ბილ გეითსი კოღოებთან ომში ჩაება... - კვირის პალიტრა

ბილ გეითსი კოღოებთან ომში ჩაება...

ლაზერი - მხოლოდ დედალი კოღოსთვის!

მალარიასთან მებრძოლი "ქვემეხი" უბრალო ლაზერული პრინტერის დეტალებისგან შექმნეს!

ლაზერის ქვემეხის ტექნოლოგიებზე მუშაობა ამერიკაში ჯერ კიდევ რეიგანის "ვარსკვლავური ომის" პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ინჟინრებმა სპეციალურად აღჭურვილი "ბოინგ-747"-დან ლაზერული ქვემეხის სხივით ბალისტიკური რაკეტაც ჩამოაგდეს.

ახლახან კი ლაზერული ქვემეხის ტექნოლოგიები გაცილებით "მიწიერი მიზნებით" გამოიყენა კომპანია იცროსოფტ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათან მირვოლდმა. მან თავისი მეგობრის, ყოფილი შეფის - ბილ გეიტსის ცოლის მელინდას თხოვნითა და დაფინანსებით შექმნა მოწყობილობა, რომელიც ლაზერის სხივით მალარიის გადამტან კოღო ანოფელესს ანადგურებს (მირვოლდს დიდი დახმარება კი სწორედ "ვარსკვლავური ომის"  სპეციალისტმა - ასტროფიზიკოსმა ლოუელ ვუდმა გაუწია).

მას შემდეგ, რაც მელინდა გეიტსმა მოზამბიკში იმოგზაურა - აფრიკაში მალარიის გავრცელების მასშტაბმა შეაშფოთა. ამიტომაც მეუღლესთან, ბილ გეიტსთან ერთად, რომელიც იცროსოფტ-ის პრეზიდენტობიდან ქველმოქმედებაზე გადაერთო, მალარიის დამარცხება განიზრახა. მალარიის გადამტანი კოღო ამ კამპანიის მხოლოდ ნაწილია.

KvirisPalitra.Geნათანმა "ქვემეხი"  აშშ-ში გამართულ ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე წარადგინა. მთავარი ის არის, რომ მისმა ინჟინრებმა ეს ლაზერული მოწყობილობა ადვილად ხელმისაწვდომი მასალების - უბრალო ლაზერული პრინტერის დეტალებისგან შექმნეს! კონფერენციაზე მაყურებლებს წარუდგინეს მინის ყუთი, რომელშიც ასობით კოღო დაფრინავდა.

ლაზერულმა ქვემეხმა წამში საშუალოდ 100 კოღო გაანადგურა, რაც შენელებული გადაღებისას კარგად გამოჩნდა. ლაზერის "მოთვალთვალე" განყოფილება გასანადგურებელი ობიექტების ზომებს ისე განსაზღვრავს, რომ ქვემეხის სამიზნეში განსხვავებული ზომის ობიექტი არ აღმოჩნდეს. ის კი არა, ქვემეხი ერთმანეთისგან დედალ და მამალ კოღოებსაც არჩევს (დედალი უფრო დიდია) და დედალს ანადგურებს, რადგან მამალი კოღო ადამიანს არ კბენს.

იაფი მასალების გამო, ლაზერული ქვემეხის ფასი სულ რაღაც 50 დოლარში "ჩაატიეს", მიუხედავად იმისა, რომ თვალთვალისა და დამიზნების სინქრონიზებას სპეციალურად შექმნილი ძალზე რთული პროგრამა დასჭირდა.

მელინდა და ბილ გეიტსები იმედოვნებენ, რომ მალე აფრიკაში ეს ქვემეხი ფართოდ გამოსაყენებელ საყოფაცხოვრებო ტექნიკად იქცევა.

რამაზ გურგენიძემ