"ნაციონალური გინებამახვილობა", ანუ როცა კანონს ძაღლად არ აგდებ - კვირის პალიტრა

"ნაციონალური გინებამახვილობა", ანუ როცა კანონს ძაღლად არ აგდებ

კარბელაშვილის "გინებამახვილობით" ისე "მოიხიბლა" ერი, აგერ მეორე დღეა (თან "ბარსა" და მესიც თბილისშია) ვერ გამოდის ამ ხიბლიდან! კაცს ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა გინება, რომ ატყდა უფლებადამცველთა გნიასი: დეპუტატსაო, კაცოოო, ამხელა ნაცკაცსაო, კაცოოო, როგორ შებედაო რიგითმა პატრულმა რამეო! რამეო, რა: ჯერ ტანთ ტანსაცმლის შემოძარცვა და მერე დაპატიმრეობაო! აბა, აბაო! - აჰყვა ოპოზიციაც! ხალხის ნაწილმაც, ესაა დემოკრატია და თავისუფლებაო, კაცს ჭიქა ვერ აუწევია და მერე საჭესთან თავისუფლად ვერ დამჯდარა, აფსუს, სად არ არის სააკაშვილის დროო...

მერე ის დრო გაახსენდა და... გაჩუმდა! უფ, სად არ არის კი არა, ახლა სააკაშვილის ხელისუფლება ყოფილიყო, ეს დეპუტატი კი "ნაცი" კი არა, ვინმე რიგითი ოპოზიციონერი და მსგავსი კი არა, იმისი ნახევარი გაებედა, რაც კარბელაშვილმა და ბარამიძემ გაბედეს, ან ერთი სად იქნებოდა, ან მეორე, თან რა მდგომარეობაში, ხომ წარმოგიდგენიათ? მე პირადად, ამის წარმოდგენა არ მინდა!

მას შემდეგ, რაც შსს-მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, "ნაცებმა" ოდნავ უკან დაიხიეს, თავად კარბელაშვილმაც გინების გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ, რად გინდა, "ნაცები" ჩვეულ ღრმა ლინგვისტურ-ფრაზეოლოგიურ ანალიზს არ მოეშვნენ და კარბელაშვილის გინების მოტივი, მიმართულება და შინაარსი გაშიფრეს. პატრულს კი არა, პროვოკაციის მომწყობებს აგინებდაო. არა რა, ენას ძვალი მართლაც არა აქვს, "ნაცის" ენას მით უმეტეს! მეტის თქმა რაღა საჭიროა, მაგრამ მაინც კითხვის ფორმით ჩამოვაყალიბებს აზრს: დეპუტატი, რომელიც ამავე დროს კანონმდებელის სტატუსსაც ატარებს და, შესაბამისად, კანონის უპირობო დამცველია (იდეაში), ნასვამი რომ დაჯდება საჭესთან და აპრიორი კანონს არღვევს, ამას დანაშაულის გარდა პროვოკაციაც რომ ჰქვია, შემედავება ვინმე? მის დამცველებს რატომ ჰგონიათ, რომ კარბელაშვილის გინების ადრესატი, ვინ იყო თავად თუ არ გვითხრეს, ჩვენ ვერ მივხვდებით? ან იქნებ ბილწსიტყვაობას ისევე აერია მისამართი (გეოგრაფია), როგორც თავად ამ სიტყვების ავტორს? რა ვიცი, ცხინვალში წამიყვანეს თუ მივყავდიო, აცხადებდა. არა მგონია, ამით მხოლოდ საკუთარი გეოგრაფიული უმეცრების დამტკიცება სდომებოდა, ქვეტექსტი სხვა იყო, მაგრამ მისდასამწუხაროდ, ამ კარტით ვერ გაჭრა.

პროვოკაცია ის არ არის, კაცს გინება არ უნდა, მაგრამ აიძულებენ აგინოს? ამათი ლოგიკით, კარბელაშვილს ვიღაცებმა სუსტი წერტილი მოუძებნეს, მასზე წამოაგეს და... აგინებინეს ძალით! მერე კარბელაშვილს ბარამიძეც აუყოლიებია! ეჰ, შემეცოდა ეკა ყუშიტაშვილი, ჯერ ლამის ანათემას გადასცეს პატრულის გინებისთვის, მერე ხელისუფლების უნიათობას დაარქვეს მისი სახელი, მერე კი ისე აპიარეს, ლამის გაგვივარსკვლავეს, მოკლედ გამოიყენეს, როგორც უნდოდათ და ახლა "ნაცების" ლოგიკით, ეკას გინების ადრესატი პატრული კი არა, ისაა, ვინც მას პროვოკაცია მოუწყო! ჰოდა, არ არის ღირსი, მისი გინება შეერგოს?

მოკლედ, "ნაცებმა", მათმა მომხრეებმა და კიდევ ისეთმა მომხრეებმა ამ მხარდაჭერაში მოგებასა და სარფიან გასამრჯელოს რომ ელიან, კიდევ ერთხელ გადაიხსეს თავს ლაფი. კი არ გამკვირვებია, მაგრამ... მოკლედ, ახლა პარლამენტში გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი ბურთივით გაგორებული ფალავანი!

პ.ს. ისე, ამ ხელისუფლების უნიათობა რომ გამკვირვებია, არ მიკვირს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ნამდვილად მაოცებს: არ დაიჭერს, რატომ არ იჭერსო, დაიჭერს და რათა, რათაო?! საერთოდ, კარგია, როცა ხელისუფლება ხალხს, საზოგადოებას უსმენს, მაგრამ ასეც არ შეიძლება, ყველას დაკრულზე იარო, მთავრობა ხარ, ბოლოს და ბოლოს, და მეტი პრინციპულობა მოგეთხოვება. თანაც მაინც კრიტიკის ქარცეცხლი არ აგცდება და რამე კაცური სიტყვა მაინც თქვი, აი ისეთი, მეხის გავარდნასავით! თორემ აგერ ჩიორა თაქთაქიშვილმა პრემიერს "ჭუჭყი, მონა და სათამაშო" უწოდა. მართლია, ამით ჩიორამ გაააქტიურა მოსაზრება "დედათა ბუნება იწრო არს!", მაგრამ პრემიერსაც მეტი დაფიქრება არ აწყენდა საკუთარი თუ ქართველ პოლიტიკოს კაცთა მოდგმის იმიჯის შესანარჩუნებლად, ვიდრე იმას იტყვის, რისი მტკიცებულება და, ბოლოს და ბოლოს, რისი უფლებაც არ გააჩნია!