რობოტი VS ადამიანი - კვირის პალიტრა

რობოტი VS ადამიანი

ანუ გამანადგურებელი ხელოვნური ინტელექტი?

ვაითუ, ადამიანმა შექმნას ისეთი რამ, რაც მასვე დაუპირისპირდება

გამაოგნებელ ტექნოლოგიურ პროცესებს უკვე ისე შევეგუეთ, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო; თუმცა გზა, საითაც ამ პროცესებს მივყავართ, იმდენად ბუნდოვანია, რომ კაცობრიობა ჭოჭმანობს - ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი? უკვე რამდენიმე წელია, ადამიანის ტვინის მოდელირება მანქანებში იგეგმება და ეს პროცესიც ჩვენ გვერდით ჩვეულებრივად მიმდინარეობს, თუნდაც მაშინ, როცა თავი კომპიუტერში გვაქვს შეყოფილი და ვერც კი ვხვდებით, რომ მასში უკვე ბლომად გვხვდება ადამიანის ტვინის მოდელირებული დეტალები; თუნდაც იმ რობოტების თავში, რომლებიც უკვე ბლინებს აცხობენ და რა "დელიკატესებს" მოამზადებენ მომავალში, კაცმა არ იცის.

მაგრამ განა ისინი ჩვენი სურვილით არ შევქმენით? კი, ბატონო! და აქვე დავძენთ: იმედია, კაცობრიობის გონმა, რომელიც დიდი ხანი ემზადებოდა ამ ტექნოლოგიური ნახტომებისთვის, იცის, სად ხტება. ადამიანი ხომ ყველაზე გონიერი არსებაა მათ შორის, ვინც შემოქმედმა შექმნა და არაფერს შექმნის ისეთს, რომ მასზე გონიერი იყოს და აღარ დაემორჩილოს.

მათ შორის, ვინც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობს, ახალგაზრდა მეცნიერი თეა თოდუაც არის. ის დღეს ამ თემაზე გვესაუბრება.

- კაცობრიობა საუკუნეთა მანძილზე ემზადებოდა ტექნოლოგიური სასწაულებისთვის. რაც უფრო ჩაეძიები ამ თემას, მით უფრო გაგაცვიფრებს ჩვენი ტვინის შესაძლებლობები, საიდანაც დღეს იმდენად მცირე პოტენციალია გამოყენებული, რომ ცნობილი იაპონელი მეცნიერი მიჩიო კაკუ ამ პროცესს ასე აღწერს:  "გაინტერესებთ, რას მივაღწიეთ დღეს? მაგალითად მოვიყვან თანამედროვე რობოტებს, რომელთაც ჩვენთან შედარებით იმდენი ტვინი აქვთ, რამდენიც ხოჭოებს". არადა, ადამიანის ტვინის მოდელირებაზე ფიქრი ჯერ კიდევ უძველეს დროში დაიწყო, - ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანებმა მოიფიქრეს ტვინის ერთ-ერთი, გამოთვლითი ფუნქციის ჯოხებზე გადატანა, - ამისთვის ორ ძელზე ჯოხები დააწყვეს და მათზე რგოლები ჩამოაცვეს.

ასეთი გახლდათ პირველი საანგარიშო. წერილობითი წყაროები ტვინის მოდელირებაზე  XIII საუკუნეში გაჩნდა, - ესპანელი ფილოსოფოსი, პოეტი და მათემატიკოსი რაიმონდ ლული შეეცადა, შეექმნა მექანიკური მანქანა ამოცანების ამოსახსნელად. თუმცა ადამიანის ტვინის აზროვნების დაპროგრამება მხოლოდ მრავალი საუკუნის შემდეგ, XX  საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყეს და ეს იყო თამაშები. სხვათა შორის, მათ შორის ყველაზე წარმატებული ჭადრაკი იყო.

ცნება "ხელოვნური ინტელექტი" 1956 წელს გაჩნდა  - ცნობილმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, თავიანთი სამეცნიერო შედეგები  ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ. ეს მოხდა ამერიკაში. ჩატარდა სემინარი, რომელიც 2 თვე გრძელდებოდა. ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის ტვინის გადატანა მანქანებში. ამ მოდელირებულ ტვინს "ხელოვნური ინტელექტი" უწოდეს და დაასკვნეს, რომ მომავალში მოდელირებულტვინიანი მანქანები იაზროვნებენ და გააკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც ადამიანი. ასეთი მანქანების შექმნის იდეა  ზოგიერთმა ცნობილმა მეცნიერმა ხელაღებით მიიჩნია სისულელედ. ცნობილი მათემატიკოსი ლაიტჰილი აღშფოთდა: - "თქვენ გაქვთ სურვილების უფლება, მაგრამ ეს ხომ სისულელეა".

ლაიტჰილი ავტორიტეტული მათემატიკოსი იყო და მისი დასკვნის შემდეგ, რამდენიმე წელიწადი, არც ერთ ქვეყანას არ მოსვლია აზრად იდეის დაფინანსება, გარდა... ამერიკისა და იაპონიისა. პენტაგონს ჭკუაში დაუჯდა ადამიანის ტვინის მოდელირება - დღეს ამერიკის თავდაცვითი სისტემის პროგრამების დიდი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტზეა აგებული. XX საუკუნის 80-იან წლებში იაპონიამ მუშაობა დაიწყო მეხუთე თაობის მანქანების პროექტზე, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ხელოვნური ინტელექტის შემდგომი განვითარებისთვის. პროექტი გათვლილი იყო 10 წელიწადზე და აერთიანებდა საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტებს უმსხვილესი იაპონური კორპორაციებიდან.

ამ სპეციალისტებისათვის შეიქმნა ახალი ინსტიტუტი. მათ მისცეს მოქმედებების სრული თავისუფლება, მხოლოდ წინასწარი შედეგების პუბლიკაციის უფლების გარეშე. იაპონიაში გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დიდი ჯგუფი, რომელთაც არსებით შედეგებს მიაღწიეს სხვადასხვა გამოყენებითი ამოცანის გადაწყვეტის საქმეში. XX საუკუნის 90-იან წლებში ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია უკვე 40000 კაცს ითვლიდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ხელოვნური ინტელექტის კომერციალიზაცია და დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნური ნეირონული ქსელებია.

*  *  *

ხელოვნური ნეირონული ქსელი გამაოგნებლად შოკური ჩანაფიქრია, თუმცაღა, მისი "სქემის" ახსნა ძალზე მარტივად შეიძლება ადამიანის ანატომიური აგებულებით, კერძოდ, იმით, რომ ადამიანი "დაქსელილია" ნერვული ქსოვილებით, რომლებიც ნეირონული უჯრედებისაგან შედგება. ნეირონები გადასცემენ ელექტროსიგნალებს მთელ სხეულს - ხომ ყველას შეგვიმჩნევია, მაგალითად თუ რაიმე ცხელს მოვკიდეთ ხელი და დავიწვით, თვალები სულაც დახუჭული რომ გვქონდეს, უსიამოვნო სიგნალი წამში მივა ტვინამდე. ამას  ნეირონები აკეთებენ. მათი იმპულსებით მუშაობს გული, სხვა ორგანოები. ნეირონებისგან შედგება ტვინიც.

ამიტომაც ხელოვნური ინტელექტის შექმნის მოსურნე ცხადია, ბუნებრივი ნეირონების ქსელის ხელოვნური მოდელის შექმნაზეც იფიქრებდა. ამის პირველი მცდელობა იყო ხელოვნური ნეირონული ქსელით ადამიანის თვალისა და ტვინის დაკავშირება. ცდით გაირკვა, რომ ბუნებრივი ნეირონული ქსელის სრულყოფილად მანქანებში გადატანა კიდევ დიდხანს არ მოხერხდება, რადგან ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც ბოლომდე შეიცნობს ტვინის შესაძლებლობებს, ანუ ვერც სრულყოფილ ხელოვნურ ტვინს მივიღებთ მანამდე, სანამ ეს შესაძლებლობები არ გვეცოდინება. ამას კი შეიძლება ათასწლეულები დასჭირდეს. თუმცა მეცნიერები მაინც შეთანხმდნენ: სწავლულთა ერთი ნაწილი მაინც იმუშავებს ხელოვნური ნეირონული ქსელის შექმნაზე, ანუ ნეიროკიბერნეტიკაზე.

*  *  *

რობოტების შექმნის იდეა არც ისე ახალია. სიტყვა "რობოტი" გაჩნდა XX  საუკუნის ოციან წლებში. მისი ავტორია ჩეხი მწერალი კარლ ჩაპეკი, რომელმაც თავის მოთხრობაში რობოტები აღწერა. რა შეუძლია დღეს რობოტს? მაგალითად, ტაილანდში შედიხარ რესტორანში და რობოტს მოაქვს კერძები. სამზარეულოში შეიხედავ - რობოტი ბლინს გიბრაწავთ... ბევრს ძალიან მოსწონს ეს ეგზოტიკური მომსახურება და არც რესტორანი უჩივის კლიენტს. თუ ავად გახდით და თქვენი პატრონი არავინ არის, მაშინ შეგიძლიათ გამოიძახოთ რობოტი, რომელიც დაგეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში, წყალს დაგალევინებთ, თერმომეტრს მოგაწოდებთ...

განზრახულია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც თქვენს პატარას დაიტოვებს და გაართობს კიდეც. ამ რობოტებს აქვთ ხედვა - ისინი აღიქვამენ იმას, რაც ევალებათ. დღეს ძნელი საპოვნელი იქნება დედა, რომელიც შვილს რობოტს მიანდობს, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან ძიძა-რობოტების შეძენის მსურველები. კომპიუტერულ ქსელში კი მშვენიერი ვირტუალური რობოტი ქალები კომპანიებს საქონელს გაუყიდიან. ადამიანს, ბუნებრივია, საქონლის ნუსხის კითხვას მათთან "დიალოგი" ურჩევნია.

მათ შეუძლიათ დროის ნებისმიერ მომენტში გითხრან, აქვთ თუ არა ამ კომპანიებს თქვენთვის სასურველი ნივთი და გესაუბრონ დაუსრულებლად და სასიამოვნოდ. ყველაზე თანამედროვე რობოტი არის "ასიმო" - კომპანია "ჰონდას" ქმნილება. ასიმოს ესმის, როცა ელაპარაკები და მორჩილად მიაბიჯებს იქით, საითაც ხელს გაუშვერ. თუმცა თვით ასიმოს ინტელექტიც "ხოჭოა" იმ ინტელექტთან, რასაც ადამიანები მომავალში რობოტებს მიანიჭებენ.

ხელოვნური ინტელექტის კვლევაში ერთ-ერთი დიდი მიღწევაა ის, რომ შეიქმნა სისტემები, რომლებშიც მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ცოდნა შეჰყავთ მანქანაში და მერე ამ ცოდნით მანქანა თავად აკეთებს დასკვნას, მათ შორის დაავადებების დადგენასა და მკურნალობაში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დადებითი შედეგი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოგვიტანოს.

თუმცაღა იმის შემყურე, როგორ ცდილობს ადამიანი თავისი საქმე რობოტს გადააბაროს და თავად კომფორტულად იცხოვროს, ზოგიერთს აშინებს, ვაითუ, ადამიანმა შექმნას ისეთი რამ, რაც მასვე დაუპირისპირდება. მაგრამ ადამიანი იმდენად გონიერი არსებაა, რომ მართვის პულტს არ გადააბარებს მანქანას. თუმცა სიცოცხლის კანონით,  თუ ადამიანი ისე  გაზარმაცდა, ყველაფერი რობოტს აკეთებინა, მაშინ თავის არსებობას "რობოტების ამბიციების" გარეშეც გამოუტანს განაჩენს.

ამაზე კარგად წერდა ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონში". როცა პალატაში ავადმყოფ მოძღვარს ეუბნებიან, - მამაო, ვაშლის საფცქვნელი მანქანა გამოიგონესო, თავში ხელს შემოიკრავს, - ღმერთო, ადამიანი რამდენს ცდილობს, რომ ფეხი ფეხზე გადაიდოს და არაფერი აკეთოსო...

P.S. და მაინც, "ხელოვნური ინტელექტი" აუცილებელი ხდება. მან,  მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც შემოაღწია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის იმ მიმართულებაში, რასაც სახეთა ამოცნობა ჰქვია. მაგალითად, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია დაინერგოს ქართული ნაბეჭდი ტექსტების ამომცნობი სისტემა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სისტემა უკვე შექმნილია მსოფლიოს 186 ენისათვის.

KvirisPalitra.Geჰუმანოიდი ასიმო

ასიმო ყველაზე ძვირად ღირებული და თანამედროვე რობოტია მსოფლიოში. 2002 წელს ასიმომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გახსნა.

2004 წელს დანიის დედოფალს ყვავილები მიართვა და თქვენ წარმოიდგინეთ, დანიურ ენაზეც გაესაუბრა. ექვსი წელია ამ ანდროიდის მუდმივი განახლება უწევთ, რათა მან ახალ-ახალი დავალებები შეასრულოს.