რას გვასწავლის იანოშ ჰერმანის ჩინური სიბრძნე?!
რას გვასწავლის იანოშ ჰერმანის ჩინური სიბრძნე?!
ყველას თავისი ჩინური სიბრძნე აქვს. ისე, მე პირადად, ჩინურ სიბრძნეზე და, საერთოდ, ყველაფერ ჩინურზე მეტად, ჩინური წყევლა მომწონს, ზუსტად ჩვენზეა აზომილ-გამოჭრილი-ახდენილი და იმიტომ: "შენ იცხოვრე საინტერესო დროში და შენ აგიხდა ოცნებაო!"
აი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს კი თურმე საერთოდ არ ხიბლავს ჩინური სიბრძნე, თუმცა, როცა საქმე ქართველების ევროკავშირში გაწევრების სურვილზე მიდგა, კი მოგვარგო უცებ.


შე კაი კაცო, ამხელა ევროკავშირის ელჩი ხარ, იმდენი პატივი მაინც დასდე უკვე ასოცირებულ ქვეყანას, რომ
ბრძნული მაგალითებით დაუსაბუთო ჯერვერგაწევრების მიზეზები.
და თანაც, ბოლოს და ბოლოდ, დიპლომატი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს დიდ თუ პატარა ქვეყანაში, იმდენი კი უნდა იცოდე, რომ, როცა საქმე თუნდაც პატარა ერის სურვილს, მისწრაფებას ეხება, ჰიპოთეზის დონეზე მაინც ისაუბრე, რა დროს სიბრძნე და ჩინეთია? მაგრამ არა, პირდაპირ, ყოველგვარი
დიპლომატიის გარეშე მოგვახალა: თუ ხიდზე გადასვლა გინდათ, ჯერ მდინარე მოძებნეთო? ან ეს რა სიბრძნეა? პირიქით მაინც ეთქვა: თუ მდინარეზე გადასვლა გინდა, ჯერ ხიდი მოძებნეო?! მაგრამ მაგან ეტყობა იცის ჩვენი ამბავი, რომ მდინარეზე უხიდოდაც შეგვიძლია გადასვლა და რაღაც საეჭვოდ მაგიტომ დაგვიხლართა გზები.
ან ის რა იყო, რომ თქვა ხვალ რომ გახდეთ ევროკავშირის წევრები, ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვისო. აჰა, მთლად არ გადაწვა და გადაბუგა ყველა ხიდი?! ვითომ ჩვენი ეკონომიკა ადარდებს? კარგი რა, თქვენ მიგვიღეთ და იმ სიმძიმესაც გადავიტანთ, მაგისთანები და მაგაზე უარესებიც არ გადაგვიტანია თუ რა? ან საქართველოს ეკონომიკას რაიმე სიმძიმე გააკვირვებს ვითომ?
ევროკავშირელები რომ ვერ ბრწყინავენ სიბრძნით, აგერ ნაწილობრივ კი გამოჩნდა, მაგრამ ახლა ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ ჩვენ სხვებზე ბრძენები ვართ! არც თანამედროვე ქართულ-ჩინოვნიკური სიბრძნე ჩამორჩება ევროპულს.

მაგრამ, სანამ უშუალოდ ქართულზე მოგახსენებთ, ის მინდა გაგახსნოთ, თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩაზე განთავსებული ბანერი რომ გადაღებეს. გაიგებდით, ალბათ. აბა, ეგ რა არაევროპული (არაევროკავშირული) საქციელია? ასე თუ გავაგრძელებთ, ეგენი მართლა არ შეგვიშვებენ ევროკავშირში! მოკლედ, ეს არ არის კულტურის მაჩვენებელი და პროტესტის ფორმადაც არაფრად ვარგა, თუმცა დიდი კულტურისა და ერის თავმოყვარეობის გამოვლინებად ვერც თავის დღოზე აღვიქვი უცხო ქვეყნის, თუნდაც მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ქუჩის სახელდება. აი, რაღაცნაირი სნობიზმია, რაღაცნაირი დამამცირებელი რევერანსი, რასაც რაიმე ღირებული დატვირთვა და მნიშვნელობა არ გააჩნია. მაგრამ ის არსებობს, უკვე ამ ქალაქის ნაწილად იქცა და ახლა მომწონს თუ არა, აღარ არის მნიშვნელოვანი. ჯორჯ ბუშის ქუჩა და მისი ბანერი ჩემთვის არაფრიმთქმელია, შესაბამისად მასზე ფიქრისთვის დროს არ ვკარგავ, მაგრამ არც მისი წახდენა მიმაჩნია ზნეობრივ საქციელად. მოკლედ, სიტყვა გამოგრძელდა, არადა, სიბრძნე უნდა მეთქვა.
"ჩვენ ვგმობთ აღნიშნულ საქციელს და ვფიქრობთ, რომ ბანერები ასე არ უნდა ზიანდებოდეს", - განაცხადა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ნაროუშვილმა. სიბრძნე სად არის? აქვე: ბანერები ასე არ უნდა ზიანდებოდესო! ანუ, რა გამოდის? უნდა ზიანდებოდეს, მაგრამ ასე არაო? ცხადია, ეს არ უგულისხმია, მაგრამ ასე კი გამოუვიდა და... ეს დედაქალაქის მერიაში ჩინური სიბრძნის აშკარა უკმარისობაზე მეტყველებს! რადგან დედაქალაქი ამ ქვეყნის სახე და სავიზიტო ბარათია და მას უფრო მეტი მოეთხოვება, და, რადგან ბანერების "ასე დაზიანება" ჩვენს ცივილიზებულობაზე არ მეტყველებს და შესაძლოა მსგავსი ქმედებების გამო "იმ" ხიდზე არ აგვიშვან, ქალაქის მესვეურებს ვურჩევ, ჩინურ სიბრძნეს მიეძალონ, თან ხომ ხედავთ, ახლა ევროპაშიც მოდური ყოფილა. დასაწყისისთვის, მაგალითად, ამას ვურჩევდი: "ნუ ილაპარაკებთ, თუ ეს არ ცვლის სიჩუმეს უკეთესობისკენ".
და მაინც, გულს ნუ გაიტეხთ, ბავშვებო, დედაქალაქის მერიავ და, საზოგადოდ, საქართველოს მოქალაქენო. ბოლოს და ბოლოს, ყველა გზა ხიდზე არ გადის და მიზნამდე მისასვლელი სხვა გზებიც არსებობს. "ათას მილზე მოგზაურობა იწყება ერთი ნაბიჯითო", - ესეც ჩინური სიბრძნიდანაა, სხვათა შორის!

რეზი
05 სექტემბერი 2015 22:41
აიდა ყოჩაღ , აიდა ბ ე დ ნ ი ე რ ოოოოოოოოოოოო. ასე რაა, ასე წერეთ და აზრზე მოიყვანეთ ხალხი, თორემ დაბნელდააააააააააააააააა , დროა განათდეს დროააააააააააააააააააააააა
gia
12 აგვისტო 2015 21:27
საბერძნეთი რო ცალ-ცალკე გაყიდის თავის ათას კუნძულს ვალში, რა თქმა უნდა, "მეგობრების" რჩევით ევროკავშირიდან, მაშინაც ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ეგ გზა არ არის საჩვენო?!
uf
20 ივნისი 2015 06:10
კარგით რა.საბერძნეთG@ს რა მმოუტანა ევროკავშირმა?კავსირიდან გამოსვლით რატომ იმუქრება?არაფრის ნ მაქნისია ეს კავშირი.

რუბრიკის სხვა სიახლეები