ქართველების მსოფლიო თავგადასავალი და სამყარო "რაღაც ქართულის" აღმოსაჩენად - კვირის პალიტრა

ქართველების მსოფლიო თავგადასავალი და სამყარო "რაღაც ქართულის" აღმოსაჩენად

მესამე დღეა ქართველს გაღვიძებისთანავე ფრანკფურტი... წიგნი... საქართველო... ახსენდება და გაეფიქრება: ააა, ხო, დღესაც უნდა ვიამაყო!.. აკა მორჩილაძემ ხომ საერთოდ ამ თავისი რაღაცნაირი პირდაპირი, უბრალო და იმავდროულად ძარღვიანი, მიუკიბავ-მოუკიბავი ქართულით ნათქვამით რაღაც ახლებური სიამაყის განცდა გაგვიჩინა. ჰოდა, ჩვენც მეტი რა გვინდა, დავდივართ ასე გახარებულები, გაღიმებულები, ამაყები, თვალზე ცრემლმომდგარნიც კი და მაინც... რაოდენ მნიშვნელოვანი ხდება ჩვენ თავს, ბოლომდე ვერ გაგვირკვევია!

რაც ზუსტად გვაქვს გარკვეული ისაა, რომ ქართველს სიამაყის მიზეზის გამოგონება არასოდეს სჭირდებოდა, ჩვენ ამის ფუფუნება ყოველთვის გვქონდა! მაგრამ ახლა ის დროა, ჩვენი სიამაყეების მიზეზები მსოფლიომაც რომ უნდა გაიგოს და ამისთვის ვართ ფრანკფურტში და მერე როგორი ფორმით, როგორი შინაარსით გამოვდივართ?! წარსულით ტკბობა სულაც არ არის უხერხული, მით უმეტეს, თუ ეს წარსული მსუყე და მასშტაბურია, თანაც, თუ წარსული გეამაყება, ე.ი. შეუძლებელია, თავადაც არ წარმოადგენდე რამეს ან თუნდაც "რაღაცას"!

სწორედ ეს "რაღაცაა" ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რადგან მსოფლიოს შეიძლება ერთჯერადად აუჩუყო გული შენი წარსულით, ისტორიით... მაგრამ ისტორიული სენტიმენტები თავისიც საკმარისზე მეტი აქვს და ბოლომდე არ და ვერ დაგიგდებს ყურს. სიახლე, ამ სიახლეში ორიგინალურობა, საკუთარი, განსხვავებული, შენეულ, ტრადიციულ კულტურაზე დაფუძნებული ხელწერის წარმოჩენა კი ყოველთვის აიძულებს, შემოგხედოს, მოგისმინოს და გაღიაროს!

აი, დაახლოებით როგორაა: ჩვენზე, მასპინძლობის ჩვენეულ ტრადიციასა და კულტურაზე ყველამ ხომ იცის და უკვე ალბათ, აღარც უკვირთ, მაგრამ ამის საპირწონეც რომ გვჭირდება? გვჭირდება რა, ეგეც გვაქვს და... აგერ როგორი სტუმრობა გვცოდნია?! სადაც საქართველოა საპატიო სტუმარი, ევროკავშირის ადგილიც იქ არისო, ბრძანა ფედერიკა მოგერინიმ. არის ამ სიტყვაში რაღაც პათეტიკური, მაგრამ იმ საღამოსვე უთხრეს ქართველებმა ევროპასა და მსოფლიოს: ჩვენ ოდითგანვე გიცნობთ თქვენი კულტურიანად და ეს ჩვენი უპირატესობააო! ეს გარკვეულწილად გამოწვევაც არის და ახლა მათი სვლაა! ჩვენ კი საპატიო სტუმრობიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე მანძილი სულაც არ გვეშორება!

მაგრამ მანამდე და ახლა ფრანკფურტში მსოფლიოს ჩვენს ამბავს ვუყვებით, როგორც ქართველმა მწერალმა თქვა, "თავის შენახვისა და გადარჩენის" მრავალსაუკუნოვან ამბავს ლიტერატურითა და ანბანით (და არა მხოლოდ) ვუამბობთ... ეს ამბავი საქართველოსავით ძველია და დღევანდელობასავით ახალი. მოკლედ, მუდმივ ბრძოლასა და განახლებაში მყოფი ერი ვართ, მუდამ გვჭირდება მიზეზი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში დასარწმუნებლად და საბედნიეროდ, ამ სიხარულების ნაკლებობას თითქმის არასოდეს განვიცდიდით სწორედ თვითმყოფადობის, მიზნის, სიჯიუტისა თუ კულტურის წყალობით.

არ არის პატარა ამბავი, როდესაც მავთულხლართებით თითქმის შუაზე გაყოფილ, მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მყოფსა და სხვა მრავალი პრობლემით დახუნძლულ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც თავისუფლად შეუძლია ნიჭიერებით ტოლი არ დაუდონ მსოფლიოს!

აბა, გაიხსენეთ ჩვენიანების თუნდაც მხოლოდ ბოლოდროინდელი წარმატებები! ქართველები არიან ოლიმპიადებზე, ამა თუ იმ ჩემპიონატზე ქართულ დროშას რომ სწევენ და ქართულ ჰიმნს ასმენინებენ ფეხზე წამომდგარ სამყაროს ნაწილს!

ქართველი გოგონები არიან აფხაზეთიდან: ერთით ბრიტანეთი რომ ამაყობს, მეორეს კი მთელმა გერმანიამ დაუკრა ტაში და გამარჯვება არგუნა;

შორეულ იაპონიაში ქართველი გოლიათი ახდენს საოცრებებს;

მეორე ქართველ გოლიათს კი კონკურენტი რომ აღარ ჰყავს, საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს და აუმჯობესებს;

ის სიმპათიური ჩოგბურთელი ქართველი ბიჭი კი გრანდებს ეპაექრება, ეტოლება და ამარცხებს კიდეც; სენაკელი ბავშვები გახსოვთ, NASA-ს პროექტში რომ გაიმარჯვეს? კიდევ, კიდევ რამდენი ასეთი წარმატების გახსენება და დაწერა შეიძლება...

დაწერა კი თავმოსაწონებლადაც შეიძლება, უბრალოდ ინფორმაციისთვისაც და ლიტერატურულადაც...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იხილეთ ვიდეო - აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის ბაზრობის გახსნაზე