წელს 20 წელი შესრულდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან - ეს თარიღი არ აღნიშნულა - კვირის პალიტრა

წელს 20 წელი შესრულდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან - ეს თარიღი არ აღნიშნულა

რა უმნიშვნელოვანეს მსოფლიო პროექტზე მუშაობს ამჯერად ელგუჯა მეძმარიაშვილი?

1999 წლის 23 ივლისს 15 საათსა და 30 წუთზე საქართველოს ტელევიზიამ შეწყვიტა პროგრამით გათვალისწინებული გადაცემები და სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში. ტელევიზია და რადიო ამცნობდა ხალხს, რომ ორბიტაზეა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - რეფლექტორი.

ამ მოვლენას მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა. 1999 წლის 23 ივლისამდე საქართველოს მეტ-ნაკლებად ჰქონდა ყოველივე, რაც მსოფლიო ცივილიზაციამ შექმნა, გარდა კოსმოსური ობიექტებისა. ამ ფაქტით ჩვენი ქვეყანა ისტორიულ ნაბიჯს დგამდა... წელს 20 წელი შესრულდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან, მაინც ველოდით, რომ ეს თარიღი ღირსეულად აღინიშნებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ამიტომ დავუკავშირდი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალურ კონსტრუქტორს, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს.

- ბატონო ელგუჯა, იქნებ გვითხრათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტს? - პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - გასაშლელი რეფლექტორი, მაქსიმალური გაბარიტით 6,42 მეტრი, შეიქმნა - დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მიერ...

ელგუჯა მეძმარიაშვილი

კოსმოსური ობიექტის შექმნის პრინციპები შემუშავდა, ექსპერიმენტული კვლევები ჩატარდა, აწყობის და გამოცდის სრულფასოვანი ტექნოლოგიური ციკლი განისაზღვრა და საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მცხეთის სასტენდო კომპლექსში, რომელიც არაგვის ველზე, სოფელ საგურამოსთან მდებარეობს და რომელსაც XX საუკუნის 80-90- იან წლებში ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში... კოსმოსური ობიექტის პროექტი დამუშავდა საქართველოში, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ. კოსმოსური ობიექტის ორი ერთნაირი - საფრენოსნო და სარეზერვო ეგზემპლიარი დამზადდა თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც ასევე ჩატარდა მათი საქარხნო გამოცდები. ობიექტის საფრენოსნო ეგზემპლიარი, დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტის სახით საქართველოში მომზადდა და გაიგზავნა "ბაიკონურის" კოსმოდრომზე, სადაც იგი განათავსეს კოსმოსურ ხომალდში. კოსმოსური ობიექტის სარეზერვო ეგზემპლიარის სასტენდო, წინასაფრენოსნო გამოცდები ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნიკის სასტენდო დარბაზში.

1999.16.VII- რაკეტა მატარებელმა, კოსმოსური ხომალდის, "პროგრეს- 42" ორბიტაზე გასაყვანად, რომელშიც განთავსებული იყო დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტი რეფლექტორისა, კოსმოდრომ "ბაიკონურიდან" სტარტი განახორციელა.

1999.18.VII- განხორციელდა კოსმოსური ხომალდის შეპირაპირება ორბიტულ სადგურთან.

1999.19.VII- კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის დაკეცილი პაკეტი, დიამეტრით 0,6 მეტრი, სიმაღლით 1,2 მეტრი და მასით 34 კგ, კოსმონავტებმა კოსმოსური ხომალდიდან გადაიტანეს, მსოფლიოში იმ დროს არსებულ ერთადერთ, ორბიტულ სადგურ "მირში" .

1999 ს 23/28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე,კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, გაიშალა და გამოიცადა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი.

კოსმოსური პროგრამა "რეფლექტორის" წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1999 წლის 28 ივლისს, რეფლექტორი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებელ ორბიტაზე.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი არის ასევე პირველი და, მისი ორბიტაზე გაყვანიდან 20 წლის შემდეგაც, ჯერჯერობით ერთადერთი პრეცენდენტი ევროპაში - ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში, ESA- ში გაერთიანებული სახელმწიფოებისათვის, როცა კოსმოსში გავიდა და წარმატებით გაიშალა დიდგაბარიტიანი ტრანსფორმირებადი სივრცითი ნაგებობა, რომლის მაქსიმალურმა ზომამ შეადგინა 6,42 მეტრი.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი საზღვარგარეთის ქრესტომათიულ გამოცემებში კოსმონავტიკის განვითარების შესახებ, სამეცნიერო-ტექნიკურ ლიტერატურაში და ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის და წარმატებული გამოცდის თარიღი და ფაქტი მისი განხორციელებისა, შეტანილია კოსმოსის ათვისების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში.

სახელმწიფო ჯილდოებით აღინიშნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შემქმნელებისა და კოსმოსში ჩატარებული ექსპერიმენტის მონაწილეების ღვაწლი.

გამოიცა საფოსტო მარკები, რომლებზეც გამოსახულია ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტულ სადგურზე და ღია კოსმოსურ სივრცეში ფრენის დროს.

საქართველოში, ყოველი წლის 23 ივლისი დაწესდა"პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ".

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსში გატანა საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა და მისი განხორციელების თარიღი - 1999 წლის 23 ივლისი აღნიშნავს იმას, რომ ქართველების მიერ ხელთქმნილი ნაკეთობა გასცდა დედამიწის მიზიდულობას და ამ დღეს პირველად, გავიდა უკიდეგანო კოსმოსში.

- საინტერესოა, რა გაკეთდა საქართველოში კოსმოსური ტექნიკის დარგში ბოლო პერიოდში? - რაც შეეხება, საქართველოს საქმიანობას კოსმოსური ტექნიკის დარგში, აქ შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტ პროცესში გრძელდება. ამ მხრივ, აღსანიშნავია საკონტრაქტო სამუშაოები კომპანიებთან - Daimler Benz Aerospace da Alenia Aerospacioმიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან და სხვებთან. მეტიც ბოლო წლებში საქართველოში შეიქმნა არამარტო კოსმოსური კონსტრუქციები არამედ მიღებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის პატენტები.

ქართველი სპეციალისტების მსოფლიო აღიარებას დაემატება 2001, 2009, 2012, 2014 წლებში თბილისში ევროპული კოსმოსური სააგენტოს ჩატარებული სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციები დიდი გასაშლელი კოსმოსური კოსნტრუქციების დარგში.

საქართველოში უპრეცენდენტო მოვლენა მოხდა, მიმდინარე წლის ბოლოს ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში დააფუძნა თავისი კომპანია, იმ მიზნით, რომ 2020 წლიდან დაიწყოს და ქართული კოსმოსური ტექნოლოგიებით შეიქმნას კოსმოსში გასატანი დიდი ზომის კონსტრუქციული სისტემები.

P.S. აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის პასუხები ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველაფერი ეს საქართველოში თუ ხდებოდა და ხდება, ხომ შეიძლება ამის შესახებ ქართველებმა უფრო მეტი რომ იცოდნენ და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის 20 წლის თავი ღირსეულად აღნიშნულიყო.

  • სტატიაში გამოყენებული პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კადრები გადაღებულია ღია კოსმოსურ სივრცეში ასტრონავტ, საფრანგეთის ბრიგადის გენერალ ჟან პიერ ენერიეს მიერ 1999 წლის 23/28 ივლისს. ვიდეო და ფოტო მასალები, რომელიც ასახავს კოსმოსურ სივრცეში ქართული ობიექტს გადმოეცა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტს, როგორც ობიექტის შემქმნელს. აღნიშნული ვიდეო და ფოტო მასალა დღესაც არ კარგავს აქტუალობას კოსმოსური ტექნიკის მკვლევარებისათვის. ზოგიერთი კადრი ქვეყნდება პირველად.

(სპეციალურად საიტისთვის)