"ადამიანები პლანეტათაშორის სახეობად უნდა იქცნენ, ააშენონ მარსზე კოლონია და დასახლდნენ" - რა ეღირება მარსზე გაფრენა? - კვირის პალიტრა

"ადამიანები პლანეტათაშორის სახეობად უნდა იქცნენ, ააშენონ მარსზე კოლონია და დასახლდნენ" - რა ეღირება მარსზე გაფრენა?

ილონ მასკი პირობას დებს, რომ მარსზე გადაიყვანს მილიონ ადამიანს დამოუკიდებელი ცივილიზაციის შესაქმნელად!

ორიოდე კვირის წინ, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარსის ათვისებისთვის ამერიკის მთავრობა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ცნობით კი, ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დაიწყება მუშაობა და 2030-იანი წლებისთვის მარსის ათვისების პირველი ეტაპი დამთავრდება.

"ჩვენ დავისახეთ მკაფიო მიზანი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კოსმოსში ამერიკის ისტორიის მომდევნო ფურცლებისთვის. ეს არის 2030-იან წლებში მარსზე ადამიანების გაგზავნა და მშვიდობიანად დაბრუნება დედამიწაზე", - დაწერა ბარაკ ობამამ "ტვიტერზე" და დასძინა: " მთავრობა ითვალისწინებს მარსზე ხანგრძლივი ექსპედიციების მივლინებას.

მარსის ათვისება ითხოვს თანამშრომლობას მთავრობას, კერძო კომპანიებსა და ნოვატორებს შორის. ჩვენ ამ გზაზე უკვე მივაღწიეთ წარმატებას. მომდევნო ორი წლის მანძილზე კერძო კომპანიები პირველად გაგზავნიან ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე... ჩვენ ვმუშაობთ კომერციულ პარტნიორებთან, რათა შევქმნათ შორეულ კოსმოსში ბინადრობისთვის ახალი ადგილები, სადაც იქნება ასტრონავტთა ხანგრძლივი მისიები. ეს მისიები მისცემენ კაცობრიობას ცოდნას, როგორ შეიძლება ცხოვრება დედამიწისგან შორს... წლების წინ ჩვენ გამოვაცოცხლეთ NASA-ს ტექნოლოგიური ინოვაციები, განვაახლეთ ცხოვრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც. შარშან NASA-მ დაამტკიცა მარსზე წყლის, ხოლო იუპიტერის თანამგზავრზე ყინულის არსებობა. ჩვენმა ტელესკოპებმა აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი პლანეტები შედარებით მოშორებული ვარსკვლავების გარშემო... რამდენიმე დღეში შევკრებთ ამერიკის წამყვან მეცნიერებს, ინჟინრებს, ნოვატორებსა და სტუდენტებს, რათა დავადგინოთ ჩვენი კოსმოსური განვითარების ახალი საზღვრები. დღეს კოსმოსურ ინიციატივებზე უკვე მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი კომპანია მუშაობს".

ილონ მასკი პირობას დებს, რომ მარსზე გადაიყვანს მილიონ ადამიანს დამოუკიდებელი ცივილიზაციის შესაქმნელად!

მეცნიერთა აზრით, 1000-ზე მეტი კომპანიიდან, აშშ-ის მთავრობის იმედი, ძირითადად, NASA-სა და უფრო მეტად ამერიკულ კოსმოსურ კომპანია "სპეის იქსთან" არის დაკავშირებული, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი მრავალი წელია აცხადებს, რომ "სპეის იქსის" მთავარი ამოცანა მარსზე პილოტირებული მოგზაურობაა.

როგორც ილონ მასკმა განაცხადა, მისმა კომპანიამ წარმატებით გამოცადა მარსზე გასაფრენი რაკეტისთვის განკუთვნილი ძრავა "რაპტორი", რომელიც თხევად მეთანზე მუშაობს. ამჟამად "სპეის იქსს" დააქვს ტვირთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და გაჰყავს კოსმოსური აპარატები დედამიწის ორბიტაზე, მაგრამ ილონ მასკი პირობას დებს, რომ მარსზე გადაიყვანს მილიონ ადამიანს დამოუკიდებელი ცივილიზაციის შესაქმნელად!

მასკის აზრით, "დედამიწაზე გამანადგურებელი კატასტროფის ალბათობა მაღალია, რის გამოც ადამიანები პლანეტათაშორის სახეობად უნდა იქცნენ, ააშენონ მარსზე კოლონია და დასახლდნენ". მისი გამოთვლით, პირველი გაფრენის შემდეგ მარსზე დამოუკიდებელი ცივილიზაციის ჩამოყალიბებამდე 40-დან 100 წლამდე პერიოდი იქნება საჭირო.

"სპეის იქსი" ამჟამად მუშაობს ისეთი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ბორტზე მიიღოს დაახლოებით 100 მგზავრი და 450 ტონა ტვირთი. თითოეული რაკეტის 12-15 გაფრენით, 10 000 რეისის შემდეგ, მილიონი ადამიანის გადაყვანა მოხერხდება. ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის მარსამდე ფრენას 80 დღე-ღამეზე მეტი არ დასჭირდება.

"ბილეთის ფასი თავდაპირველად 10 მლრდ დოლარი იქნება, როცა მგზავრების რაოდენობა გაორმაგდება, ფასი 200 ათას დოლარამდე დაიწევს",

ცნობილმა მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა თავის ახალ წიგნში კაცობრიობას სხვა პლანეტების ათვისების აუცილებლობისკენ მოუწოდა! დიდი მეცნიერის აზრით, ადამიანთა რასას მომავალი არა აქვს, თუ ის კოსმოსში არ გავა, რადგან დედამიწა, შესაძლოა, განადგურდეს სტიქიური უბედურების ან ტექნოლოგიური კატასტროფის შედეგად.

"ჩვენ მომავალ თაობას უნდა შთავაგონოთ კოსმოსისა და მთლიანად მეცნიერების შესწავლის აუცილებლობა, რათა დავადგინოთ, რა გველოდება კოსმოსში, არსებობენ უცხოპლანეტელები თუ მარტონი ვართ?" - წერს ჰოკინგი წიგნში "როგორ შევქმნათ კოსმოსური ხომალდი".

ამჟამად სტივენ ჰოკინგი მონაწილეობს რამდენიმე მასშტაბურ პროექტში, რომლებიც ითვალისწინებს უცხოპლანეტელთა აღმოჩენას, და აპირებს, დააფინანსოს ახალი ტექნიკის შექმნა და ასტრონომების მუშაობა, დაიქირაოს უმსხვილესი რადიოტელესკოპები, რათა ვუსმინოთ ჯერ ჩვენს გალაქტიკას და მერე 100 მეზობელ გალაქტიკასაც.

რამაზ გურგენიძე