ვინ მოდის მომავლიდან? - პატარა გამომგონებლების მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი - კვირის პალიტრა

ვინ მოდის მომავლიდან? - პატარა გამომგონებლების მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი

ახლახან ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მეთერთმეტეკლასელებმა, მარია ერაძემ და გიორგი ფხაკაძემ ბიოლოგიის პედაგოგის, სოფიო გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით ბიოლოგიის სფეროში ოქროს მედალი მოიპოვეს. მოსწავლეებმა ადგილობრივი მცენარეული ნედლეულისგან ახალი თაობის მაღალი ბიოლოგიური ღირებულებისა და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, ვიტამინებით გაჯერებული დიაბეტური პროდუქტი შეიმუშავეს.

კვლევის მიზანსა და შედეგებზე მარიასა და გიორგის ვესაუბრეთ...

გიორგი:

- ცხოვრების დღევანდელი რიტმი, მისი თანამდევი სტრესი და არასწორი კვება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, დიაბეტის გამომწვევია. ჩვენი კვლევის საგანიც სწორედ დიაბეტია, რადგან ფართოდაა გავრცელებული. სამწუხაროდ, ეკოლოგიური დაბინძურებისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, მაჩვენებელი ყოველდღიურად იმატებს. პროექტი რკინადეფიციტურ ანემიაზეც გვქონდა, მაგრამ დიაბეტი მეტად აქტუალურია და ჩვენც, კვლევის მიზნად მისი შემსუბუქება დავისახეთ.

- სამედიცინო თემით რატომ დაინტერესდით, ამ სფეროსთან ოჯახის წევრები ხომ არ არიან დაკავშირებული?

- ოჯახში ექიმი არ გვყავს. ბებიაა კვების ტექნოლოგი. ეს თემა ბავშვობიდან მაინტერესებდა. თუმცა, სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით არ ვაპირებ. სავარაუდოდ, უმაღლეს განათლებას უფრო ტექნიკური მიმართულებით მივიღებ.

მარია:

- დედაც და მამაც ექიმები არიან, თუმცა, პირადად მე ქიმია-ბიოლოგია მაინტერესებს.

- დავიწყოთ კვლევის საწყისი ეტაპით. საკვლევი კულტურები რის მიხედვით შეარჩიეთ?

- კვლევის საწყის ეტაპზე ადგილობრივი მარცვლოვანი და პარკოსანი ნედლეული შევარჩიეთ. უპირატესობას ისეთ კულტურებს ვანიჭებდით, რომელიც საქართველოში ოდითგანვე ტრადიციულ კულტურებად მიიჩნეოდა და ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იყო. შევარჩიეთ მარცვლოვანი კულტურები - ხორბალი და ჯიჯლაყა (ამარანტი) და პარკოსანი კულტურები - ოსპი და სოიის მარცვალი. სოიის მარცვალი სხვა კულტურებისგან სახამებლის ანუ ნახშირწყლების დაბალი შემცველობით (17.3%) გამოირჩევა და შეიძლება წარმატებით გამოიყენონ დიაბეტიანთა საკვებ რაციონში.

გიორგი:

- რადგან დიაბეტიანთა კვებაში რეკომენდებულია დაბალი ენერგეტიკული და მაღალი ბიოლოგიური ღირებულების პროდუქტების გამოყენება, გადავწყვიტეთ, საკვები ნივთიერებები ადვილად მოსანელებელ მდგომარეობაში გადაგვეყვანა. ნივთიერებები, რომლებსაც ესა თუ ის მარცვლეული შეიცავს, მარცვლის აღმოცენებისა და გაღივების პროცესში იშლება, რაც უკვე ორგანიზმში მიმდინარეობს. გაღივებული და აღმოცენებული მარცვლები კი ორგანიზმისთვის უფრო მარტივი შესათვისებელია, რადგან ამინომჟავებს და ცხიმის მონომერებს ენერგეტიკული ღირებულება ეკარგებათ და ორგანიზმი მათ, როგორც მხოლოდ `საშენ მასალას~, ისე იღებს. მარცვლის გაღივებას კლასიკური მეთოდით ვახდენდით, რისთვისაც მას გასაჯირჯვებლად 6-8 საათი ვალბობდით, 5 დღის განმავლობაში კი აღმოცენდებოდა. არსებული რეკომენდაციის თანახმად, საკვებად გამოსაყენებელი მარცვლის ღივის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს, რადგან ზუსტად ამ მომენტშია ენერგეტიკული ღირებულება ყველაზე დაბალი და ბიოლოგიური ანუ `საშენი მასალის~ რაოდენობა - ყველაზე მაღალი. ეს ეტაპი ყველაზე ოპტიმალურია საკვები პროდუქტის მოსამზადებლად, ორგანიზმისთვის კი ყველაზე სასარგებლო. ამიტომ, სწორედ ამ დროს ვიღებდით ნიმუშებს საანალიზოდ და ვსაზღვრავდით მათში ძირითად საკვებ ნივთიერებებსა და მიკრონუტრიენტებს.

- გაღივებული მარცვლების მიღებისას მათი ენერგეტიკული ღირებულებაც იკლებს?

- დიახ, გაღივების პროცესში ენერგეტიკული ღირებულება, საშუალოდ, 50%-ით იკლებდა, ბიოლოგიური აქტიურობა კი, დაახლოებით, 30-40%-ით იმატებდა. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ საკვები ნივთიერებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების კი - გაიზარდა. გაღივების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა მარცვლის ენერგეტიკული ღირებულება: ხორბლისთვის - 35%-ით, ამარანტისთვის 50%-ით, სოიისთვის - 59%-ით, ოსპისთვის - 56%-ით.

გაგრძელება