ელექტროავტობუსი
11-04-2011
როგორც იქნა, შეიქმნა და მუშაობს კიდეც ავტობუსისა და ტროლეიბუსის ნაჯვარი - ე.წ. “კონდენსატორული ავტობუსი, რომელიც უკვე სრულად პასუხობს საქალაქო ტრანსპორტის მოთხოვნებს. იგი ეკოლოგიურიცაა - დენზე მუშაობს და არც "სადენებითაა დაბმული", როგორც ტროლეიბუსი ან ტრამვაი.

მსგავსი "ჰიბრიდის" შექმნას, თითქოს მანამდეც ბევრი არაფერი ედგა წინ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ელექტრობატარეები, რომელიც უზრუნველყოფს "ავტობუს-ტროლეიბუსის" მიერ  მანძილის გავლას, მეტისმეტად მძიმე, ძვირი და არარენტაბელურია. თუმცა გამოსავალი გამოჩნდა.

თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ ელექტრო-ავტობუსი ყოველ გაჩერებაზე
ავტომატურად და სწრაფად "დატენილიყო", რაც ჩვეულებრივი ელექტრობატარეების გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ამას საკმაო დრო სჭირდება. ამიტომ აქვე გაჩნდა ბატარეების ნაცვლად მძლავრი კონდენსატორების გამოყენების იდეაც - მართალია ენერგიის ტევადობით კონდენსატორი საგრძნობლად ჩამორჩება ელექტრობატარეას, სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად იტენება.

41-ადგილიანი ჩინურ-ამერიკული Ultracap Bus-ი საქალაქო ავტობუსის მსგავსად, 11 ტონას
იწონის, სიგრძით 11,4 მეტრია და 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მის დატენას სპეციალურად მოწყობილ "ელექტროგაჩერებებზე" სულ 2 წუთი სჭირდება, რაც სრულიად საკმარისია მომდევნო გაჩერებამდე მისაღწევად, სადაც ყველაფერი თავიდან მეორდება. ისე კი ერთი დატენით "ულტრაკაპს" 8,8 კმ მანძილის გავლა შეუძლია.

17 ცალი საცდელი “კონდენსატორული ავტობუსი”ჯერჯერობით შანხაის ხაზებზე დადის და უკვე აჩვენა, რომ ყველანაირად მომგებიანია - ტროლეიბუსთან შედარებით გაცილებით ეკონომიური და მოხერხებული, ხოლო ავტობუსებთან შედარებით - 40%-ით იაფი.

რამაზ გურგენიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით