ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტი - მოწყობილობა, რომელიც ექიმების კორონავირუსით დაინფიცირების რისკს შეამცირებს
ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტი - მოწყობილობა, რომელიც ექიმების კორონავირუსით დაინფიცირების რისკს შეამცირებს
საქართველოში უკვე 10 წელია, კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" ტარდება. კონკურსის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივებაა. სულ ცოტა ხნის წინ "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე სკოლის მოსწავლეებმა ახალი გამოგონება - "დისტანციური დიაგნოსტიკა" შექმნეს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ექიმების ვირუსით დაინფიცირების რისკს შეამცირებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებულ STEM-აკადემიის წევრებმა ინოვაციური გამოგონებით მესამე ადგილი დაიკავეს და 2000-ლარიანი ფულადი ჯილდოც მიიღეს. გამოგონებასა და გამარჯვებაზე პროექტის
ერთ-ერთ ავტორს - გეგა შავდათუაშვილს ვესაუბრეთ:

- სკოლა-გიმნაზია "აია ჯესის" მეათე კლასის მოსწავლე ვარ. ტექნიკური საგნები და პროგრამირება მიყვარს, სხვა ჩვეულებრივ აქტივობებთან ერთად ამ სფეროში მეტი სიახლის გაგება და კეთება მახარებს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კონკურსში ეს ჩემი პირველი გამარჯვება არ არის, მანამდეც გვქონდა პროექტი
გატანილი, რომელმაც მესამე ადგილი მოიპოვა. თავდაპირველად დავიწყე ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიაში სიარული, რომლის ხელმძღვანელი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი - დავით სონღულაშვილია. ბატონი დავითი სკოლაში სხვადასხვა პროგრამისა და ანიმაციის შექმნას გვასწავლიდა. ნელ-ნელა დავინტერესდი ასეთი საკითხებით და, როგორც უკვე ვახსენე, შევუერთდი ტექნიკურ უნივერსიტეტში "სტემ" აკადემიას, სადაც გაცილებით სერიოზულ საკითხებზე მომიწია მუშაობა.

პირველი პროექტი, რომელიც მე და ჩემი გუნდის წევრებმა - მარიამ ნინუამ და ბაია გრძელიშვილმა შევქმენით, ბატონი დავითის ხელმძღვანელობით იყო. გამოგონებას "რობოტო ბენდი" ერქვა, რომელიც ვირტუალურ რობოტ დირიჟორსა და, იმავდროულად, რეალურ რობოტ ქსილოფონისტს წარმოადგენდა. გადავწყვიტეთ, ეს პროექტი 2019 წლის "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე გაგვეტანა, სადაც ნამდვილად დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც კომისიის წევრების, ისევე - უბრალო დამთვალიერებლების მხრიდან.

კონკურსში გავიმარჯვეთ და გავხდით მესამე ადგილის მფლობელები. მოგვიანებით გუნდის სამივე წევრს "TBC ბანკი"- სგან დაგვენიშნა სტიპენდია. 2020 წელს მე, გელა კუხიანიძემ, ნინიკო შარიამ ხელმძღვანელ დავით სონღულაშვილთან და ინსტრუქტორ უტა კილასონიასთან ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც მედიკოსების შრომას შეამსუბუქებდა. მოწყობილობა უზრუნველყოფს ინფიცირებული ადამიანის მუდმივ მონიტორინგს ნებისმიერი ადგილიდან სამ ძირითად სიმპტომზე: ტემპერატურა, სატურაცია (სისხლში ჟანგბადის შემცველობა), პულსაცია.

- მეტი რომ მოგვიყვეთ, რას მოიცავს თქვენი ახალი გამოგონება  - "დისტანციური დიაგნოსტიკა"?
- როგორც უკვე ვიცით, ხშირად მედიკოსები თავად ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით, რაც გამოწვეულია პაციენტებთან კონტაქტით, ეს კი შემდგომში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და ზრდის ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით მოწყობილობა, რომელიც მედიკოსების დაინფიცირების რისკებს ამცირებს. ჩვენი ხელსაწყო უზრუნველყოფს პაციენტის დისტანციურ დიაგნოსტიკას. ექიმს ეძლევა იმის საშუალება, რომ მიიღოს ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთან შეინიშნება საეჭვო ცვლილება, ის გამოეყოფა სხვა პაციენტების სიას.

ჩვენი პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ იზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს ექნება მოწყობილობა, რომელიც ყველასთვის ადვილად გამოსაყენებელი იქნება. მოწყობილობას მხოლოდ თითზე დამაგრება სჭირდება. ასევე, შევქმენით პროგრამა მონაცემების მიღებისთვის, რისი საშუალებითაც მედიკოსს ეძლევა საშუალება, შეამოწმოს თვითიზოლაციაში მყოფი ყოველი ადამიანის მდგომარეობა. შეიქმნება სია და არჩევის შემთხვევაში პროგრამა მოგვაწვდის მცირე ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა შეიცვალა, იგი გადაინაცვლებს პროგრამაში არსებულ შესაბამის განყოფილებაში (საშუალო, კრიტიკული).

ჩვენი მოწყობილობა არა მხოლოდ “კოვიდ 19“-ის, არამედ - სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც ეფექტიანი იქნება, რადგან ზემოხსენებული სიმპტომები დამახასიათებელია სხვა უამრავი საშიში დაავადებისთვისაც. ჩვენი პროექტი მომავალში იძლევა იმის საშუალებას, რომ დაიხვეწოს და შეემატოს ახალი ფუნქციები, რაც კიდევ უფრო მარტივს და ადვილად გამოსაყენებელს გახდის როგორც პაციენტებისთვის, ასევე - სამედიცინო პერსონალისთვის.


- როგორ ფიქრობ, დაეხმარება თქვენი გამოგონება ექიმებს ინფიცირების თავიდან ასარიდებლად და - როგორ?
- ჩვენი გამოგონება თავიდანვე სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ექიმების შრომა შეგვემსუბუქებინა და გაგვეხადა უსაფრთხო. დარწმუნებული ვარ, მოწყობილობა ნამდვილად შეძლებს, ექიმებს აარიდოს ის საფრთხეები, რომლის წინაშე ყოველ წუთს დგანან. გამოგონება ერთიანი კონტროლის სისტემას წარმოადგენს, ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში ხდება, ექიმს არ უწევს ნებისმიერი სახის კონტაქტი ინფიცირებულთან. მოკლედ რომ ვთქვა, გამოგონება როგორც ექიმის, ასევე - ინფიცირებულის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

- როგორი რექაცია ჰქონდათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, როდესაც შენი წარმატების შესახებ გაიგეს?
- მე და ჩემი ოჯახის წევრები ერთად ველოდებოდით შედეგებს. შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვება ძალიან ბევრმა ადამიანმა მომილოცა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულს.

წლევანდელ კონკურსში კონკურენცია დიდი იყო. სხვებმაც არანაკლებ საინტერესო და აქტუალური პროექტები წარმოადგინეს. მიმაჩნია, რომ ონლაინ ფორმატში პრეზენტაციის გაკეთებასა და პროექტის ჩვენებას კარგად გავართვით თავი და კომისიის წევრებს თავი დავამახსოვრეთ. გამიხარდა, როდესაც გამარჯვებულთა შორის ჩემი პროექტის სახელიც გამოაცხადეს.

- როგორც ვიცი, ტექნიკური სფერო შენი ინტერესის საგანია, აპირებ გაჰყვე ამ სფეროს?
- გადაწყვეტილი მაქვს, მომავალშიც ამ მხრივ ვიმუშაო. ჩემთვის ტექნიკური სფერო ისეთია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- რას ეტყოდი შენს თანატოლებს, რომელთათვისაც  შენი ამბავი, შესაძლოა, დიდი მოტივაციის წყარო გახდეს?
- ვეტყოდი იმას, რომ ყველა დიდი წარმატების უკან პატარ- პატარა წარმატებები და წარუმატებლობებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიარო. თუ ხარ დარწმუნებული, რომ შექმნი, გააკეთებ რამეს და თან იშრომებ ამისთვის, აუცილებლად გამოგივა. ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს. მართალია, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ ნეგატიური ფიქრები ხშირ შემთხვევაში ხელს გვიშლის და გვაბრკოლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

გიორგი
30 დეკემბერი 2020 19:32
მერე, ეს გამოგონებები, სად მიდის თუ იცით. "დ ა მ ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ლ ე ბ ი ს ქ ვ ე ყ ა ნ ე ბ შ ი" ამას ჰქვია ინტელექტუალური შპიონაჟი. შემოგიცურებენ ორ კაპიკს და მიაქვთ ............

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები