მუჭით გადაწოდებული სიყვარული
მუჭით გადაწოდებული სიყვარული
მომხდარი ტრაგედიიდან რაც დრო გავა, უფრო და უფრო მოიმატებს უკმაყოფილების, განაწყენების, ურთერთბრალდებების შემთხვევები და მტყუან-მართლის ძიებაში დაშვებული შეცდომებიც. დღესაც, როცა თბილისში მყოფი ნებისმიერი მოქალაქე უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ, სამართლიანად მიმაჩნია ყველა საყვედური და ბრალდებაც, რაც ხელისუფლების მისამართით ისმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო. იმაზე, რაც ამ უბედურებაში კარგი იყო, დიახ, არ შემეშინდება ამის თქმის, რადგან სწორედ განსაცდელი გამოაჩენს ადამიანის, საზოგადოებისა თუ ხელისუფლების ნამდვილ სახეს. ჩვენ ამის
ნახვის საშუალება გვქონდა და ვიდრე ვნებათაღელვებს ეს გადაუშლია, დავწერ...

ხელისუფლებით დავიწყებ

ერთია, როცა თავგანწირვას სტატუსი და თანამდებობა გავალდებულებს და მეორე, როცა გადამწყვეტ მომენტში ამ ყველაფერს ივიწყებ, და დგები ყველაფერზე მაღლა, საკუთარ თავზე მაღლაც... ჯერ ადამიანი ხარ და მერე სტატუსი... ზოგჯერ, იქნებ, ყველა მატერიალურ დახმარებაზე მეტი
ხელისუფალის ადამიანური, გულწრფელი დამიკიდებულებაა? ზოგჯერ უმწეობის რეალური განცდა და ამის არდაფარვა გაცილებით მეტი თანაგრძნობის, თანადგომის მაჩვენებელია, გაცილებით იმედისმომეცმია, ვიდრე ერთად აღებული ორგანიზებულობა, ფასიანი დახმარებების გაცემა და 2 ათასი ბარ-ნიჩბის (ერთმა დაწერა, ეს რა ხელისუფლებაა 2 ათასი ბარ-ნიჩაბი რომ არ აღმოაჩნდაო) ქონა... როგორ გგონიათ, რომ არა ეს გულწრფელობა, დაბნეული გულისხმიერება, მომხდარის რეალური და არა მოჩვენებითი გათავისება, მივიღებდით სურათს, რასაც ბოლო დღეებია ვუყურებთ? ფაქტია, ეს ის შემთხვევაა, როცა ერი და ბერი, ხელისუფლება და საზოგადეობა ერთ მხარეს დადგა, იქ დადგა, სადაც ქვეყანას გაუჭირდა, დიახ, ვერეს ხეობაში სრულიად საქართველო ჩადგა, დადგა და უპირველესად გვერდზე გადადგა მითი, რომ დათითოკაცებული ერი ვართ! მხოლოდ ამის მერე სტიქიას ვინ ცარიელი ხელით, ვინ ბარ-ნიჩბით, ვინაც საჭირო და მძიმე ტექნიკით შეებრძოლა. იმედი მაქვს, ეს ბრძოლა შედეგიანი იქნება, ოღონდ დრო გვჭირდება. დრო ყველაფერს დაალაგებს და მერე გამოჩნდება მომხდარში, მომხდარის შემდეგ მომხდარში, გაკეთებულ თუ ვერგაკეთებულში ბრალიანიცა და უბრალოც. მანამდე კი... მადლობა ღმერთს, რომ ეს ხელისუფლება ამ უბედურებას არ გაექცა, არ დაემალა...
არადა, სულ ხინჯად მქონდა გულში, რატომ ვერ შევძელით ქართველებმა ერთსულოვნება და თანადგომა 2008 წლის აგვისტოში. ომზე დიდი კატასტროფა არ არსებობს, მაგრამ ასეთი ერთიანობა მაშინ არ მიგრძნია და ახლა უკვე ვიცი, რატომაც. მაშინ უბედურება, რასაც თითოეული ჩვენგანი მთელი სხეულით შეიგრძნობდა, ფეხებზე დაიკიდეს, ომში დაღუპული ბიჭების ვინაობაც კი დაგვიმალეს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდაც დაღუპული გმირები ბრძოლის ველზე მიატოვეს... სისხლის გუბეზე გვაცეკვეს და გვამღერეს და მერე, როცა ამ აღტკინებამ გადაიარა, განვლილი უბედურება გამარჯვებად შემოგვასაღეს...
ვიცი, მაშინაც გმირები ვიყავით, მაშინაც შეებრძოლებოდა ქართველი პირტიტველა ბიჭი მტერს თუნდაც ცარიელი ხელებით, მაშინაც წავიდოდით მოხალისეებად და იყო კიდეც ამის არაერთი მაგალითი. მაგრამ იქიდან გამარჯვებულები მაინც ვერ გამოვიდოდით, რადგან, ვისაც არ უნდა ეჩქარა, ის გაიქცა, ვისაც უნდა გაეძლო, ის წაიქცა... მერე ყველა წავიქეცით და... დავიმალეთ, თავი ჩავკიდეთ, ერთმანეთს მხარში ამოვუდექით კი არა, თვალებშიც ვეღარ ვუყურებდით; მთელი ერი წავხდით, ეროვნული თავმოყვარეობის უპატიებელი შელახვისა და უმიზნობის განცდა დაგვრჩა მხოლოდ. მაშინ სირცხვილმა აჯობა დამარცხებით გამოწვეულ ბოღმას!
აშინაც ისევე გვიყვარდა სამშობლო, ოღონდ... და დიახაც ამის საპირწონედ ვდებ ამ სტიქიის დროს ერთიანად ამოლაფულ, თმა და წვერგაბურძგნილ კახი კალაძეს, რომელშიც ქართული სული, ხასიათი, ჟინი შეერწყა მომხდარით გულწრფელ გაოგნებას, უმწეობის განცდას! მასში უიმედობაც ჩანს და თავსზემოთ ძალის არარსებობით გამოწვეული ბოღმაც, თავგანწირვისთვის მზადყოფნაცა და, უბრალოდ, ემოციისგან გადაღლაც, ძლივს შეკავებული ქვითინიცა და მართლაც ნაღდი, კაცური საქციელიც, ამიტომაც მთავარი შედგა: არ გატყდა, არ გაიქცა, ჩვენთან ერთად ღამე გაათია, ხელით ათრია მანქანები, რიგით მოქალაქეებთან ერთად თითქმის გაცურა ბოღმით, ღვარძლითა და სიბინძურით ათქვეფილი ტალახი და იქ დადგა, სადაც ყველაზე მეტი იყო განსაცდელიც, საფრთხეც, სიცივეც, ტკივილიც... და იმიტომ, რომ მაშინ ვიცე-პრემიერი კი არა, მილანის ყოფილი ფეხბურთელი კი არა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი არა, უბრალოდ ერთი რიგითი ქართველი იყო, სამტრედიელი ბიჭი იყო, ჩვენსავით რომ უყვარს საქართველო და ჩვენი დედაქალაქი. კალაძე იმ საღამოს და მერეც ჩვენი ხელისუფლების კრებითი სახელი გახლდათ... კალამ ჩვენს ხელისუფლებას სახე შეუნარჩუნა! ამის შედეგიცაა, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტი - ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი არ მიატოვა, დაიდო! და რომ ესეც საქმე ყოფილა, კარგად გამოჩნდა.

...და მთავარი - ხალხი!

არ ვიცი, ქვეყნის სამსახურში ნებით ჩამდგარს სხვა ქვეყნებში, სხვათა ენაზე რა ჰქვიათ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ასეთებს მოხალისეებს ვეძახით! აბა, სახალისო ამ საქმეში რა არის, მაგრამ ქართველი ომშიც სიმღერით, ხალისით მიდიოდაო, ხომ გაგიგონიათ და ეტყობა, ჩვენი ხასიათის კიდევ ერთი მივიწყებული შტრიხი იშიფრება ამ სიტყვით. თავზე ცა ჩამოგვექცა, დაგვემხო, მაგრამ ეს ჩამოქცეულ-ჩამონგრეული ჩვენმა ჭრელა-ჭრულა სამოსიანმა ახალგაზრდებმა გადაფარეს! ჯაჭვში ჩამდგარებმა ბუნების რისხვის დანატოვრის გამოზიდვა მუჭა-მუჭა რომ დაიწყეს, მაშინ ერთმანეთს სიბინძურე, ტალახი და ამაზრზენი უბედურებისა და რეალობის ნარჩენები კი არა, ყველაზე სუფთა და ყოვლისმომცველი - სიყვარული გადააწოდეს, რომელიც მერე ელვისუსწრაფესად ეპიდემიასავით მოედო არათუ თბილისს, მთელ საქართველოს. და აგერ, ჩვენ თავლწინ სრულიად ახალი საქართველო დაბადებულა და იქ თურმე სრულიად განსხვავებული, ძალიან ჯანსაღი, პარტიოტი, გულისხმიერი, გონიერი, ნიჭიერი, ხალისიანი და, რაც მთავარია, გმირი ახალგაზრდები ცხოვრობენ! არ ვიცი და არც მაინტერესებს მსგავსი ერთსულოვნების, თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითები ოდესმე სადმე მოხდა თუ არა, ვიცი ერთი: ჩვენ დავიბრუნეთ ეროვნული სიამაყე! ქართველებმა ქართველობის ყველაზე მაგარი, ნაღდი მაგალითი დავდეთ! ხომ ვნახეთ და დავანახეთ მსოფლიოს დაუგეგმავი გმირობის მაგალითები?! სამყაროში უკვალოდ არაფერი იკარგება და განა რა უნდა მოხდეს იმისთანა, რომ ამ ჩვენს ერთი მუჭა ქვეყანაში ერთიანობისა და ერთსულვნების ეს განცდა დაგვეკარგოს? მიკვირდა ხოლმე, როდესაც ამ ერთიანობის მაგალითებს ვერ ვხედავდი, არადა, ჩვენშივე და ჩვენ შორის ყოფილა... და აქ, თბილისში ყოფილა!

...და თბილისი

ის ყველას უყვარს, ყველას თავისებურად უყვარს, ყველას აქ უნდა! ეს ნაღდი, ხშირად გაუცნობიერებელი, მაგრამ ყველაზე ალალი სიყვარულია. ასე რომ გიყვარს, ვეღარ ტოვებ, მის გარეშე ვეღარ ძლებ და, აბა, თუ მას გაუჭირდა, შენ როგორღა იქნები მშვიდი, ლაღი, ბედნიერი? მისთვის წყალშიც ჩადგები და ცეცხლშიც გაივლი, ბოლოს და ბოლოს, თავსაც გაწირავ, მაგრამ მაინც ვერ გადაწონი იმ სითბოს, რაც თბილმა, თბილმა თბილისმა მოგცა! აი, რატომაა, რომ: თბილისს თუ ეტკინა, მთელ საქართველოს გააჟრჟოლებს, მას თუ ღვარცოფმა გადაუარა, მთელ საქართველოს სუნთქვა შეეკვრება, თბილისს თუ დაუღამდა, საქართველოს დილის გათენება აღარ გაახარებს, თბილისს თუ აეტირა, ვეღარც დანარჩენი საქართველო გაიღიმებს, რადგან, რადგან და რადგან... ეს თბილისია!.. ასე იყო ყოველთვის და ასე ყოფილა ახლაც!..


ბლოგის მთავარი ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი
ნინი
20 აგვისტო 2015 11:52
'ტბილისელო',წავიკიტხე ტკვენი პოსტი და სიმარტლე გიტხრად ვერაფერი გავიგე.წერეტ მარტივად და ზედმეტი რიტორიკის გარეშე.სხვების გასაგონად-იკ მარტო ღირსეული კალადზე იყო არამედ მტელი მტ6ავრობა და კალაკის მერი, მადლობა მატ.
ირმა
22 ივლისი 2015 23:35
გაიხარე კარგო ადამიანო,თბილი სტატიაა.თბილისი გულია,თუ თბილისს სტკივა,ტირის,განიცდის,მთელი საქართველოც იგივეს იგრძნობს.
რუსუდანი
22 ივლისი 2015 17:55
ძალიან პოზიტიური სტატიაა, ასე საჭირო და დროული ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის, სადაც დღეს, სამწუხაროდ, ლამის კარგ ტონად იქცა ყოველივე ქართულის ლანძღვა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა