ლურჯები, წითლები და უცნაური სასახლე ოკეანგაღმა - კვირის პალიტრა

ლურჯები, წითლები და უცნაური სასახლე ოკეანგაღმა

არა, ეს გალაკტიონის უცნაური სასახლე არ არის, სხვაა, ოკეანისგაღმელი, დიდი და თეთრი.

და უცნაურიც!

ჰო, უცნაური წერილი გამოგვიგზავნა, თან გარეთ "უცნაური დარებია"...

მოკლედ, ადგა ეს უცნაური სასახლე და "კიდით კიდე დარებით, ფერის ფერთან დარებით" (ამ შემთხვევაში ალბათ ლურჯის წითელთან!), უცნაური განცხადება გამოაცხო და გამოგზავნა.

თეთრ სახლსა და მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მოგახსენებთ, საქართველოში ჩატერებული მეორე ტურის წარმატებით დასრულებას რომ მიუძღვნა.

"არჩევნების მეორე ტურის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია", - წერს სტაბილურად უცნაური სასახლე. რატომ "სტაბილურად უცნაური"? - შეშფოთების ამბავში სტაბილურობას არ ღალატობს. ზოგჯერ მგონია, ჩვევაში აქვს გადასული - ვეღარ წარმოუდგენია არსებობა მის გარეშე.

თუმცა იქვე არ შეგვარგეს დემოკრატიული რეფორმების ლიდერობა და მიაწერეს:

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და გამოვდივართ ანგარიშვალდებულების მოწოდებით, ისევე როგორც საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიების მოწოდებით, კანონის უზენაესობის შესაბამისად..."

ოპა... ისევ არც მწვადი უნდა დაიწვას და არც შამფური.

ისე, რა საინტერესო იქნებოდა, აღშფოთებულთა რეალობაში ხილვა?! ამას მხოლოდ თუ წარმოვიდგენთ: თეთრი სახლის დერეფნებში ობამა და ჩინოსანნი მისნი მრავალმნიშვნელოვნად წარბშეკრულნი რომ სცემენ ბოლთას. არა, ბოლთის ცემის შემდეგაც ყველაფერი კარგად არის, მცემელებიც უშფოთველად არიან, მაგრამ გზავნილი, "ვშფოთავთ!" გაგზავნილია და ადრესატსა თუ ადრესატის ოპონენტთ თავბრუს ახვევს თავისებურად.

მიზანი ეს არის, თორემ, შეშფოთება არა, ისა!

ძალადობა და დაშინება იყო ამ არჩევნებზე და დემოკრატიის მექაში ამას როგორ წავუყრუვებთო და აქვე ცოტა უხერხულია, დამშინებელ-მოძალადე ხელისუფლებიან ქვეყანას რეგიონში დემოკრატიის ლიდერი უწოდო. არა, ისეთი კი არაფერი, მაგრამ ლოგიკა? თუმცა ამისთანები უთქვამთ?

რაო, ყველაფერი სადააო? აი, თუ არაა: იყო ძალადობა, იყო დაშინება, იყო წარმატება, არის მოლოცვა, არის ცნობა და აღიარება, არის თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და, რაც მთავარია: არის დემოკრატია! ისეთი დემოკრატია, რეგიონში სხვებს ჯერ სიზმრადაც რომ არ უნახავთ და ჩვენ რომ უკვე გვაქვს!

არა რაა, რა თეთრი სახლი, რა პოლიტიკა, გალაკტიონი ყოფილა მართლა გენიოსი:

ცვივა ლურჯი ფარულიო, ჯერ კიდევ როდის თქვა! არა, ათასი შადრევანიც კი არის ამ ლექსში ნახსენები, მაგრამ, ეს წინასწარმეტყველება მგონი არ ახდა, ან ნაწილობრივ ახდა. ისე, აღარ დააცადეს იმ კაცს შადრევნების "ჩამოსხმა", თორემ მერე გენახათ, ამ ლექსს რომელი მოირგებდა, ლურჯი თუ წითელი. ნებისმიერ შემთხვევაში, თეთრი და უცნაური სასახლე მაინც დგას და უკვე ახალ ბინადარს ცოტა არ იყოს შიშით ელის... ვაითუ...

მთავარია, ჩრდილოელი მეზობლის ასევე უცნაურმა სასახლემ არ ჩაანაცვლოს და...

წითლებისგან (ჩვენი თუ სხვისი) ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ლურჯებსაც ჯერ ვერაფერი გავუგე, თუმცა ვნახოთ, ამ უკანასკნელთ კიდევ ოთხი წელიწადი აქვთ წინ. მოკლედ, ეს ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში არც იქით არის, არც - აქეთ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, იქ, შორეულ ამერიკაში იმ უცნაურ შენობაში მყოფთა ჩვენდამი განწყობა და დამოკიდებულებაა მნიშნველოვანი. ჰოდა, ის გვყავდეს კარგად, უმისობა არ განგვეცადოს - ვნუგეშობთ "რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბებით" და წერილზე პასუხის გაუცემლობაც არ ეგების, ბოლოს და ბოლოს, შეწუხებულა ამხელა შენობა?! და, დაილოცე გალა, ისევ შენ, თორემ, რა მოძებნიდა სათეთრსახლო სახოტბო ფრაზას:

"აჩონჩხილო შენობა,

მშვენიერო შენობა,

მომკლავს მე უშენობა!"