მე და იშიგურო
მე და იშიგურო
"კაზუო იშიგურო საუკეთესო რომანისტია, შესაძლოა საუკეთესოც ჩვენს თაობაში... მისი რომანები რჩება შენთან, წაკითხვიდან დიდი ხნის შემდეგაც კი..."
The Globe and Mail

ორიდე წლის წინ, "გამომცემლობა პალიტრა L-მა" კაზუო იშიგუროს "დაფლული გოლიათის" გამოცემა სერიაში "წლის ბესტსელერი" გადაწყვიტა და ამ წიგნის რედაქტორობა მე დამევალა. ახლა ალბათ უნდა ვთქვა: მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა რამდენიმე თვე და ავტორი ნობელის პრემიას მიიღებდა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმ
ორი წლის წინ, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. მოკლედ, წიგნი დავიწყე და...

მისადმი დამოკიდებულება და განცდები მუშაობის პროცესში გზადაგზა ჩნდებოდა და ქრებოდა, ხან მომწონდა, ხანაც... არა! დიახ, რაღაც არ მომწონდა და რა იყო ეს რაღაც, თავადვე უნდა აღმომეჩინა და...  ასე მიმაჯაჭვა იშიგურომ ამ ამბავს: ხან ჩამითრია და ხან ჩამიყოლია, ხანაც ნებაზე მიმიშვა - წადი, სადაც გინდაო, მაგრამ საბოლოოდ თურმე მაიძულებდა, ძველი ბრიტანეთის უცნაურ გზა-ბილიკებზე მევლო. ახლა ეს ამბავი რატომაც გამახსენდა, ცხადია: ბოლოს და ბოლოს, ცოცხალ ნობელიანტ მწერალთან ასეთი "ცოცხალი" ურთიერთობა მქონია.

მოკლედ მისი წიგნი ასეთია:

იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგურო ათწლიანი პაუზის შემდეგ ლიტერატურულ ასპარეზს "დაფლული გოლიათი" დაუბრუნდა. წიგნი მალევე ბესტსელერად იქცა!..

მწერალმა შუა საუკუნეების ბრიტანეთს სულ სხვა ფერის
მისტიკური მანტია მოარგო - ფერები იშიგუროს პალიტრიდან!

მწერალი ფენტეზის ელემენტებით აოცებს მკითხველს. როგორია ცხოვრება, ურთიერთობები, განცდები, მიზნები, ფიქრები და მოქმედებები მაშინ, როდესაც ადამიანთა წარსული ისეთ ნისლად გადაქცეულა, როგორიც ჭაობების თავზე დაეკიდება ხოლმე? მაგრამ ადამიანის გონება ხომ მხოლოდ გარე, თუნდაც მისტიკური ძალის ზემოქმედების ხელში სათამაშო იარაღი არ არის? მისი გონების უფსკრულებში დამარხული და დავიწყების ნისლგადაფარებული წარსული მაინც პოულობს სასიცოცხლო ძალას და მოგონებების ნაფლეთები აწმყოსკენ ფრაგმენტებად მოიწევს...

ცხოვრება ხომ ერთგვარი ბრძოლაა, მაგრამ
უწარსულოდ ცხოვრება რომ ყოფილა, ასეთი ბრძოლა ჯერ არ სმენია კაცობრიობას. ჰოდა, ამას გვიყვება ინგლისელი მწერალი კაზუო იშიგურო, რომელმაც ცხად-ლეგენდისა თუ მისტიკა-რეალობის ნაზავით შესანიშნავი რომანი - "დაფლული გოლიათი" შექმნა და ამ უცნაური ბრძოლისა თუ თავგადასავლის ორომტრიალში ჩაგვითრია.

ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ - ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულებით განსხვავებულად იყო? ან იქნებ... ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოგიური პერსონაჟები... აქ ცხოვრება თითქოს ზღაპარს ჰგავს ბედნიერი დასასრულით, თითქოს სულ ერთია, გმირებმა რანაირი მოსახვევები გაიარეს გზადაგზა. მაგრამ არა, გულს სახელდაუდებელი დანაკარგის შეგრძნება თუ ღრღნის და იქვე ერთი-ორი დაბრუნებული მოგონება და... გახსენებამდე კი არის ნისლი, ნისლი - წარსულის მოგონებებისგან განმძარცველი. "იქნებ ნისლს რომ არ გავეძარცვეთ, ჩვენი სიყვარულიც არასოდეს განმტკიცებულიყო ასე?" ან იქნებ ნისლი ადამიანებს ძველი ტკივილებისგან განკურნებაშიც დაეხმარა?

იქნებ, იქნებ, იქნებ...
მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმრის თავგადასავალი წარსულის შთანმთქმელ ნისლში გახვეულ ქვეყანაზე. აქ შევხვდებით იმას, ვინც დავიწყების ნისლის დასამარცხებლად მოსულა ლეგენდარული მეფე ართურის დანატოვარ ქვეყანაში, რათა მტერთან "მოალერსეთ" ამ ალერსის სიმწარე დააგემოვნებინოს და მასაც, ვისაც ართურის ერთგულების ფიცით ანთებულს იმის დაცვა და შენარჩუნება განუზრახავს, რაც ადამიანებს დავიწყებული მტრობის გახსენებასა და მის გაღვიძებაში შეუშლის ხელს ქვეყნად მარადიული მშვიდობის დასამყარებლად...

ყველას თავისი მისია აქვს და... სიმართლეც.
მთავარი მაინც სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ!..


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს?
თვის კითხვადი სტატიები