
ეს მეოცნებენი, რაც უნდა იყოს, მაინც კარგად ხუმრობენ. აბა, ისაა ხუმრობა, "ნაცმა" დავით დარჩიაშვილმა რომ თქვა სრულიად სერიოზულად: ცალკე მთის მინისტრი ფეოდალიზმიდანაც არ მახსენდებაო? თუმცა ესეც გემოვნების ამბავია, ზოგს ასეთი იუმორი უფრო მოსწონს - წარსულის მაგალითებით გამყარებული. მოტობურთის ამბავია რა, აი, დიასპორის სამინისტორო გამიგია, სპორტისა გამიგია, თავდაცვისაც გამიგია, მაგრამ ეს მთისა რა არის, მაინც ვერ გავიგეო.
ხო, მაგან კიდევ ისა თქვა, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება ამით რომ არის დაკავებული, ჩანს, თუ ვის ხელში ვართო. სულ დაამძიმა მდგომარეობა, არადა, რას ერჩის ახლა მთის მინისტრს? თუ მაინცდამაინც საქმე არ გამოვა, რომანტიკა ხომ დარჩება? მთა საერთოდ, სავსეა ლირიზმით. ისე, ახალ მინისტრს (ვინ იქნება ნეტა ამ თანამდებობისთვის შესაფერისი?) კონცეფცია გამზადებული დახვდება. რა წინდახედული ყოფილა აკაკი - მაგისთვის დაუწერია "აღმართ-აღმართ":
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;
მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).
ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: "ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!"
და ვიფიქრე "ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"
გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: "მტერს როგორ მონებდა?
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"
მივაძახე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!"
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!
აბა, ახლა თავი მთის მინისტრად, სამშობლო კი სატრფოდ წარმოიდგინეთ (ნუ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში თქვენი პოზიცია პოლიტიკური განაცხადი იქნება, ამიტომ წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ყუფარაძესთან, ემანდ მტერი მოყვარეში არ აგერიოთ), მერე მთისკენ აღმართს შეუყევით ნელ-ნელა (ამ საქმეში აჩქარება არ ეგების, მთაში მძიმე ხალხია და დინჯ მოქმედებას მოგიწონებენ მხოლოდ)... წარმოიდგინეთ? ჰოდა, მთის მინისტრობაც ეგაა! დასაწყისიც მანდ დევს, რომანტიკაც, ჭმუნვის ალიც, გასაკეთებელიცა და... დასასრულიც.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მადლობელი ვარ ხელისუფლებისა, აკაკის ეს ლექსი რომ გამახსენა. თქვენც გაიხსენეთ, მაინცდამაინც თუ მთის მინისტრსა და მის სამსახურებრივ კონცეფციას ვერ მოარგებთ, ბევრ საჭირო სიმართლესა და მინიშნებას მაინც დაინახავთ, თუ ესეც არა გამოვა, უბრალოდ კარგი ლექსის წაიკითხვაც საქმეა!