ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი - კვირის პალიტრა

ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი

ღმერთმა დაგვიფაროს 2008 წლის ოკუპაციის მასშტაბისგან, თან წელს ოლიმპიადაც არ არის, მაგრამ ახლაც ერთმანეთს დაემთხვა დიდი სპორტული სამზადისი და რუსეთის მორიგი მცოცავი ოკუპაცია. ვიდრე ათასობით ქართველი სუპერთასის ბილეთების რიგში იდგა, რუსეთმა ისევ გადმოსწია საზღვარი და მავანს ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირებაც არ დაუყოვნებია.

კი ბატონო, ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთს საქართველოს მიწებზე მადა სპორტული ღონისძიებების დროს(აც) აღეძვრება ხოლმე, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ ცინიკურ დამოკიდებულებას იმ ადამენებისადმი, ვინც ბილეთების რიგში ღამეები გაათია. აგერ, მტერი მოგვიახლოვდა, ეს ხალხი კი ბილეთებისთვის იკლავს თავს და ვაი ჩვენს თავსა და პატრონსო, - გადაჭრელდა ფეისბუკი ამგვარი პათოსის სტატუსებით და ვისაც არ დაეზარა, ლანძღა და ბრბოდ მოიხსენია ფეხბურთის ის ათასობით მოყვარული, ვინც რამდენიმე ღამე ვაკის პარკში გაათენა. ასეთი შეფასებების ავტორებს მინდა ვკითხო: უპირველესად, ქვეყნის თავი და პატრონი ვინც არის, მისგან ოკუპაციის წინააღმდეგ რა მყისიერი განცხადება მოისმინა ან რა ნამოქმედარი იხილა? მეორეც, ასე ერთი ხელაღებით რომ გადათელეთ ამ ხალხის პატრიოტიზმი, ხომ არ გავიწყდებათ, რომ მათ შორის ისინიც არიან, აგერ თბილისის სტიქიის დროს რომ გამოვიდნენ მოხალისეებად, უფრო ადრე რუსეთ-საქართველოს ომში რომ უხმეს, მაშინაც რომ არ უუარიათ სამშობლოს დასაცავად წასვლა, ისეთებიც იყვნენ, ვინც აფაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოლეს და რას ითხოვთ ახლა, რა მოიმოქმედონ, სიმწრით ნაყიდი ბილეთები ესროლონ რუსებს თუ უკეთეს შემთხვევაში დანა-ჩანგლით ეომონ? ვიდრე რამეს იტყვით ან დაწერთ, იქნებ საკითხს ამ კუთხიდანაც შეხედოთ: იქნებ ბილეთების რიგში ისიც იდგა, ვინც საკუთარმა ხელისუფლებამ ბრძოლის ველზეც მიატოვა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა? და ახლა მისი სირცხვილი და დანაშაულია ის, რომ მორიგმა ოკუპაციამ ბილეთების რიგში მოუსწრო? ეს ადამიანი იმედგაცრუების მიუხედავად, ხვალაც იომებს საკუთარი ქვეყნისთვის და არ იკითხავს, წინ მთავარსარდალი მიმიძღვის თუ არაო. შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი და იოდეალისტი ვარ, მაგრამ რისი დანახვაც შეიძლება, იმაზე თვალს ვერ ვიბრმავებ -- ქართველობასა და ქართველებზე ცუდი წარმოდგენის მიზეზი არა მაქვს!

სამარცხვინო და საშიში ის კი არ არის, თუ ვინმე ფეხბურთის, "გადამითელი ბარსელონას" ფანი და მოყვარულია, არამედ ის, ვისაც რაღაცით აღტაცების უნარი არ გააჩნია! დიახ, ასეთები არიან საშიშნი, საკუთარი სიამოვნების საფუძველი რომ ვერ მოუძიებიათ და სხვისი სილაღისა და ბედნიერების მიზეზი რომ აღიზიანებთ, თორემ სიყვარულს ამქვეყნად ჯერ არავისთვის "უწყენია". მჯერა, თუ ადამიანს რაღაც განსაკუთრებულად უყვარს, რაღაცით გატაცება და აღტაცება შეუძლია, იმას სხვისი გრძნობებისა თუ ამ გრძნობის გამო გამოხატული ქმედების დაფასება, პატივისცემა, გაგება და გაზიარებაც გამოსდის. ასეთებს სამშობლოს სიყვარული მით უმეტეს არ ესწავლებათ.

"ბარსას" ან, საზოგადოდ, ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული სამშობლოს სიყვარულს რატომ გამორიცხავს ვითომ, ან საერთოდ, საკითხის ასე დაყენება ლოგიკის რომელი პუნქტითა თუ მუხლით არის გამართლებული? გმირობა და პატრიოტიზმი დავკარგეთო? კიდევ კარგი, ის მაინც გგონიათ, რომ ეს ორივე ოდესღაც გვქონდა. ჰოდა, ისიც უნდა იცოდეთ, მაშინაც კი, როცა ეს გმირობა და თავდადება "გვქონდა", სამშობლოს დაცვის სტრატეგიას რიგითი მოქალაქე კი არა, ხელისუფალი ადგენდა, ახორციელებდა და იცავდა მუდამ. ერთეულ, კერძო გმირობებზე არაფერს ვიტყვი, რადგან აგერ 21-ე საუკუნეშიც არაერთი მოხდა და თავისი სიმძაფრით, პათოსითა და თვითშეგნების გამოხატულებით არაფრით ჩამოუვარდება ისტროიიდან გადმოსულ მითოლოგებულ გმირთა საქციელს. ასე რომ, სამშობლოს დაცვაზე როცა მიდგება საქმე, ამ საკითხს ნუ დაიყვანთ რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობამდე. თუ ქვეყანა და სახელმწიფო გვაქვს, მისი დაცვის საკითხი მე და შენ არ უნდა გადავწყვიტოთ, მე და შენ უნდა შევასრულოთ და შევასრულებთ კიდეც, რადგან ასე არაერთხელ გაგვიკეთებია! როგორ გაგვიკეთებია, ამაზე დავაც კი იმ ბიჭების შეურაცხყოფა მგონია, ვინც ომებში დაგვეღუპა. ხელისუფალთა უუნარობას, უგუნურებასა და სუპერთასის ბილეთებისთვის "ბრძოლას" ჩემსა და შენს პატრიოტიზმთან კავშირი არა აქვს.

პ.ს. გადამთიელების თამაშიო? მაგ პრინციპით, მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ლიტერატურის სიყვარულზე, რადგან, საზოგადოდ, ლიტერატურის აღქმა და გააზრება რუსული ლიტერატურის გარეშე უბრალოდ წამოუდგენელია! ეჭვი არ მეპარება, ქართული გუნდისა თუ ნაკრების სულ მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი, უარესი ამბავი იქნება ბილეთებზე და ეს ადამიანებიც მაშინაც ჩადგებიან რიგში, იჩხუბებენ კიდეც, რაღაცას გააპროტესტებენ, ბოლოს და ბოლოს, გადაირევიან და მაინც წავლენ საკუთარი გუნდის თამაშზე. ეჰ, სად არის, თორემ მართლა გადარევა მერე გენახათ! მე ასე და ასეთი გადარეული ქართველების მჯერა, აბა, კერასთან მჯდომი კაცის მოგებული თამაში და, მით უმეტეს, ომი სად გინახავთ?.. ისე, თუ ოდესმე მოხდა და ქართული ფეხბურთი კვლავ შეეპოტინა მწვერვალებს, მაშინ იქნებ ის უბედურებაც გაქრეს ჩვენი სინამდვილიდან, სახელად რუსული ოკუპაცია რომ ჰქვია?!