ლიფტით კოსმოსში...
26-09-2011
არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნანოტექნოლოგიების დანერგვამ რეალური გახადა დედამიწიდან კოსმოსში ამავალი ლიფტის აშენება.ამ განცხადებამ, პირველ რიგში, კოსმოსში გამგზავრებაზე მეოცნებენი გააბედნიერა. კაცმა რომ თქვას, კაცობრიობის ისტორიაში ალბათ არ ყოფილა დრო, ადამიანს ვარსკვლავეთში განავარდებაზე არ ეფიქრა. ასე რომ, ნაგებობა, რომელსაც კოსმოსის კიბეს, ცის კაუჭს, ორბიტულ კოშკს და კიდევ მრავალ სახელს უწოდებენ, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მართლაც გაჩნდეს... ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, ნახშირბადის ნანომილების აღმომჩენებს უნდა ვუთხრათ
მადლობა. სწორედ ამ ნაწილაკებს გააჩნიათ ისეთი სიმკვრივე, რომ დედამიწის ზედაპირიდან მრავალ ათას კილომეტრზე გაიწელონ, შეინარჩუნონ წონასწორობა და არ ჩამოიშალონ - ისინი ფოლადზე მტკიცე და პლასტმასივით მსუბუქნი არიან.

პროექტზე ფიქრს, რაღა თქმა უნდა, უკვე შეუდგა ამერიკის შეერთებული შტატები. ამ იდეის საკვლევად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მან
უკვე 3 მილიონი დოლარის დახარჯვა დაგეგმა. რატომაც არა - ვინც მომავალში კოსმოსს პირველი აითვისებს, სამყაროს მბრძანებელიც ის გახდება. ლიფტი კი კოსმოსში მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის იაფ საშუალებად უნდა იქცეს. ადამიანის გონების ეს ზღაპრული  კონსტრუქცია დაფუძნდება კოსმოსურ ბაგირზე, რომლის ერთი ბოლო ორბიტულ სადგურზე იქნება მიმაგრებული, მეორე - დედამიწაზე.

ზოგიერთი ამერიკელი მეცნიერი ფიქრობს, რომ კოსმოსური ბაგირი ძაფივით წვრილი უნდა იყოს და მეტეორები ნაკლებად დააზიანებენ. თუმცაღა, ეს მხოლოდ ერთეულთა აზრია, ზოგადად კი, კოსმოსური ლიფტის პროექტზე დიდი ბრძოლაა გამოცხადებული - საუკეთესო პროექტის შესაქმნელად სამეცნიერო ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს. 2005 წელს ამისთვის ჯილდოდ 400. 000 დოლარი დაწესდა, 2007 წელს - 1 მილიონი. 2008 წელს კი განაცხადეს, რომ 5 წლის განმავლობაში ლიფტის საუკეთესო პროექტის შემქმნელი ჯილდოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. თუკი ყველაფერი ისე გამოვა, როგორც იგეგმება, კოსმოსური ლიფტი 20 წელიწადში აშენდება და კოსმოსში პირველ რიგში მთვარეზე გავისეირნებთ, შემდეგ კი სხვა პლანეტებზეც, თანაც ლიფტით მოგზაურობა ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე რაკეტებით.
maia
11 თებერვალი 2012 21:02
სამყაროს მბრზანებელი უფალია

რედაქტორის რჩევით