"სილიკონ ველი თბილისში" - პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი საქართვლოში - კვირის პალიტრა

"სილიკონ ველი თბილისში" - პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი საქართვლოში

მრავალმილიონიანი პროექტი აითი -აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში - თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე "სილიკონ ველი თბილისში" გააერთიანებს

თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რთულია წარმატებას მიაღწიოს სტარტაპმა, რომელსაც აქვს ინოვაციური ბიზნესიდეა, მაგრამ არ ფლობს მისი განხორციელების საბაზო ტექნოლოგიურ უნარებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2020 წლისთვის ახალი სამუშაო ადგილების 90%-ზე მეტი ციფრული ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტებს მოითხოვს. სტარტაპებში ინვესტიციები და ვენჩურული კაპიტალები კი სულ უფრო გაიზრდება.

საკუთარი ბიზნესიდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს, მეწარმეებს მალე "სილიკონ ველი თბილისში" შეეძლებათ.

მრავალმილიონიანი პროექტი აითი-აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში - თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე "სილიკონ ველი თბილისში" გააერთიანებს.

პროექტის ფარგლებში "სილიკონ ველი თბილისში" ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.

პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

"ეს არ არის შორეული პერსპექტივა. ეს მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენთან მომზადებული კადრები ძალიან სწრაფად გახდებიან მოთხოვნადი და წარმატებული არა მხოლოდ ქართულ ბიზნესკომპანიებში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ქართველ სპეციალისტებს აღარ მოუწევთ განათლების მიღება და გადამზადება უცხოეთში, რათა წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. "სილიკონ ველი თბილისი" მათ შესაძლებლობას მისცემს, ადგილზე შეიძინონ საჭირო უნარები და მუშაობა დაიწყონ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებში", - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი.

"სილიკონ ველი თბილისში" განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების სამ საფეხურს მოიცავს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. პროგრამა ორიენტირებული იქნება მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ინოვაციური პოტენციალის წახალისებაზე, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც საბოლოოდ კურსდამთავრებულს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების საშუალებას მისცემს. მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს "სილიკონ ველი თბილისში" მდებარე აითი-აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ.

მაღალი ტექნოლოგიების სექტორსა და სტარტაპების განვითარებაში ისრაელი ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო ათწლეულებში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.

სწავლიდან ბიზნესიდეების განხორციელებამდე

Reსearch-ის ინფორმაციით, 2015 წელს ისრაელში სტარტაპების საერთო რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. აქედან 373-მა კომპანიამ ჯამში 3,58 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 69 სტარტაპ-კომპანია კი, ჯამში 5,41 მილიარდ დოლარად გაიყიდა.

ერთ სულ მოსახლეზე მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქტს ქმნიან, ისრაელი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ექსპორტის 70%-ს აღწევს. ყოველივე ამის ფონზე ისრაელში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა Intel-ი და Microსoft-ი, რომლებიც ქვეყანაში კვლევებსა და განვითარებას ეწევიან, საკუთარი ოფისები აქვთ google-ს, facebook-ს Apple-ს, Yahoo-ს. .

"ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოში, ამ საოცარ ქვეყანაში. ჩვენი ცენტრი ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და ტრენინგცენტრია, სადაც ყოველწლიურად 15 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას და მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლება. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ, მოვამზადოთ მაღალტექნოლოგიური სპეციალისტები, პროგრამული ინჟინრები, რომლებზეც დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა", - აღნიშნავს დროდ შრემი, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი.

აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მომზადდება კადრები კომპანიებისთვის. სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში, აკადემიის სტუდენტები მიიღებენ განათლებას და გაივლიან ტრენინგებს. მეორე ეტაპზე ისინი განივითარებენ თავიანთ უნარ-ჩვევებს, მესამე საფეხურზე კი, საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებაზე იმუშავებენ.