ვაზი სამშობლოა და ვაშლი კიდევ... ვაშლი?! - კვირის პალიტრა

ვაზი სამშობლოა და ვაშლი კიდევ... ვაშლი?!

ვაზი ივანიშვილის არც იმედად უნდა მოიყვანო და არც მის ჯინაზე უნდა გაჩეხო, მით უმეტეს, ეს ვიღაცის პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ უნდა გააკეთო

"ფიქრი სიზმარივით სწრაფია და ის თვისებაც აქვს, რომ გონებაში კონკრეტულად ცოცხლდება განვლილი, განცდილი სურათები... მეფეს წარმოუდგა საქონლის ჯოგისგან ახალგადაქელილი ვენახი და ვენახში მდგარი კაცი _ გამშრალი, გახევებული, ხელში ვაზის ლერწი შერჩენია და ხან იმ ლერწს დახედავს გაოგნებული, ხან გაჩანაგებულ ვენახს გადახედავს"... -- ეს ამონარიდია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ნაშრომიდან და კარგად ასახავს ვაზისადმი ქართველების (მეფის, გლეხის, მწერლის) დამოკიდებულებას თუ არა, ამგვარი დამოკიდებულების არსებობის სურვილს მაინც.

"კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა, ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვა კი დღეს დაიწყო", -- ეს უკვე ჩვენი რეალობაა, ამას უკვე საინფორმაციო საშუალებები გვამცნობენ და ეს ცნობა კარგად ასახავს ვაზისადმი ქართველის (რომელიღაც პოლიტიკური პარტიის, გლეხის, ჟურნალისტის) დამკიდებულებას თუ არა, ამგვარი დამოკიდებულების, ამგვარი რეალობის არსებობის სურვილს მაინც.

არ დავიწყებ იმის ახსნას, რა გავიფიქრე, რა ვიგრძენი და განვიცადე, როდესაც ვაზის გაჩეხვის კადრები ვნახე. თითქოს ეს ამბავი ჩვენს სინამდვილეში არახალია, მაგრამ მაინც ვერ დავრჩი გულგრილი. არც ქართველისთვის ვაზის მნიშვნელობაზე ვიტყვი დამატებით რამეს, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ მან დღეს პოლიტიკური დაპირისპირების იარაღის ფუნქციაც შეიძინა, უფრო სწორად, შესძინეს, თორემ როდის იყო ჩვენი პოლიტიკოსები ვინმეს რამეს ეკითხებოდნენ, ვაზისთვის რომ ეკითხათ?!

მოკლედ, ხელისუფლება არ იმჩნევს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი ბუზს სპილოდ წარმოაჩენს და ყველაფერს აკეთებს ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაზარდოს! ჰოდა, რომ იტყვიან, "ნაცებს" რთველმა სულზე მოუსწრო: დადგენილი ფასი მიუღებელია გლეხისთვისო, - გლეხზე ადრე მიხვდნენ ამას და იმდენი ქნეს, გლეხიც დაარწმუნეს და აიყოლიეს. ამას აქციები რომ მოჰყვა, იცით, და აღარ გავაგრძელებ, მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, გიგი უგულავას პროცესი და... "ნაციონალები" როგორ ზვავივით მოსწყდნენ კახეთსა და მის პრობლემებს და ახლა "მატროსოვსა" თუ შუშის სასახლესთან დასცეს პოლიტიკური ბანაკი! სხვათა შორის, იმ ორი-სამი დღის განმავლობაში კახეთში ისევ იყო რთველი!

მერე გიგი ისევ ციხეში შეაბრუნეს, შუშის სასახლიდან ისევ დუმილი "ისმოდა", ამ "საერთაშორისოებმაც" ისევ დიდად არ გამოიდეს თავი, არიქა, დემოკრატია და სამართლიანობის უგულბეველყოფაო და... "ნაცებსაც" ისევ გამოეცალათ ხელიდან საპროტესტო ტალღა! ჰოდა, ამბობენ, ადგნენ და ვენახის გაჩეხის სცენა დადგესო! არა, ეს რომ დადგმული იყო, მოგვიანებით გაირკვა, მაგრამ ხომ ეცადენ და ვიღაც ხომ დააჯერეს? ესეც საქმეა!

ვაზის გაჩეხის კადრები რომ ვიხილე, ბევრ რამესთან ერთად, ტელევიზიებისა და საერთოდ, ჟურნალისტების "ადგილზე მობილიზებამ" გამაოცა. როგორ ოპერატულად ჩასულან გამოძახებაზე. მაინც გადავამოწმე წინადღის საინფრომაციო ანონსი. ვერსად აღმოვაჩინე ტექსტი: "ხვალ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ვჩეხავ ვაზს. საკონტაქტო პირი გელა გრიშენკო". კარგი, დავუშვათ, გრიშენკომ გაჩეხა, ეს მისი უფლებააო, იტყვიან, მაგრამ იმ მეზობლების არ მესმის, ვინც ამ სეირის სანახავად მივიდა, მხარი დაუჭირა, წააქეზა და წაახალისა. ნუთუ ერთი გიორგი მახარაშვილი (ჯარისკაცის მამა) არ აღმოჩნდა ამდენ ხალხში, რომ საკადრისად გაესილაქებინა ეს კაცი? თუ ახლა გაჭირვებამ და გაჭირვების არმოთმენის პროპაგანდამ ყველა გრიშენკოებად გვაქცია!?

ერთი ვიცი, ასეთი ხალხი ვერც მევენახედ და ვერ ჯარისკაცის მამად ივარგებს, სამწუხაროდ. თორემ დიდი ტრაგედია ის კი არ მგონია, რომ კონკრეტული ვენახი გაიჩეხა -- ასე აქამდეც მომხდარა და ამის შემდეგაც მოხდება, უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებ დავალებით, როდესაც ამას აჩვენებ დავალებით, როდესაც ამ მასკარადის მონაწილე ხდები დავალებით - თითქოს პულტით იმართები. ამაში თანაბრად სამარცხვინოა დამკვეთიც, შემსრულებელიც, გამავრცლელებელიცა და დამჯერებელიც.

ვიმეორებ, არ ვარ ვაზის იდეალიზაციის მომხრე, ის მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროა, ოჯახის მატერიალური საფუძველია და სულაც არ მიკვირს, თუ ყურძნის ფასით უკმაყოფილონი არიან და ამას საჯაროდაც გამოხატავენ, მაგრამ მიკვირს პტორტესტის ფორმა და შინაარსი. ივანიშვილი ყურძნის ლარად ჩაბარებას დაგვპირდაო და რადგან ამდენს არ გვიხდის, გავჩეხავთო. რა ლოგიკაა? ივანიშვილი სხვა ბევრ რამესაც დაგვპირდა და არ შეასრულა, მაგალითად, "ნაციონალებს" ყველას პასუხს ვაგებინებო, მაგრამ... რა ვქნათ ახლა, ავდგეთ ეს მოტყუებული ხალხი და თავად გავუსწორდეთ "ნაცებს"? ან ტარიფების განახევრების მაგიერ, აგერ რომ გაგვიძვირა, პასუხად ელექტროგადამცემი ხაზები ჩავჭრათ? რა ვიცი, ასე პროტესტსაც გამოვხატავდით და თან ელექტროენერგიის გადასახადსაც დავზოგავდით! კიდევ შემეძლო ჩამონათვალი გამეზარდა, მაგრამ ვფიქრობ, სათქმელს მიმიხვდით და მეტს აღარ გავაგრძელებ. ვაზი ივანიშვილის არც იმედად უნდა მოიყვანო და არც მის ჯინაზე უნდა გაჩეხო, მით უმეტეს, ეს ვიღაცის პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ უნდა გააკეთო.

არავინ დაობს გლეხის შრომის დაუფასებლობაზე, ეს მართლაც დიდი პრობლემაა ამ ქვეყანაში, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რაც კარგა ხანია მიღებული და დანერგილი გვაქვს, სამწუხაროდ, ამ ნიუანსს არ ითვალისწინებს. ხელისუფლების როლი მინიმუმამდე არ დამყავს, პირიქით, სწორედ ისაა ვალდებული შესაბამისი გარემო შექმნას, მოიძიოს ბაზრები და ა.შ. მაგრამ ხელისუფლების იმედად თანამედროვე გლეხი ვერ იქნება, რადგან გაიგეთ, ხალხო, ჩვენს ქვეყანაში კარგა ხანია სოციალიზმი აღარ არის, არა!!!

პ.ს. და კიდევ, ოქტომბრიდან ქართლში ვაშლის კრეფას დაიწყებენ. იქაც არის გადამმუშავებელი ქარხნები, რომლებიც კილოგრამ ვაშლში მაქსისმუმ 10 თეთრს გადაუხდის გლეხს. ქართლელი გლეხების აბუნტებას არ აპირებთ? არ თქვათ ახლა, რა შედარებაა, ვაზი სამშობლოა, ვაშლი კიდევ... ვაშლიო! რა ვიცი, ამას წინათ არ იყო, "ნაცებმა" ის კაცი რომ გააკრიტიკეთ, ვინც "იქნებ, ვაზია სამშობლო"-ო რომ დაწერა და მერე ბევრმა რომ მოიწონეთ და გაიზიარეთ?