"ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი" - ქართველი ბიჭი, რომელიც "ფეისბუკმა" 250 000 სტუდენტიდან შეარჩია - კვირის პალიტრა

"ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი" - ქართველი ბიჭი, რომელიც "ფეისბუკმა" 250 000 სტუდენტიდან შეარჩია

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში.

ლუკა "ფეისბუკმა" 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი "ფეისბუკში" დასაქმდა.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა "ფეისბუკმა" ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.

"ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს", ამბობს ლუკა და იხსენებს "ფეისბუკის" რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.

ყოველწლიურად "ფეისბუკში" 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. "ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას" - განაცხადა კენ უოლშმა.