არასრულწლოვანი ქართველი ძმების გამოგონებული ღვინის ხარისხის დამდგენი ანალიზატორი
ძმებმა, გიორგი და კოსტა ბუთბაიებმა, ღვინის შემადგენლობისა და ხარისხის დამდგენი პორტატული ანალიზატორი გამოიგონეს, რომელსაც დღემდე არსებულ ფიზიკურ-ქიმიურ ლაბორატორიულ ანალიზებთან შედარებით, არაერთი პრივილეგია გააჩნია.
სკოლის მოსწავლე გამომგონებელმა ძმებმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ანალიზატორის სახით უკვე მესამე პროექტი წარადგინეს და პირველი კატეგორიის პრიზი - ოქროს მედალი მოიპოვეს. წარმატებულ ძმებზე სტატია ჟურნალმა "გზამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
გიორგი ბუთბაია:
- გვინდოდა, პროექტისთვის საჭირო და გამოსაყენებელი ხელსაწყო შეგვექმნა. რაც შეეხება ღვინოს, საქართველო ღვინის ქვეყანაა. ამიტომაც შევჯერდით ამ თემაზე.
- თქვენი შექმნილი ხელსაწყო როგორია და რით განსხვავდება ანალიზის ეს მეთოდი დღემდე არსებული მეთოდებისგან?
- ეს ღვინის პორტატული ექსპრესანალიზატორია მოლეკულურ-ვიბრაციული (რამანის) სპექტროსკოპიის გამოყენებით. მთავარი განმასხვავებელი დღემდე არსებული მეთოდებისგან ისაა, რომ ღვინის პორტატული ექსპრესანალიზატორი არ შედის ნივთიერებასთან უშუალო კონტაქტში და შესაბამისად, არ ცვლის ან აზიანებს მის შემადგენლობას. ლაზერულ-სპექტრული ანალიზი და ღვინის შემადგენლობაში არსებული ორგანული ნივთიერებების განსაზღვრა დასაკვირვებელი ღვინის ნიმუშთან შეხების გარეშე ხორციელდება.
არსებული მეთოდებით ანალიზის ჩატარება მნიშვნელოვან დროს მოითხოვს, ჩვენ მიერ შეთავაზებული მეთოდი კი ბევრად სწრაფია - მისი საშუალებით ღვინის ხარისხის შესამოწმებლად მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო. გარდა ამისა, გამოყენებული ანალიზური დანადგარები არაკომპაქტურია და მათი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აჭარბებს.
- ღვინის ლაზერულ ანალიზატორს მსოფლიოში ანალოგი თუ გააჩნია?
კოსტა ბუთბაია:
- არ გააჩნია. როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები გამოიყენება. მეთოდები, რომელიც შესასწავლ მასალას აზიანებს.
ღვინის სპეციალისტებს თუ წარუდგინეთ და მათი მხრიდან რაიმე დაინტერესება თუ მოჰყვა?
- დაინტერესება დიდი იყო და დაპატენტებასაც ვაპირებთ, თუმცა, ჯერჯერობით, მის დახვეწაზე და სხვა, ახალ პროექტზე ვმუშაობთ.
(იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 31 აგვისტოს ნომერში)
შორენა ლაბაძე