იდუმალი სამყაროს ხლართებში - კვირის პალიტრა

იდუმალი სამყაროს ხლართებში

ადამიანის არსებობის მანძილზე არ მეგულება ძე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ოცნებით არ გაენავარდოს ვარსკვლავეთში. რაც მეტად ჭკვიანდებოდა ჰომო საპიენსი, მით მეტ ცოდნას აგროვებდა ვარსკვლავთა "წინასწარმეტყველებათა წიგნში".

წიგნი კაცობრიობის უტყუარი მეგზური აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ვარსკვლავებში გასვლის სურვილი, კაცობრიობა ამას არ დასჯერდა და XVII საუკუნეში კოსმოსში ტელესკოპი "გაიჭრა", XX-ში, -თვით ადამიანი, ოღონდ "ახლოს", -მთვარეზე. XXI-ში კი ასტრონომებმა სრულად დაათვალიერეს გალაქტიკა, რომელშიც ჩვენი დედამიწაა. ჩვენს გალაქტიკას "ირმის ნახტომი"ჰქვია და მასში ჩვენი მზისნაირი 150 მილიარდი ვარსკვლავია.

ნუ გაგიკვირდებათ! თანამედროვე ასტრონომებს უკვე აღარაფერი აოცებთ. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი ასტრონომებიც, რომლებიც აბასთუმნის ობსერვატორიაში აკვირდებიან კოსმოსს. ერთ-ერთი მათგანია ბატონი გიორგი ჯავახიშვილი.

- ბატონო გიორგი, რამდენი ხნის არის სამყარო?

-დღევანდელი თეორიებით, დაახლოებით 14 მილიარდი წლისა. ეს ზღვარია, მანამდე აღარ ვიცით, რა იყო. ჩვენი მზე 5 მილიარდი წლისაა, დედამიწა კი 4 მილიარდ შვიდასი მილიონისა. საშუალოდ ამ ასაკის არის ჩვენი მზის გარშემო დედამიწასავით მოძრავი პლანეტები: მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ჩვენ შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ 6000M ვარსკვლავს ვხედავთ, დანარჩენის დასანახად საჭიროა ტელესკოპი. ტელესკოპამდე ადამიანები ვარსკვლავებს მხოლოდ თვალით აკვირდებოდნენ ობსერვატორიებში. დღეს სამყაროში დაახლოებით 1000 მილიარდი გალაქტიკაა აღმოჩენილი...

- დღეს ამ ათას მილიარდ გალაქტიკაში შეიძლება იყოს სიცოცხლით დასახლებული პლანეტებიც?

- თეორიულად რატომაც არა!.. ჯერჯერობით კაცობრიობას არ აქვს ისეთი ტექნიკა, ეს საკითხი რომ შეისწავლოს. ამჯერად შეგვიძლია გამოვიკვლიოთ შედარებით "ახლო"პლანეტების ტემპერატურა, შემადგენლობა და მასა. მთავარი წყალია. თუ რომელიმე პლანეტაზე ტემპერატურა არ არის 00-ზე მაღალი, ანუ წყალი არ იყინება და 1000-ზე დაბალი, ანუ წყალი არ ორთქლდება, ესე იგი, ამ პლანეტაზე სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს... მაგალითად, სიცოცხლე შეიძლება იყოს იუპიტერის თანამგზავრ იოზე...

სხვათა შორის, ახლახან იპოვეს პლანეტა, რომელიც ტემპერატურის მიხედვით ასევე სიცოცხლის ზონაშია. ასე რომ, ასტრონომები ეგზოპლანეტების ძებნაში ფანტასტიკურ აღმოჩენებს ახდენენ და ქართველებსაც შემოგვთავაზეს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტების ძებნა, რასაც ახლო მომავალში ვაპირებთ... სხვათა შორის, ქართველები ყოველთვის ვსწავლობდით სამყაროს. მაგალითად, 1154 წელს სწავლულებმა აღწერეს ვარსკვლავი, რომელიც ისე კაშკაშებდა, ვარსკვლავის დაბადებად ჩათვალეს. საუკუნეების შემდეგ გაირკვა, რომ სწორედ 1154 წელს აფეთქებულა ეს ვარსკვლავი. ე.ი. როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა გაიარა სიცოცხლის გზა და მოკვდა.

- აფეთქება დედამიწასაც ემუქრება?

- არა. მხოლოდ დიდი მასის ვარსკვლავები ფეთქდებიან, დედამიწა კი პლანეტაა და თანაც "მცირე"მასისა. დიდი მასის ვარსკვლავები ჯერ წყალბადის თერმობირთვული რეაქციით ანათებენ, წყალბადი რომ გამოილევა, ჰელიუმი იწვის. ჰელიუმის ანთებას კი 300 მილიონი გრადუსი სჭირდება. ეს ტემპერატურა მხოლოდ მასიური ვარსკვლავების გულში წარმოიშვება. შემდეგ ნახშირბადი იწვის, ბოლოს რკინა და როცა ყველაფერი გათავდება, ვარსკვლავი ფეთქდება.

მზეც ვერასოდეს აფეთქდება, მხოლოდ ჩაქრება -5 მილიარდი წლის მერე მზის წყალბადის ენერგიაც გამოილევა... ნელ-ნელა გაცივდება და 50 მილიარდი წლის შემდეგ ჯერ წითელ ბურთად გადაიქცევა, მერე ყავისფრად, ბოლოს ჩაქრება. ამის შემდეგ კი საერთოდ გაიყინება. მაგრამ ჯერ გავიდეს 5 მილიარდი წელიწადი, იმედი მაქვს, ადამიანი მანამდე რამეს მოიფიქრებს...

- არც რაიმე დაგვეჯახება? ხშირად გაიგონებთ, დედამიწას 2012 წელს კატასტროფა ემუქრებაო...

-იმას გულისხმობთ, რომ მავანთა მტკიცებით, დედამიწას რომელიღაც პლანეტა "ნიბერუ"გაანადგურებს? პირდაპირ გეტყვით -ეგ სისულელეა! ასტრონომები დედამიწის ახლოს 6-10 მეტრი დიამეტრის მეტეორებსაც ვხედავთ, ეს პლანეტა კი არ გვინახავს. ყოველ დროში მოიპოვება საშინელებათა მოყვარული, რომელიც დედამიწას დაღუპვას უქადის. "ნიბერუ"ალბათ ვიღაცას დაესიზმრა და ინფორმაცია ინტერნეტში გაუშვა და ეგვიპტელების რომელიღაც ღმერთის სახელიც დაარქვა.

ამასთანავე, ის ფაქტიც "წაიხმარა"რომ აცტეკების კალენდარი 2012 წლით მთავრდება. თუმცა, მეცნიერების აზრით, ადამიანი სამყაროს უკვე 6 მილიონი წელიწადია მოევლინა. ჩვენ შევხვდებით 2013 წელს და ისევ ცოცხლები ვიქნებით. შეჯახების საშიშროება კი ზოგადად, არსებობს, მომხდარა კიდეც -1908 წელს ტუნგუსკაში, ციმბირში, მეტეორიტი ჩამოვარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მეტეორიტის დიამეტრი 50 მეტრი იყო და მან 120 კილომეტრის რადიუსში ტყე მთლიანად მოსპო. ანუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, ასეთი მეტეორიტი, მაგალითად, ხაშურში რომ ჩამოვარდნილიყო, თბილისიან-აბასთუმნიანად ყველაფერს გაანადგურებდა.

საქმე ის არის, რომ დედამიწის გარშემო დაახლოებით 200 ათასი ასტეროიდი მოძრაობს, აქედან დაახლოებით სამი ათასი საკმაოდ გვიახლოვდება ხოლმე (მათ დედამიწის ახლო ასტეროიდებს ეძახიან). მეცნიერთა ვარაუდით, 65 მილიონი წლის წინ დინოზავრები დედამიწაზე ასტეროიდის დაცემამ გაანადგურა. გადარჩნენ მხოლოდ მცირე ზომის არსებები, რომლებმაც გარემოსთან ადვილად შეძლეს შეგუება.

ერთი სიტყვით, ვთქვათ, 300-მეტრიანი დიამეტრის მქონე ასტეროიდის დაცემა ნიშნავს 1000 თერმობირთვული ბომბის ერთად აფეთქებას. ამ დროს, მთელ დედამიწას მტვერი დაფარავს. თეორიული გათვლებით, დაახლოებით 300 ათასი კაცი გადარჩება, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შედის. 65 მილიონი წლის წინ რაც მოხდა, შეუძლებელია, ისევ იმავე სახით განმეორდეს...

- გლობალური დათბობა და ოზონის შრის განლევაც ჭორია?

- ოზონის შრე, რომელსაც "დედამიწის ფარს"უწოდებენ, მიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრამდეა და ზოგან მართლაც 5-ჯერ არის შეთხელებული. მაგრამ ოზონს აღდგენის უნარიც გააჩნია; მაგალითად, ოზონი წარმოიშობა ჭექა-ქუხილისას. ანუ ამაში არაფერია არაბუნებრივი, სწორედ ამიტომ შენელდა ლაპარაკი ოზონის შრეზე.

გლობალური დათბობა კი მართლაც გვემუქრება.

მწვერვალებს აშკარად დააკლდა თოვლი, აისბერგები დნება, ტემპერატურამ იმატა. ახლა ასტრონომები იმაზე ვმუშაობთ, დავახარისხოთ, ამ პროცესში რამდენია ადამიანის "დამსახურება"და რამდენი -ბუნებისა. ადამიანია ძნელად სამართავი, თორემ ბუნება თავის ნამოქმედარს თავად მიხედავს, დააბალანსებს. შესაძლოა, დათბობა მზის აქტივობის ციკლთან იყოს დაკავშირებული, გაივლის ეს ციკლი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს.

მზის ციკლი კი შეიძლება 1-წლიანიც იყოს და 10.000-წლიანიც, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ ეს არ შეგვისწავლია! ყველა შემთხვევაში, ადამიანს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, მათ შორის, გარემოსთან ადაპტაციისა. ვფიქრობ, თუ მართლაც გაგრძელდა დათბობა, არც მასთან შეგუება გაგვიჭირდება.

- ბატონო გიორგი, ადამიანი ოდესმე იმასაც შეძლებს, რომ სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით იფრინოს და შორეულ პლანეტებზე სიცოცხლეს შეხვდეს?

- რა მოგახსენოთ. თეორიულად ეს დღეს შეუძლებელია, თუმცა, ვინ იცის, რას გვიქადის მომავალი!.. ისეთი ეგზოპლანეტები კი, სადაც სიცოცხლე ივარაუდება, 20 და მეტი სინათლის წლის მანძილით მაინც არის დედამიწიდან დაშორებული. ე.ი. სინათლის სიჩქარით, ანუ 300 000 კმ/წამში რომ ვიფრინოთ, გზაში 20 და მეტი წელი უნდა ვიყოთ!

აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმნის ობსერვატორია ბედნიერი შემთხვევის წყალობით დაარსდა. რუსეთის იმპერატორის ვაჟს, გიორგი რომანოვს იმ დროის უკურნებელი სენი -ჭლექი შეეყარა. ექიმებმა მას აბასთუმანში ყოფნა ურჩიეს -იქ იცოცხლებთო. გიორგიმ აბასთუმანში სასახლე ააშენა, ხოლო მისმა მეგობარმა გლაზენაპმა  -პირველი ასტრონომიული კოშკი...

გლაზენაპს ყოველთვის თან დაჰქონდა პატარა ტელესკოპი და გიორგი რომანოვთან სტუმრობისასაც ჩამოიტანა. ის გააოგნა აბასთუმნის მოწმენდილმა ღამეებმა და იმან, რომ ვარსკვლავები აბასთუმნის ცაზე ისე მკვეთრად ჩანდნენ, რომ მათზე დაკვირვება საუკეთესოდ შეიძლებოდა. ამიტომ გლაზენაპის პრიმიტიული ტელესკოპით დაკვირვებები საუცხოო აღმოჩნდა ყველა იმდროინდელ კვლევათა შორის. ამან გადააწყვეტინა კომუნისტებს აბასთუმანში ობსერვატორიის აშენება.

XX საუკუნის 50-იან წლებში კი აქ მიხეილ ვაშაკიძემ თანამედროვეობის უდიდესი აღმოჩენა გააკეთა -მიხვდა, რომ "კიბორჩხალის ნისლეული"აფეთქებული ვარსკვლავია. დაადგინა, რომ მას ტემპერატურა კი არ აკაშკაშებს, არამედ აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი ელექტრონები. ეს აღმოჩენა უდევს საფუძვლად დღევანდელი დედამიწის მიღმა ობიექტების შესწავლას, რომელიც დედამიწას აფორიაქებს...