ადამიანის 30000-მდე გენიდან ნაწილს სძინავს, ნაწილი ფხიზლობს - კვირის პალიტრა

ადამიანის 30000-მდე გენიდან ნაწილს სძინავს, ნაწილი ფხიზლობს

დღევანდელი სუპერკომპიუტერის შესაძლებლობებიც კი 1000-ჯერ ჩამოუვარდება ადამიანის ტვინის მიერ ინფორმაციის ფლობასა და შეფასების უნარს

მეცნიერებმა შეძლეს ცხვრის - დოლის კლონირება, ახლა თვალი ადამიანის კლონირებაზე უჭირავთ, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობამ ბევრი არაფერი იცის გენეტიკაზე... გენებს, ამ უხილავ კოდირებულ წარმონაქმნებს "თავის ჭკუაზე" მიჰყავთ ნებისმიერი ცოცხალი მატერია. მეტიც, როცა ეს მატერია იღუპება, სხვა სიცოცხლეში გადანაცვლებული მისი გენეტიკური კოდი ცოცხალი რჩება და თაობიდან თაობაში უწყვეტად გადადის.

ასეა აწყობილი ჩვენი დედამიწა - დაწყებული მცენარეებით, დამთავრებული სიცოცხლის უმაღლესი სახეობით - ადამიანით. ეს გენეტიკის პრინციპია. ამ პრინციპის მიღმა იმალება ურთულესი, გამაოგნებელი წესრიგით აწყობილი სისტემა, რომელში ჩახედვა ადამიანს დღემდე ვერ მოუხერხებია. თუმცა, რაც უკვე ვიცით, მეცნიერთა უმეტესობას აძლევს საშუალებას, თქვას, რომ ყოველივეში შემოქმედის უზენაესი ძალაა ჩარეული - თუ არა უზენაესი, სიცოცხლის ამ სისტემას ვერაფერი შექმნიდა.

ამ თემის სრულად განხილვა ერთ წერილში შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ შევეცდებით, "ხმაურიანი"  თემებიდან რამდენიმეზე მოგითხროთ - მათ შორის უმთავრესი ტვინია.

ტვინი ცოცხალი ორგანიზმის ყველაზე რთული წარმონაქმნია.

შემოქმედის ეს გამაოგნებელი საჩუქარი, რომელიც 1500 გრამს თუ იწონის, ბევრად მეტ უჯრედს შეიცავს, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავებია, - დაახლოებით 100 მილიარდ უჯრედს, რომელიც ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლასა და შენახვას ჩვენთვის მიუწვდომელი ეფექტურობით ახერხებს...

ზოგადად ინფორმაციულობის ეს პროცესი შეიძლება ასე აღვწეროთ: დღევანდელი სუპერკომპიუტერის შესაძლებლობები 1000-ჯერ ჩამოუვარდება ადამიანის ტვინის მიერ ინფორმაციის ფლობასა და შეფასების უნარს. ეს ის ინფორმაციებია, რაც ჩვენს გენეტიკაში შემოქმედმა ჩაწერა, ისევე, როგორც ყოველი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკაში. ბუნების მიერ შექმნილ ხორბლის პაწაწინა მარცვალშიც კი ბევრად იმაზე მეტი ინფორმაცია დევს (როდის უნდა აღმოცენდეს, გამრავლდეს...), ვიდრე ხსენებულ სუპერკომპიუტერებში.

შემოქმედმა ადამიანს 30000-მდე გენი მისცა, რომელთა შორის ნაწილს სძინავს და ნაწილი ფხიზლობს. ის გენები, რომლებიც ფხიზლობენ, არეგულირებენ ადამიანის გარეგნობას, ხასიათს, ფიზიკურ ძალას, ქცევებს...

ახალი ადამიანის ჩასახვაც გენთა მრავალი მილიონი კომბინაციიდან მხოლოდ ერთ-ერთი კომბინაციაა, სადაც გენები თავისი განუმეორებელი თვისებებით ამოტივტივდებიან, რომელთა შორის არის ნიჭის, დიდების, ბედნიერებისა თუ უბედურების მომტანი... საგულისხმოა, რომ ისინი მიიძინებენ ან ვითარდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ გარემოში ცხოვრობს ადამიანი.

ინტელექტის გენეტიკა

ინტელექტი, ანუ ადამიანის "ზოგადი გონებრივი უნარიანობა" ("გ-ფაქტორი") მჭიდრო კავშირშია გენეტიკურად მიღებულ თავის ტვინის ზომასთან და მასში გავრცელებულ ტალღებთან. მეცნიერმა გალტონმა ათეული წლები შესწირა თაობიდან თაობაში გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის შესწავლას. მან ციფრობრივად გამოსახა გენეტიკური შტრიხებისა და თვისების გადაცემა თაობიდან თაობაში და დაინახა, რომ ზოგიერთი შტრიხი უცვლელად გადადის მომდევნო თაობაში. მოგვიანებით, უფრო სრულყოფილი ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა, რამაც აშკარად დაადასტურა გენეტიკის როლი სწავლისა და მეხსიერების მიმართულებით. შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ შავკანიანი მოსახლეობის ინტელექტი 15 პუნქტით დაბალია თეთრკანიანისაზე.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გენეტიკით მიღებული დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებლის განვითარება არ შეიძლება გარემო პირობებით. XX საუკუნის დასასრულს ჩატარდა ცდები: დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ბავშვები განვითარებულ ოჯახებში ჩაასახლეს. რამდენიმე ხანში მათი ინტელექტი 16 ქულით გაიზარდა. თუმცა ესეც ადამიანის გენეტიკის შედეგია - იაზროვნოს და იპოვოს თავისი განვითარებისთვის საჭირო ყველა გზა.

დაბოლოს, გამოირკვა, რომ ინტელექტის გენეტიკაში განმსაზღვრელი როლი X (ანუ დედის) ქრომოსომას ენიჭება. რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ადამიანების გამონათქვამი, რომ ქალი არა მარტო მაცდური, არამედ გონიერი არსებაცაა.

* * *

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გარდა 3 ათასი დაავადებისა, გენეტიკურად გადაეცემა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებაც. სიცოცხლის ხელყოფის ცოდვა თურმე ხშირად გენეტიკაშია ჩადებული - ადამიანი გაქანებას აძლევს წინაპართა მიერ გენეტიკურად გადმოცემულ დეპრესიას, რომელიც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ახლახან უცხოურ საიტებზე გამოქვეყნებული მასალა იუწყება, რომ ქალიშვილის თვითმკვლელობის შემდეგ მისმა დამ და დედამ თვითმკვლელობის ადგილი მოძებნეს და თავადაც იქვე მოიკლეს თავი.

მკვლევარებმა გააანალიზეს დეპრესიის მქონე 394 პაციენტის გენომი, რომელთაგან 113-მა თვითმკვლელობა სცადა. მიღებული მონაცემები შეუდარდა 366 ჯანმრთელი ადამიანის მემკვიდრულ ინფორმაციას, სადაც თვითმკვლელობის მცდელობა საერთოდ არ ყოფილა.

ხელოვნური ფერმენტი კიბოს წინააღმდეგ

და აი, გენეტიკის უახლესი მიღწევაც - ის, რასაც კაცობრიობა დიდი ხანია ელის: ამერიკის ვეინის უნივერსიტეტის მკვლევარმა ექიმებმა  დაამუშავეს კიბოს ფართო სპექტრის მკურნალობის გენეტიკური მეთოდი - მისი საფუძველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ფერმენტია. ამ ფერმენტის ბუნებრივი ვარიანტი ადამიანსაც აქვს. თუმცა, ბუნებრივს არ შეუძლია "მოატყუოს" კიბოს უჯრედები და თვითმკვლელობა აიძულოს, ხელოვნურმა კი ეს შეძლო.

ამ საშინელ დაავადებას ბუნებრივი ფერმენტი ვერ ებრძვის, სამაგიეროდ, ხელოვნური ფერმენტი კიბოს უჯრედების დნმ-ს უტევს - დაავადებულ უჯრედში გადადის ხელოვნური ფერმენტი და კიბოს უჯრედი იძულებულია, თვითლიკვიდაციის გამომწვევი ცილა გამოიმუშაოს.

ამ მეთოდის სიდიადე იმაშია, რომ კიბოს უჯრედები იშლებიან ფიზიოლოგიური მექანიზმით, ხოლო გარშემომყოფი ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელნი რჩებიან.

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, რას უქადის კაცობრიობას გენური ინჟინერიის განვითარება. რამდენად სახიფათოა კლონირებული ორგანიზმების შექმნა. მოგვწერეთ, გამოთქვით თქვენი აზრი.

რამაზ გურგენიძე