შოტლანდიური ლეგენდა - დაიჯერეთ, გამარჯვება ჩვენც შეგვიძლია!
04-09-2015
შოტლანდიური ლეგენდა - დაიჯერეთ, გამარჯვება ჩვენც შეგვიძლია!
მოვიგეთ! დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიისა დაამარცხა! მრავალი დამარცხების, იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და უპერსპექტივობის შემდეგ, მაინც მოვიდა ეს გამარჯვება და... ბრძოლას აზრი მართლა ჰქონია! გილოცავთ!

ეს არ იყო ადვილი გამარჯვება და თუმცა ბევრი რამის დასამტკიცებლად სიტყვა საუკეთესოდ ითქვა, მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინა აქვთ ჩვენს ბიჭებს და, როგორც იტყვიან, ყველაფერი ახლა იწყება. ჰოდა, ამ რთული დასაწყისისა
და იმედისმომცემი განწყობისთვის ერთი შოტლანდიური ლეგენდა მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც ვახტანგ ჭელიძემ "ქართლის ცხოვრების ქრონიკებში" ქართველთა და შოტლანდიელთა შეუპოვრობის, გაუტეხელობისა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვის მსგავსების მაგალითად მოიყვანა. ამ ლეგენდას ახლა მე მოგიყვებით და ყველა მინიშნება თავადვე იტყვის თავის სათქმელს.

მოკლედ, შოტლანდიელ ხალხს ყველა ბრძოლაში წინ უძღოდა გმირი მეფე-სარდალი რობერტ ბრუსი.
ეს ლეგენდაც მას შეეხება.
ერთ-ერთი შეტევის დროს მტერმა ლამის სულ გაჟლიტა
შოტლანდიელები. ცოცხლად დარჩენილი ჯარისკაცები, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, აირივნენ და გაიფანტნენ. რობერტ ბრუსმა იმდენი მოახერხა, რომ გარშემორტყმულ მტრის ლაშქარს დაუსხლტა და უღრან ტყეში ერთ ძველისძველ მიტოვებულ ქოხს შეაფარა თავი.
ჯაჭვის პერანგი არც კი გაუხდია, ისე მიეგდო კუთხეში ქანცგაწყვეტილი, მშიერ-მწყურვალი, სასომიხდილი მეფე. მაგრამ გამწარებულსა და გატანჯულს ძილი არ ეკიდებოდა, გადახდილი სასტიკი ბრძოლის სისხლიანი სურათები ედგა თვალწინ...

ხსნა არსად იყო. ომი წააგეს. არც მას, არც მის ლაშქარს, მთელ ხალხს მცდელობა არ დაუკლიათ, გმირულად დაუხვდნენ მტერს. ლაშქრის დიდი ნაწილი გაწყდა, დანარჩენი დაიფანტა. რაღა აზრი ჰქონდა ხელახლა ლაშქრის შეგროვებას!..
ასე ფიქრობდა ქოხის კუთხეში მიგდებული დამარცხებული სარდალი - მეფე.
სიძველისგან ჩამომპალ ისლის სახურავში ჩამავალ მზის სხივებს შემოეჭვრიტა. ერთი ობოლი სხივი ობობას ბუდეს მისწვდომოდა. ობობა ქსელის ერთ კუთხეში მიყუჟულიყო. მეფემ ანგარიშმიუცემლად ასწია ჯერ ისევ ხელში შერჩენილი მახვილი და ობობას ქსელი დაუშალა. გავიდა ცოტა ხანი და შენიშნა, რომ ისევ გაუბამს ქსელი ობობას და ისევ კუთხეში მიყუჟულა. ბრუსმა ახლაც თავისდა უნებურად ასწია მახვილი და კვლავ ჩამოშალა ქსელი. ხოლო როცა ობობამ მესამედაც გააბა, მეფე უკვე დაინტერესდა. წამოჯდა. და ალბათ ახლა გაუელვა იმ ბედნიერმა ფიქრმა. ახლა უკვე აქეთკენ მოიმართა მისი არეული გონება, კიდევ ჩამოშალა ქსელი და გაფაციცებით დაელოდა. შეჰყურებდა, როგორი დაუღლელი მონდომებით ტრიალებდა ობობა... მეოთხედაც გააბა, მეხუთედაც, მეექვსედაც...

ხოლო როცა მეშვიდედაც გააბა ქსელი, მეფეს გაკვირვება აღარ ეტყობოდა - მას უკვე ბედნიერი გადაწყვეტილების სხივი უნათებდა სახეს.
თუკი უსუსური მწერი ზედიზედ შვიდი დამარცხების შემდეგ მაინც გაუტეხელი სულითა და იმედით შეუდგა საქმეს, მე რაღა ღმერთი გამიწყრაო. და მტკიცე ნაბიჯით გამოვიდა ქოხიდან.

გადამწყვეტი ბრძოლა შოტლანდიელმა ხალხმა მოიგო.
ეს იყო ისტორიაში კარგად ცნობილი ბანოკბერნის ბრძოლა.

ეს ლეგენდაა. ლამაზი შოტლანდიური ლეგენდა. მაგრამ მართლაც რომ მომხდარიყო ასეთი რამ, ჩვენ მაინც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს შემთხვება უბრალო ბიძგი იყო. დიდი ისტორიული მოვლენები ასე უბრალოდ და შემთხვევით არა ხდება. მთავარი ფაქტორი, რამაც გატანჯულ ხალხს ისევ ააღებინა იარაღი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ამ ხალხის გაუტეხელი სული იყო. მონობისადმი შეურიგებლობა. თავისუფლების სიყვარული. გამარჯვების სიყვარული!

გამარჯვება კი ბრძოლის გარეშე, დანგრეულის თავიდან აშენების, დაჟინებული მონდომებისა და რწმენის გარეშე არ მოდის! ჰოდა, დაიჯერეთ, გამარჯვება ჩვენც შეგვიძლია!


ვიცი, ყველაზე მეტად სწორედ ეს გვიყვარს, თან ძალიან გვენატრება! და თუმცა ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩი იყო, იცოდეთ, რომ ეს თქვენი ბრძოლაა, ჩვენი ბრძოლაა! მრავალი წაგების მიუხედავად, რამაც კვალავ შეგაბრუნათ მინდორზე, ესაა მთავარი და სწორედ ეს მაიმედებს, რომ თქვენს (ჩვენს) ბრძოლასაც აზრი აქვს! თუნდაც ხვალ ისევ დაიშალოს ჩვენი კარის ბადე მოწინააღმდეგის გოლებით, ზეგ ისევ თავიდან "მოქსოვეთ" და ერთხელაც იქნება თქვენი დარტყმული აღარ ასცდება მიზანს!


ragbi
08 სექტემბერი 2015 11:21
აბა რაგბიში შოტლანდიისთვის მოგვიგია ოდესმე??
dato
07 სექტემბერი 2015 17:43
ეს ლეგენდა, მარკუს ავრელიუსზეა. როგორც ვიცი
giorgi
07 სექტემბერი 2015 16:00
ჩვენნაირი ქვეყანა რომ შოტლანდიას მოუგებს ფეხბურთში ეს ძალიან დასაფასებელია!!! რაის ამბიციები გაქვთ თქვე კაი ხალხო . ვხარჯავთ იმის მეათედ თანხებს მაინც რასაც შოტლანდია ხარჯავს ფეხბურთზე? არა ხო? ხოდა აბა რატო მოელით რომ ნაკრებმა კარგად ითამაშოს. მიხედეთ ქვეყანას და ჩამპალ ქართულ საფეხბურთო სისტემას და ამბიციები მერე გამოვთქვათ ხოლმე.

რედაქტორის რჩევით