მთის მინისტრის სიმღერა, ანუ "ცისფერი მთების" ქვეყანაში ერთი მთის მინისტრი კი უნდა გვყავდეს
მთის მინისტრის სიმღერა, ანუ "ცისფერი მთების" ქვეყანაში ერთი მთის მინისტრი კი უნდა გვყავდეს
ამ პოლიტიკასა და მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს რა ვუთხარი, თორემ ლევან ბერძენიშვილის ხუმრობას მთის მინისტრზე ბადალი არ ექნებოდა. არადა, ახლა რა გამოდის, ეს კაცი ხუმრობას არ იღებს და ამბობს, ჯერ კარგად გაერკვიეთ საკითხში და მერე იცინეთ და იხალისეთო, თანაც მუქარასაც ურევს: "თორემ ხუმრობა ისეთი ვიცით, მთელ საქართველოს გავაცინებთ". ესაა ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება? შესაძლებლობა აქვს, მთელი ქვეყანა უფრო მეტად გააცინოს და არ აკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი არავის აღელვებს, სიცილი და
იუმორიც საკუთარი ოჯახებისა და ნათესავებისთვის უნდათ! გადმოგვიგდებენ სამადლოდ მთის მინისტრს და ეგაა საქმე? მთის მინისტრი გვეყოფა წლის ბოლომდე, ან კიდევ ერთი მუქთამჭამელი უნდოდა ამ ქვეყანას?


მოკლედ, ამ იდეამ მართლაც ძალიან გაგვახალისა. უამრავი სახალისო ვარიაცია, მოსაზრება და იდეა გაჩნდა. ბევრს მულტფილმი "სიზმარა" გაახსენდა თავის მინისტრებიანად. აშკარად
საინტერესო პარალელების გავლება შეიძლებოდა, მაგრამ, რომ დავფიქრდი, "სიზმარას" მინისტრები, ფაქტობრივად, ისედაც გვყავს. მთისა კი მართლა ინოვაციაა, თანაც "ცისფერი მთების" ქვეყანაში ერთი მთის მინისტრი კი უნდა გვყავდეს. ახლა ჯაჭვურ რეაქციას აღარ იკითხავთ? ავტომატურად დადგება მარკშეიდერის აუცილებლობის საკითხი, ეს პორფესია ერთხელ და სამუდამოდ ლიტერატურის ვიწრო იგავ-არაკული კულუარებიდან გამოვა და, ბოლოს და ბოლოს, დიდ სამთო ინჟინერიაში გადაინაცვლებს.


ეს მეოცნებენი, რაც უნდა იყოს, მაინც კარგად ხუმრობენ. აბა, ისაა ხუმრობა, "ნაცმა" დავით დარჩიაშვილმა რომ თქვა სრულიად სერიოზულად: ცალკე მთის მინისტრი ფეოდალიზმიდანაც არ მახსენდებაო? თუმცა ესეც გემოვნების ამბავია, ზოგს ასეთი იუმორი უფრო მოსწონს - წარსულის მაგალითებით გამყარებული. მოტობურთის ამბავია რა, აი, დიასპორის სამინისტორო გამიგია, სპორტისა გამიგია, თავდაცვისაც გამიგია, მაგრამ ეს მთისა რა არის, მაინც ვერ გავიგეო.
ხო, მაგან კიდევ ისა თქვა, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება ამით რომ არის დაკავებული, ჩანს, თუ ვის ხელში ვართო. სულ დაამძიმა მდგომარეობა, არადა, რას ერჩის ახლა მთის მინისტრს? თუ მაინცდამაინც საქმე არ გამოვა, რომანტიკა ხომ დარჩება? მთა საერთოდ, სავსეა ლირიზმით. ისე, ახალ მინისტრს (ვინ იქნება ნეტა ამ თანამდებობისთვის შესაფერისი?) კონცეფცია გამზადებული დახვდება. რა წინდახედული ყოფილა აკაკი - მაგისთვის დაუწერია "აღმართ-აღმართ":

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;
მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).
ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: "ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!"


და ვიფიქრე "ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"
გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: "მტერს როგორ მონებდა?
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"
მივაძახე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!"
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

აბა, ახლა თავი მთის მინისტრად, სამშობლო კი სატრფოდ წარმოიდგინეთ (ნუ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში თქვენი პოზიცია პოლიტიკური განაცხადი იქნება, ამიტომ წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ყუფარაძესთან, ემანდ მტერი მოყვარეში არ აგერიოთ), მერე მთისკენ აღმართს შეუყევით ნელ-ნელა (ამ საქმეში აჩქარება არ ეგების, მთაში მძიმე ხალხია და დინჯ მოქმედებას მოგიწონებენ მხოლოდ)... წარმოიდგინეთ? ჰოდა, მთის მინისტრობაც ეგაა! დასაწყისიც მანდ დევს, რომანტიკაც, ჭმუნვის ალიც, გასაკეთებელიცა და... დასასრულიც.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მადლობელი ვარ ხელისუფლებისა, აკაკის ეს ლექსი რომ გამახსენა. თქვენც გაიხსენეთ, მაინცდამაინც თუ მთის მინისტრსა და მის სამსახურებრივ კონცეფციას ვერ მოარგებთ, ბევრ საჭირო სიმართლესა და მინიშნებას მაინც დაინახავთ, თუ ესეც არა გამოვა, უბრალოდ კარგი ლექსის წაიკითხვაც საქმეა!





მკითხველის კომენტარი (11)
ქართველი
07 სექტემბერი 2015 13:38
გვყავს გარემოს დაცვის მინისტრი,რომლის ფუნქციებში შედის მთის და ბარის დაცვაც.გვყავს გუბერნატორები და რწმუნებულები რომლებსაც ევალებათ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მთასც მიხედონ და ბარსაც.გვყავს სხვადასხვა დარგის მინისტრები რომლებმაც თავიანთი სფეროების მიხედვით მთასაც უნდა მიხედნ და ბარსაც.გვყავს პრემიერ მინისტრი და ვიცე პრემიერები რომლებსაც ევალებათ ,რომ შეამოწმონ ქვეყანაში რა ხდება ,სად გვიჭირს და სად გვილხინს ,რომელ კუთხეს ან რომელ დარგს უფრო უჭირს,რომ ამის მიხედვით დაგეგმონ თავიანთი მუშაობა.უწმინდესმა ერთი მშვენიერი წინადადება წამოაყენა,პატიმრებს საქართველოს მთიან რეგიონებში მოეხადად პატიმრობა.ძალინ საჭირო და დროული წინადადებაა .მთის მინისტრის დანიშვანა კი იქნება თანხების წყალში გადაყრა და მეტი არაფერი.ზემოთ ჩამოთვლილმა თანამდებობების პირებმა ყველამ პირნათლად შეასრულოს მათზე დაკისრებული მოვალეობები და მთასაც ეშველება და ბარსაც.
t
31 აგვისტო 2015 11:26
მტის მინისტრი კი არა გუბერნიებიც გასაუქმებელია.
kote
13 ივნისი 2015 16:02
რა მინისტრი, რის მთა. ახლანდელი მინისტრები რას აკეთებენ. ჯერ ისინია მოსახსნელი. წინადადება შემომაქვს, დავიწყოთ პრემიერით, მერე მივაყოლოთ კახა, ნოდარი, გიორგი, თეა, თინა, თამარი (ამასობაში აღმოჩენა გავაკეთე, მინისტრი ქალების სახელები სულ თ-ზე იწყება) და ა.შ. დავაბრუნოთ ვანო და ის დანიშნავს, ვინც საჭირო იქნება. მაშინ გვეშველება.
ემზარი
12 ივნისი 2015 21:16
მთის მინისტრი კარგი იქნება ასევე ბარის მინისტრი კლდეთა მინისტრი ზღვის მინისტრი წვიმის მინისტრი და ასე შემდეგ საქართველოსაც დავარქვათ საქართველოს სამინისტროა რესპუბლიკა და ასე აშენდება ქვეყანა რატომ ადრე ვერ მოვიფიქრთ ეს ახლა უკვე განვითარებული და აშენებული ქვეყანა ვიქნებოდით
არდაიჯერო
12 ივნისი 2015 16:49
კარგი აზრია ამ გაგანია სიცხეში ნამდვილად გვჭირდება მთის მინისტრი,სექტემბრისთვის ზღვის მინისტრიც დაგვჭირდება ბარხატის სეზომია,ზამთარში ბარისმინისტრსაც მივცეთ შესაძლებლობა პრემიები და ხელფქსზე დანამატი აიღოს,გაზაფხულზე ალბათ იალაღების მინისტრიც გვეყოლება და ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფს.წინ –წინ მედგრად საქართველო.
.
12 ივნისი 2015 16:20
სამწუხაროდ, სახუმაროდ არა გვაქვს საქმე! საქართველოს იურიდიულად გაეროს მიერ დაფიქსირებულ საზღვრებში, მთიანეთზე მოდის მთელი ტერიტორიის 65-70%! რუკას დახედეთ და დიდი გეოგრაფობა არაა საჭირო, რომ მიხვდეთ: ყავისფერი, კაი გვარიანადა სჭარბობს მწვანეს! ღმერთმა დაიფაროს, რომ მთა უპატრონოდ იქნას მიტოვებული!! თქვენ ხუმრობით თუნდა მთის მინისტრი დაარქვით, მაგრამ ერთი ვიცეპრემიერის დანიშვნა, რომელიც მთის საკითხებით ოქნებოდა დაკავებული, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა!!
საცოდავი ქვეყნის შვილი
12 ივნისი 2015 14:44
წინადადებით შემოვდივარ,ბარმა რა დააშავა ,დავნიშნოთ ბარის მინისტრიც.კიდევ ცალკე გამოვყოთ კავკასიონის მთების მინისტრი,ცივგომბორის მთის მინისტრი,ჯვრის უღელტეხილის მინისტრი და ასე შემდეგ.დანარჩენმა მინისტრებმა კაბინეტებიდან ფეხი არ გამოდგან ,მხოლოდ გვერდები იფხანონ.ეს არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის და ენერგეტიკის მინისტრებს.
:))
12 ივნისი 2015 10:33


თბილისის ცენტრში დაბინავდება
და იფრენს ყოველდრე ბარსა და მთასა.
ხან აფრინდება, ხან დაფრინდება,
სახამოს კიდევ ქუთაისს ჩავა.

იალბუზ მთისშვილელი

:)))
რამი
11 ივნისი 2015 22:24
კარგი იქნება თუ მთის სამინისტროსთან შეიქმნება ლაკადის დეპარტამენტი (ლაკადას სამეგრელოში მთისწინეთს ეძახიან).
დაბლოკეთ!
11 ივნისი 2015 21:36
"კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. იყავი პირველი!"

ჰო, პირველი, თორემ თქვენც არ გამოაქვეყნოთ ეგრევე!
რატომ არ გამოაქვეყნებთ? იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ მოგეწონებათ, თუ ვიტყვი, რომ ეს ბლოგი არის ღლიცინი! ხოლო თემა კი სულაც არ გახლავთ საღლიცინო, ძალიანაც აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ჩემს დროს გეოგრაფია ისწავლებოდა სკოლაში და იქ ეწერა, რომ საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ველებზე მეტი მთები და გორები გვაქვს. იქიდან კი ხალხი გამორბის, რადგან ყველა ხელისუფლებას მხოლოდ ფოტოებზე მოსწონს მთები და გორები, ხოლო იქ მცხოვრები ხალხი კი მაგრად ჰკიდია!
აი, ამიტომ არის საჭირო, რომ ამ მთებში ცხოვრების პრობლემატიკას ცალკე უწყება ხელმძღვანელობდეს და მის ავ-კარგზეც იმან აიღოს პასუხისმგებლობა...
ხოლო საღლიცინოდ გაცილებით უკეთესი თემა შემიძლია შევთავაზო: ქართული დიასპორის მკვდრადშობილი სამინისტრო და კიდევ ისა, სახელს წარამარა რომ უცვლიან და პაატა ზაქარეიშვილი რომ ხელმძღვანელობს უცვლელად... აი, ესენია სიზმრების სამინისტროები.

რუბრიკის სხვა სიახლეები