როცა შეუძლებელი არაფერია... ბაჩანა ბრეგვაძის ხსოვნას - კვირის პალიტრა

როცა შეუძლებელი არაფერია... ბაჩანა ბრეგვაძის ხსოვნას

რომ თქვეს, ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალაო, ბევრს გულწრფელი გაოცება და კითხვა გამოეხატა სახეზე: ვინ არისო? - ეს სამწუხაროა, მაგრამ არა ტრაგედია - გაივლის დრო და მათი შვილები, ან შვილიშვილები "დონ კიხოტს" მაინც გადაშლიან და მშობლიურ ენაზე ეზიარებიან უდიდეს ბედნიერებას გენიალური ნაწარმოების გენიალურად "ქართულად ნათარგმანებ" ვერსიას.

და თუნდაც არც მათ ჩახედონ წიგნში გრაფას "მთარგმნელი", ეს დაუდევრობა ბაჩანა ბრეგვაძის ღვაწლსა და როლს ქართულ მწერლობაში ოდნავადაც არ დააკნინებს, პირიქით - მის უკვდავსაყოფად მკითხველის აღფრთოვანებაც საკმარისი იქნება.

და მაინც, ძალიან გამიხარდა საზოგადოების იმ ნაწილის აქტიურობა, ვინც ბაჩანა ბრეგვაძის უხმაურო, უპრეტენზიო, ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული ამქვეყნად ყოფნის დღეების სამადლობლად ხმა აიმაღლა და დიდ ადამიანს დიდთა შორის მიაკუთვნა ადგილი. თუმცა, დამერწმუნებით, არც უამისობა დააკნინებდა მის უკიდეგანო ღვაწლს, უბრალოდ, აქ დარჩენილებს სხვაგვარად მატერიალიზებული მადლობის გადახდის შესაძლებლობა აღარ მოგვეცემოდა, ამიტომ მიხარია, რომ ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ და გაიმარჯვა ხმა ერისამ: მთაწმინდა დიდი პიროვნების სამუდამო განსასვენებლად!

"დონ კიხოტი" ვახსენე და აქვე ვიტყვი, ჩემი საყვარელი ნაწარმოებია! ხშირად მიფიქრია, რომ არა ასეთი თარგმანი, ექნებოდა კი ამ წიგნს ეს სტატუსი? ასე გამოიყენო მშობლიური ენის შესაძლებლობანი, წარმოაჩინო მთელი მისი სიღრმე და მნიშვნელობა და ამავე დროს, ამბავს მახვილგონიერი იდალგოს მშობლიური ლამანჩის ენა, ხასიათი, ეშხიც კი არ დაუკარგო, მართლაც ერთეულთ თუ შეუძლიათ და ამ ერთეულთა შორის სწორედ ბატონი ბაჩანაა.

ბაჩანა ბრეგვაძის დამსახურება პირადად ჩემდამი კი განსაკუთრებულად დიდია: მისი თარგმანების წაკითხვის შემდეგ ვიცი, როგორი არ უნდა იყოს ნათარგმნი წიგნი! სტანდარტი საკმაოდ მაღალია, ზედმეტად მაღალიც კი, რაც, ერთი მხრივ, ჩაგრავს სხვა მთარგმნელებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ტოვებს იმედს, რომ შეუძლებელი არაფერია!

მით უმეტეს, ეს გზა გაკვალულია და თუ ყველა მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე ვერ იქნება, მისგან და მისი წიგნებიდან სწავლის სურვილიც უკვე საქმეა. მთავარი კი ალბათ, დამოკიდებულებაა, რაც ნებისმიერ საქმეში უმნიშნელოვანესია და მთარგმნლეობითში ხომ მით უმეტეს. მთარგნნელი თარჯიმანი არ არის, შესაბამისად, მის განწყობა -განცდებზე დიდად არის დამოკიდებული წიგნის ხარისხი. არადა, ბევრი არ მეგულება, ვინც საქმის დაწყებამდე "ერთდროულად სიხარულსა და შიშს" განიცდის... და კიდევ მოწიწებას. ჰმ, რა ძალიან გაიშვიათებული სიტყვაა, არა?

მოკლედ, არ ვაპირებ ე.წ. შედარებითი დახასიათების თემის წამოწევას, ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე მთარგმნელთა შორისაც ხომ ბევრია ძალიან კარგი. ამიტომ ასე ვიტყვი: მომავალო მთარგმნელებო, ვიდრე სამუშაოს მოჰკიდებთ ხელს, მშობლიური ენა ძალიან კარგად ისწავლეთ, ამ ენაზე ბევრი წიგნი წაიკითხეთ, მერე ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები მოიძიეთ და ახლა ის იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ; ამის მერე გაბედეთ და ის წიგნი აიღეთ, რომელსაც თარგმნას უპირებთ, ოღონდ ვიდრე დაიწყებთ, ნაწარმოები გულდასმით წაიკითხეთ!

ვიცი, ამის პასუხი რაც არის: სად არის ამდენი დრო?

აბა, რა, დრო, რომელიც მთარგმნელს არა აქვს, რედაქტორს უნდა ჰქონდეს! რედაქტორს, რომელიც თქვენს თარგმანს მხოლოდ წელში გამართვაში უნდა წაეშველოს და არა თავიდან ასწავლოს სიარული. მოკლედ, მთარგნმელმა წიგნის ხასიათი, ბუნება, იქ განფენილი განწყობა უნდა დაიჭიროს და შეინარჩუნოს და ასეთი მიიტანოს რედაქტორამდე.

და თუ ასე არ ხდება, მხოლოდ ის შეგვიძლი ვთქვათ, რომ რა გაეწყობა?!

პ.ს. ჩემი წიგნის თაროზე ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილი "ახალი აღთქმისა" და "დონ კიხოტის" გვერდით თანამედროვე თარგმანებიცაა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ერთნაირი, გვერდიგვერდმდგომი მნიშვნელობა აქვთ. და კიდევ, ინტელექტუალურ (და არა მხოლოდ) საქმეზე ვინც დრო არ დაზოგა, პანთეონებში განისვენებენ. თუმცა განსასვენებელის ადგილმდებარეობაც ისევე პირობითია, როგორც ჩემი წიგნის თაროს ბინადართა გვერდიგვერდ თანაარსებობა!