересо темебзе шенс сакварел адамиантан
ზაზა
25 ივლისი 2017 10:29
მიშას ვეთანხმები. ავტორის აზრით 1961 წელს გაგარინის ხომალდმა უკვე 11000კმ/წმ-ში განავითარა რადგან ის დედამიწას მოწყდა. თუ ესეთი ტექნოლოგიები და სიჩქარე იყო მაშინ, აბა ეხლა ჩვენ უკვე იგერ მეზობელ გალაკტიკაში ანდრომედას ნისლეულში სტუმრად უნდა დავდიოდეთ :)
ლუკა
23 სექტემბერი 2016 03:57
სასიამოვნო წასაკითხი არის ეს სტატია. ასტრონომია ფანტასტიური მეცნიერება არის, ულამაზესი, უმშვენიერესი, განმათავისუფლებელი. მიზიდულობის ძალა ვერ მიგაჯაჭვებს დედამიწას როცა ასტრონომიულ საკითხებს სწავლობ. კეთილშობილების მეცნიერება არის ასტრონომია, ადამიანის ღირსეულ ქმნილებად, ზნეობრივ ქმნილებად გაზრდის, გარდაქმნის, ჩამოყალიბების მეცნიერება არის. ასტრონომია ანგრევს ადამიანის ცნობიერების კედლებს, ასტრონომია ამსხვრევს უცოდინრობის ბორკილებს, ასტრონომია გვაახლოვებს ჩვენს კოსმიურ მეზობელ ცივილიზაციებთან. ასტრონომია კოსმოსიდან გვანახებს საკუთარ ციცქნა თავს, ერთ ციცქნა პლანეტაზე, რომელიც უთვალავი ვარსკვლავის, გალაქტიკის და სამყაროს ოკეანის სანაპიროზე უთვალავი ქვიშის მარცვალში ერთერთი მარცვალი არის.
luxo-s
24 აგვისტო 2016 10:47
ბოლო ორი გამოთქმა აინშტაინს არ ეკუთვნის.

აინშტაინი ვაკუუმს ნამდვილად არ თვლიდა ცნობიერად., ბიბლიას რაც შეეხება გიმეორებთ, აინშტაინს არ სჯეროდა განპიროვნებული ღმერთის (ანუ ღმერთის იმ კონცეფციის, რისი 90% ე.წ მორწმუნეს სჯერა. მას სჯეროდა სპინოზას ღმერთის, ანუ ბუნების კანონების ჰარმოია არის რმერტიო,
888
23 აგვისტო 2016 16:30
მე მგონი გია დვალი უკვე ასტრალშია,მაგრად "გაუბერა".
მიშა
20 აგვისტო 2016 15:53
"დედამიწას რომ სხეული მოსწყდეს, მან უნდა განავითაროს 11000 კმ/წმ სიჩქარე" - აქ სამი ნოლი ზედმეტია. თუ ჟურნალისტი ფიქრობს, რომ არა ნოლი საქმეს არ აფუჭებს და რამდენიც არ უნდა მივუმატოთ უშავს, ძალიან სცდება. როცა ასეთ საკითხებზე აპირებს სტატიის დაწერას უნდა გადახედოს სკოლის ასტრონომიის სახელმძღვანელოს მაინც. :)
კეპლერი
20 აგვისტო 2016 13:43
კოლაიდერში რომ გვარიანად დაგასხივებენ, მერე სივრცეც "ზონტიკივით" დაიკეცება, გლობუსი კი ჩაის "სტაქანში" აღმოჩნდება!
ia
20 აგვისტო 2016 13:06
ილიას უნივერსიტეტმა თსუ-ს წაართვა უამრავი რამ,სააკაშვილის დროს, ყველანაირად ეცადნენ რომ დაეკნინებინათ დედა უნივერსიტეტი,აბა "ნუცას სკოლაში" რა უნდოდა ამ კვლევებს 10 წლის წინ.
ქარიმანი
09 აგვისტო 2016 05:45
ახედავ ღამე, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას
და სულში ისევ ფორიაქობს ის ძველი კითხვა:
ნეტავ თუ არის კიდევ სადმე. სხვაგან სიცოცხლე
და როგორც წუხელ, კვლავ უპასუხოდ რჩება ეს კითხვა.

გათენდება და კვლავ ახლოს მოვა ჩვენი ვარსკვლავი,
ღამით კი ისევ ჩვენი სიცოცხლე დაემსგავსება რწყილის
სიცოცხლეს,
ძაღლზე რომ ცხოვრობს და ეკითხება თავის მეზობელს:
ჰეი ძმობილო!გამაგებინე,სხვა ძაღლზე თუ არს ნეტავ
სიცოცხლე.

მეზობელი კი წარბებშეკრული პასუხობს მოძმეს:
ნეტავ რას როშავ,ან რა ღირსი ხარ რომ გქონდეს სახლი,
ეგრე რომ იყოს, ვარტო ჩვენ ვიყოთ ბეწვისყანაზე,
მითხარი ერთი, ვის რად უნდოდა ამდენი ძაღლი.

კიდევ ერთს გეტყვი, დაიმახსოვრე კარგად შე ბრიყვო,
რომ მეკითხები, სხვა ძაღლზე თუ არს ნეტავ სიცოცხლე,
კარგად იცოდე იქ არ იქნება შენისებრ ბრიყვი,
ისიც იცოდე, რომ თვითონ ძაღლიც არის ციცოცხლე.

luxo
06 აგვისტო 2016 13:20
აინშტაინ!-- შეჩერდი !!!
ფარდობითობის თეორიის თანახმად, თუ ადამიანი გადაადგილდება მზის
სხივის სისწრაფით, მაშინ, მისთვის გასული ერთი წელი, დედამიწის კალენ-
დრის ას წელს გაუტოლდება. (შვილი მამაზე უხნესი აღმოჩნდება, ალბად
ფიზიოლოგიურად, რასაც ენერგიის მუდმივობა და მსოფლიოს მარადისობა,
თეორიულად, ხოლო წყალბადის ბომბები, პრაქტიკულად-ადასტუ-
რებენ)
” რამდენი რამ უნდა ვისწავლოთ, რამდენი რამე გავიგოთ,
რომ გავიგოთ ის, რომ არაფერი არ ვიცით”.
მე არ ვიყავი ასი წლის წინათ, და არ ვიქნები ასი წლის შემდეგ,
ჩემო წარსულო! შეგეკითხები: თუ კი არსებობ, სად უნდა შეგხვდე?
ბევრი მინახავს შენი ნაღვაწი, წიგნში, მიწაზე, მიწის წიაღში,
ვარსკულავეთში არ მიძებნია, იქამდე კიბე ვეღარ მივადგი.
მაგრამ იმედი ცოცხლობს მარადი, რომ ოდეს ჟამი იქცევა სივრცედ.
წარსული ჩვენსკენ შემობრუნდება, ერთად ცხოვრებას დავიწყებთ ისევ.
თუ მართალია ემ-ცე კვადრატი, E=MC2
აინშტაინიც თუა მართალი?
სხვა გზა არ გვრჩება არსთგამრიგეს, ვთხოვოთ შენდობა, პანდორას ყუთის გასაღებს კი, ნუღარ გვენდობა.
რადგან არ ვიცით, რას გვახარებს ბებია ქალი.
*
1.”მეშინია იმ დღის, როდესაც ტექნიკა, ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის.”
2.” ბიბლია აფართოვებს შენს მსოფლმხედველობას, ის ერთადერთი წიგნია
მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერია.”
3.”ვაკუმს, რომელიც აძლევს ნაწილაკებს ფორმას, აქვს ცნობიერება.”
(ალბერტ აინშტაინ ი)

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები