მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის "მესამე რომად" ქცევის ამბიცია და დემოკრატიის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობა
მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის "მესამე რომად" ქცევის ამბიცია და დემოკრატიის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობა
აი, ახლა, ამ წუთას სირიაში, ალეპოში ვიღაცას სტკივა, ვიღაცას ეშინია, ვიღაც სულაც კვდება და არსაიდან იმედი, ხსნა და საშველი არ არის! ახლა აზრი ნამდვილად აღარ აქვს, რა და რატომ ხდება, ალეპოს რომელ ქუჩაზე ვისი ინტერესები გადაიკვეთა, რომელი მხარის სიჯიუტემ და ამბიციამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე, შედეგი საგანგაშოდ შემაძრწუნებელია!

ახლა შედეგის "გაპრავებაღა" დარჩა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ზესახელმწიფომ, რუსეთმა ამისთვის არც მეტი, არც ნაკლები, პატრიარქი კირილი შეარჩია. დიახ, სწორედაც რომ შეარჩია, რადგან
კრემლს ნამოქმედარის გასამართლებლად, პოლიტიკური თუ დიპლომატიური არგუმენტები უბრალოდ ა(ღა)რ დარჩა.

"ის, რაც ახლა ხდება თითქოსდა შორეულ სირიაში, რომელიც სინამდვილეში არც ისე შორსაა - ფაქტობრივად, ის ჩვენი მეზობელია - ეს არის სამშობლოს დაცვა. ამიტომ ეს ომი
თავდაცვითია. ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში და ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის გამართლებული და სამართლიანია. ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს, ხანდახან გამართლებულია", - აი, ამას რომელიმე ცივსისხლიანი რუსი გენერალი კი არა, თვით პატრიარქი, ჯვარსა და ქრისტეს ამოფარებული უწმინდესი კირილი ამბობს. (იხილეთ)

საინტერესოა, რატომ დასჭირდა კრემლს ნამოქმედარის შედეგებისთვის პატრიარქისგან პირის მოწმენდა? "ჩვენ გამოუცხადებელი ომი გამოგვიცხადეს. ახლა სირიის მაგალითზე ვხვდებით, რა სურს მოწინააღმდეგეს. მათ სურთ რუსეთის, როგორც მართლმადიდებლობის ფორპოსტის განადგურება", - აცხადებს კირილი და ამ განცხადებაში ახლაც რუსეთის, როგორც "მესამე რომად" გადაქცევის ამბიცია და სურვილი იკითხება, მაგრამ ფაქტია, ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანი მანევრია, რეალური დანაშაულისგან თავის არიდება, გაღმა შედავების პოლიტიკით საკუთარი დანაშაულის სამართლიანობად წარმოჩენის მცდელობა და დანარჩენი სამყაროსთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. საბედნიეროდ, უსუსური მცდელობა გამოვიდა, თუმცა არც საპირისპირო ჩანს რამე და ვერც დანარჩენი სამყარო იჩენს პრინციპულობასა და სიმტკიცეს. მყიფე რევერანსებმა - სანქციებმა კი როგორც ასწავლა რუსეთს ჭკუა, კი ჩანს.

ის, რაც დღეს სირიაში ხდება, ააშკარავებს არა იმდენად დამნაშავის სახეს, რამდენადაც მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლიანობის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობას, რაც ამ უკანასკნელს უნდა თუ არა, დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს. ნატო, გაერო, ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო გაერთიანება მთელი თავისი იდეოლოგიური შემართებისა თუ ზემძლავრი იარაღის ფლობის მიუხედავად უძლურია უაიარაღო პატრიარქის ნაბოდვარის წინაშეც კი და ესეც ფრიად დასაფიქრებელია! რადგან(!), რადგან(!) და რადგან(!) არ გამოელევა რუსეთს "საფრთხეები", მუდამ ამოეფარება მართლმადიდებლობას, მუდამ "გამოექომაგება" სხვა ქვეყანაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს და... მუდმივმოქმედი ომი არ დატოვებს ამ სამყაროს. ჩვენ და უკრაინამ რუსეთის "სამართლიანობა" საკუთარ თავზე სულ ახლახანს გამოვცადეთ და არავინ იცის, კიდევ რომელი ქვეყანაა რიგში ანდა როდის შემოტრიალდება ეს სამართლიანობის მედროშე კვლავ ჩვენკენ.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის შემდეგ სირიის სახელისუფლებო ჯარებმა ალეპოში სამხედრო ოპერაცია კვლავ განაახლეს.

ამ დრომდე, ორმხრივ შეტაკებებს დიდი ოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აი, ახლა, ამ წამსაც რაღაც საშინელება ხდება ალეპოში, ამ მომენტში ვიღაც ალბათ სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ეთხოვება და ჩვენ, დანარჩენი სამყარო - ძლიერნი თუ სუსტები ერთსულოვანნი ვართ გაუგონარი სისასტიკის დაგმობის ამბავში და გვართიანებს ერთი მოცემულობა - ვერ (არ) ვუპირისპირდებით დაგეგმილ ტრაგედიას! და, მაინტერესებს, ამ ტრაგედიაში, რომელი მხარე უფრო მეტი დამნაშავეა, აგრესორი რუსეთი, რომელიც აღარც მალავს საკუთარ ნამოქმედარს თუ დანარჩენი პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანებები, რომელთაც სტატისტისა და სეირის მაყურებლის როლი აირჩიეს?

იხილეთ ასევე: "შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან


მკითხველის კომენტარი (15)
cremli
17 დეკემბერი 2016 08:58
არ ვიცი როგორ შევაჩეროთ ეს სისატიკე? არ ვიცი უპალი რატომ უშვებს ამას?რამდენი ბავსშვი დაიხოცა .ამას როგორ პატიობს უპალი ამ სატანებს?!
kytaisi
17 დეკემბერი 2016 08:45
რაც ხდება საშინელებაა.მაგრამ ეს არის შედეგი,ამერიკული ექსპერიმენტის.არაბული გაზაფხული,სინამდვილეში იყო კაცისკვლა,სისხლი და ომები.ამერიკა არის მსოფლიოში კველა უბედურების სათავე.რუსეთი კი ცდილობს,არ ჩამორჩეს ამერიკას და მიდის ადამიანების ხიოცვა-ჟლეტა
levan
17 დეკემბერი 2016 01:14
დანაშაულია იმის თქმაც კი,რომ ეს ჩვენი მართმადიდებელი მოძმე ერია.
EMIGRANTI
17 დეკემბერი 2016 00:46
რუსეთი იმ სახელმწიფოს იდეური მემკვიდრეა რომელიც თავის ხალხს გაჭირვებაში ამყოფებდა-და მუდამ იგონებდა.კუბას,ვიეტნამს,ავღანეთს-რომელი ერთი ჩამოვთვალო---აფრიკის ქვეყნებს თავისი ძველი იარაღის უტილიზაციისათვის და ახალი იარაღის გამოცდისათვის და ასე გრძელდება ....დღესაც და ალბად ასე იქნება მომავალშიც ჩვენდა საუბედუროდ........
ჯაბა
17 დეკემბერი 2016 00:09
რა გესირიებათ? იქ მაინც კლავენ ჩვენ კი ზეზეულად ვკვდებით!
http://www.kvirispalitra.ge/justice/32712-qmishvele-shvili-movkalioq-kidev-erthi-qtragedia-ugmirodq.html

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები