ახალაიებმა მენტალური ტრანსფორმაცია განიცადეს, ორი გვამის ზმანებებით ციხეში გაწამებული მერაბიშვილი მონანიებისთვის ემზადება... - კვირის პალიტრა

ახალაიებმა მენტალური ტრანსფორმაცია განიცადეს, ორი გვამის ზმანებებით ციხეში გაწამებული მერაბიშვილი მონანიებისთვის ემზადება...

თეა ბარამაშვილის ბლოგი

ვიღაცას მიაჩნია, რომ წინა რეჟიმის "შექმნილი" სისხლიანი კადრები აღარ მუშაობს, რაშიც შემიძლია ნაწილობრივ დავეთანხმო, მაგრამ როცა მესმის "ის კადრები არაფერს ნიშნავს"... მოკლედ, მათი ლოგიკით, რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო და როგორი იყო, მთავარია, რაც იყო, იმას აღარ გაიმეორებენ, რომ ძაღლის კუდი გასწორდება და ის ძალა, რომელსაც პასუხი უნდა ეგო, მაგრამ ვერ (არ) აგებინეს, მეორე შანსს იმსახურებს უპირობოდ, ზედმეტი კითხვების, დაეჭვებისა და შფოთის გარეშე.

...და ამავე ლოგიკითვე, რა მოხდა, თუ გცემეს, წაგართვეს, გაწამეს? - ე.ი. რაღაცას ვერ ხვდებოდი, ისე ვერ ფიქრობდი, როგორც საჭირო იყო და მიგანიშნეს... რა მოხდა, თუ განსხვავებული აზრისთვის ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადეს? - რა ბედენაა საკუთარი თავი, როცა ამით სახელმწიფოს ფუნდამენტი ძლიერდება; რა მოხდა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანს შენი სახლი, აგარაკი ან მანქანა მოეწონა? -აჩუქე, მადლია - ასე ხომ ჩინოივნიკი ძლიერდება. მოძლიერებული ჩინოვნიკი კი უფრო ენერგიული იქნება კუდიანებთან ბრძოლაში. ეს კუდიანები ხომ ყველგან არიან: საძინებელში, ეზოში, ქუჩაში, ტყეში, ტელევიზიაში, რუსთაველზე, მეტროს სახურავზე... მათ უნდა გაუსწორდე - ტარაკანებივით გასრისო, მოიშორო, თორემ ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილად შემოგიბრუნდება და მერე ვეღარ გიშველის მისთვის რუსი ოლიგარქის ძახილი. მაგრამ მანამდე შენი დროა - აწამე, აუპატიურე, აფურთხე, ურტყი და ამოხადე სული, რადგან ქართველი ხალხი ასე უნდა დაიმორჩილო, დედა უნდა მ...ა, თავზე უნდა დ....ა და მერე ამ ხალხს "მეორედ მოსვლის" კომპლექსი თუ გაუჩნდა, მიამიტი სახით დაუმტკიცო, მსგავსი აღარაფერი განმეორდება, რომ მიშას ფრთები გამოესხა და ლოცვით იტყავებს მუხლებს, რომ ახალაიებმა მენტალური ტრანსფორმაცია განიცადეს, რომ ორი გვამის ზმანებებით ციხეში გაწამებული მერაბიშვილი მონანიებისთვის ემზადება, რომ გრიგოლი ვაშაძე სამშობლოს არჩევანში ჩამოყალიბდა და, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ მისი გული საქართველოს ეკუთვნის... რომ, რომ და რომ...

...და რა იქნება გაგრძელება? გაპრეზიდენტებული ვაშაძე დამნაშავე ჩინოვნიკებს შეიწყალებს და რატომღაც ეს უნდა მიხაროდეს, ვემხრობოდე, მომწონდეს? როგორ უნდა დავიჯერიო, რომ გუშინდელი შავ-ბნელი ხვალ გაცისკროვნდება და ნათელი დაადგება? დამნაშავე, რომელსაც სასჯელი არ მოუხდია და ხელისუფლებაში მის დაბრუნებას ემხრობი, მინიმუმ სამართალი არაფრად გიღირს და მაქსიმუმ დანაშაულების "გამპრავებელი" ხარ; იმას ნიშნავს, რომ არსებულის ჯინაზე მართებულად მიიჩნევ, მოგწონს და აღიარებ, რომ, რაც იყო მისაღებია შენთვის, არგუმენტით "მერე რა მოხდა" პატიობ დიდსულოვნად.

აღიარებ, რომ ღირსები იყვნენ ნაწამებ-ჩაწიხლულები, რომ მოგწონდა ეკლესიების ნგრევა, ადამიანების ქუჩაში თრევა, რომ მოლაშვილი არ მოუკლავს რეჟიმს, ან თუ მოკლა, დამსახურებულად გაუსწორდა - "ღირსი იყო და იმიტომ" ლოგიკით, რომ თავხედი და თავნება იყო გირგვლიანი, დაემოკლებინა ენა და იქნებოდა დღეს ცოცხალი, რომ ომიც არ წაუგიათ, უბრალოდ, რუსეთის აგრესიასთან, აბა, რას გახდებოდნენ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს, რადგან მსოფლიოს რუსეთის სახე დაანახვეს და ამხელა მიღწევასთან რა მოსატანია ბრძოლის ველზე ალალბედად შეყრილი ქართველი ჯარისკაცები, მიტოვებული, რუსის ჯარს შეტოვებული ქართული მოსახლეობა, დაკარგული სოფლები, რომელიც დიდი არაფერი, ქვების გროვაა მხოლოდ და ა.შ. და ა.შ.

ვისაც ამ ყველაფრის დავიწყება და მით უმეტეს, ამ ყველაფრის შემოქმედისთვის პატიება შეგიძლიათ, მართლაც ღვთიურად დიდსულოვნები ყოფილხართ, მე კი დავრჩები უღმრთო ცოდვილად და ვიტყვი, რომ არასოდეს, არაფრის ფასად არ ვაპირებ, ეს ყოველივე ვაპატიო "ნაცებს"!

"ოცნებასთანაც" მაქვს ჩემი ანგარიშები, თუმცა მეორე ტურში მივდივარ და ხმას ვაძლევ იმ ხელისუფლების კანდიდატს, რომელმაც დღემდე ვერ გასცა ქართველი ხალხის მთავარ დაკვეთას პასუხი, დღემდე ვერ გაასამართლა დამნაშავე რეჟიმი, გაასამართლა კი არა, აგერ ლამის ხელისუფლება გადააბაროს; რომელმაც, შეინახა ისინი თავის წიაღში, მოუფრთხილდა და ზოგიერთი დააწინაურა კიდეც; ხმას მივცემ კანდიდატს, რომლის უკანაც მართლაც რომ უნიათო ხელისუფლება დგას და ახლა დაბნეული სახით ცდილობს საკუთარი შერყეული პოზიციის გამოსწორებას. ჩემს ხმას იმიტომ კი არ ვუთმობ, რომ მათი პოზიციები მადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანას, ჩემი სამშობლო რომ ჰქვია, მომავლის შანსი დარჩეს. ეს ავანსად მიცემული ხმა იქნება და აი, თუ გაიმარჯვებენ, ვალდებულნი იქნებიან, პასუხი გამცენ, რატომ მიიყვანეს საქმე აქამდე, რატომ წაუყრუეს პრობლემებს და საიდან შეიძინეს ასეთი უტიფარი თავდაჯერებულობა და რატომ დაუშვეს, რომ საქართველოს ბეწვის ხიდზე, უფსკრულის პირას გაევლო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს