"ვირიშვილო მაიმუნო"! - გინებით გადაფარული პრობლემები და ქართველ პოლიტიკოსთა ლექსიკას შერჩენილი ცხოველთა სამყარო - კვირის პალიტრა

"ვირიშვილო მაიმუნო"! - გინებით გადაფარული პრობლემები და ქართველ პოლიტიკოსთა ლექსიკას შერჩენილი ცხოველთა სამყარო

ქართული პოლიტიკა ფენომენია (ამაზე ალბათ, ოდესმე დაწერს ვინმე ჭკვიანი), ვირი კი ქართველ პოლიტიკოსთაგან ოდითგანვე "დაფასებული" ცხოველი. ჯერ კიდევ როდის უწოდა დიდმა პოლიტლინგვისტმა, შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ პოლიტიკოს დაღლილი ვირი?! ჰო, კიდევ ის გამახსენდა, ალექსანდრე ლომაიასა და მის განათლების რეფორმაზე რომ თქვა: ეს ირმის ნახტომი კი არა, ჯორის ნახტომიაო...

ვირს რომ თავი დავანებოთ, ლანძღვა-გინების, უხამსი ეპითეტით ერთმანეთის შემკობისა თუ შედარების უამრავი მაგალითი მოიძებნება ქართულ პოლიტიკურ ლინგვისტიკაში და საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ამას ყოველთვის ნეგატიური რეაგირებით ხვდებოდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ახლა ამ დამოკიდებულების, ჩვენი აზრისა და შეხედულების თამამად, თავისუფლად გამოხატვა შეგვიძლია ნებისმიერ დონეზე: სოცილური ქსელით, ქუჩაში გამოსვლითა თუ მაღლაჩინოსანთან კაბინეტში შევარდნით!

"ვირიშვილი", როგორც არსებითი სახელი, არ ასებობს. მას ვერ ნახავთ ვერცერთ ორთოგრაფიულ თუ განმარტებით ლექსიკონში. სამაგიეროთ, ამ სიტყვას თუ "დაგუგლავთ", მთელ ექვს გვერდზე მხოლოდ მასზე წაიკითხავთ ინფორმაციას, უფრო სწორად, იმ კაცზე, ეს სიტყვა სხვა ცხოველთან - მაიმუნთან საოცარ კომბინაციაში რომ წარმოთქვა. მოკლედ, დავით ნარმანიას დაუფიქრებლად, შეგნებულად თუ სპონტანურად ნასროლმა ფრაზამ მთლიანად ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და აბსოლუტურად გადაფარა (უფრო ჩაანაცვლა) პრობლემა, რის გამოც წარმოიშვა დავა და დაპირისპირება.

ახლა ნარმანია ყველაზე სასტიკ - საზოგადოების სამსჯავროზეა და ან უნდა გაუძლოს, ან გამოვიდეს და რამე თქვას. მიუხედვად იმისა, რომ პოლიტიკიოსს, საჯარო მოხელეს თმენის დიდი ვალდებულება აქვს, ხელისუფალნიც მაინც მოკვდავები, ჩვეულებრივი კაცები არიან და რომ ბრაზობენ, სიტყვებსაც ვერ ზომავენ. თანაც, მოდი, ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, რომ მსგავსი სისუსტეები მხოლოდ ქართველ მოხელეთა ცოდვა არ არის, თუმცა, ცხადია, ეს ჩვენებს არამც და არამც, არ ამართლებთ.

ფსიქოლოგი არა ვარ და ამიტომ არ შემიძლია ავხსნა პოლიტიკოსთა წყობიდან გამოსვლის მიზეზები. უბრალოდ ის მაოცებს, რატომ ხდება, რომ რაღაც პრობლემა წამოიწევა, გააქტიურდება, დაიძაბება ურთიერთობები, მერე უკიდურესი დაძაბულების მომენტში ვიღაცას უმტყუნებს ნერვები, იტყვის თუნდაც ასეთ უაზრო და უშინაარსო ფაზას და ყველაფერი თავდაყირა დგება: ვიღას ახსოვს პრობლემა და ხეები, მთავარი ამ პოლიტიკოსის ლექსიკაა, წარმომავლობაა, მსოფლმხედველობაა: ამ სოფლელმა მერმა ეს როგორ გვაკადრა, ასეთი მეტყველება ეკადრება თბილისსო? ანუ, გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეები კი არა, მერის მენტალობა და ლექსიკაა პრობლემის თავი და ბოლო!

ცხადია, მეც არ მომწონს პოლიტიკოსის, ჩინოვნიკის ქუჩური მენტალიტეტის გამოვლინებები. თუ ვერ ერევი ბრაზს, ადვილად გწყინს და შინაგან ტემპერამენტს ვერ მართავ, უბრალოდ, თავი უნდა შეიკავო პოლიტიკაში მოსვლისგან. ეს არ დაგიცავს ამ ხასიათის თუნდაც ქუჩაში გამოვლენისგან, სამაგიეროდ, ნაკლებად რეზონანსული იქნება და საზოგადოებაც ნაკლებად შეწუხდება. მართალია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანს ვერ აუკრძალავ პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა არც სხვამ უნდა განგისაზღვროს თანამდებობა. თავსმოხვეული ვალედებულებების კი არა, თავისუფალი ნებისა და არჩევანის შემთხვევაში, იქნებ ნაკლები შეცდომები დავუშვათ ადამიანებმა. ეს ნიაუნსი მავანთათვის დასაფიქრებლად ღირს.

ისე, რა მიკვირს, იცით? ნარმანიამ რომ იუზრდელა და დავგმეთ, რატომ ვუწონებთ იგივეს სხვა პოლიტიკოსებს? ალეკო ელისაშვილი კაბინეტიდან ისვრის ფრაზას: "მაიმუნო, ვირიშვილო, ნარმანია" თუ ქუჩიდან შესძახებს, ორივე შემთხვევაში მარაზმია და ვერც ნარმანიაზე უკეთესისა და ზრდილობიანი ბიჭის იმიჯს იმკვიდრებს. მოკლედ, მორალის კითხვა რომ არ გამომივიდეს, მოკლედ ვიტყვი, ნუ იხელმძღვანელებთ ლოგიკით: ის რაც ეპატიება ხარს, არ ეპატიება იუპიტერს, თორემ, რა გამოდის: ნარმანია იუპიტერია და თქვენ ხარი? რა ვიცი, ახლა თავად განსაზღვრეთ ხარის უპირატესობები ვირთან მიმართებაში.

ისე, აი, დემოკრატია!

ნარმანიამ დააშავა და საზოგადოებამ გააშავა!

ოთხი წლის წინათ ამის გაკეთება კი არა, წარმოდგენაც კი ზედმეტი იყო და, როგორც ერთი ჩვენი ყოფილი თანამემემულე და ნაპრეზიდენტალი კაცი იტყოდა, განა, ამის არდანახვა შეიძლება?!

იხილეთ ასევე: "ვიგინებოდი ყოველთვის და კვლავაც გავაგრძელებ გინებას"