როგორ ილუმპებოდა თემო საჯაია სკოლის აივანზე - კვირის პალიტრა

როგორ ილუმპებოდა თემო საჯაია სკოლის აივანზე

თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.

მართალია, მეორე დღეს მასწავლებლებთან თავის მართლება მოგიწევთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჩიტი ბდღვნად ღირს. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ განრისხებული დამრიგებელი და დაბღვერილი დირექტორი მშობლების დაბარებით გემუქრებიან, თქვენც თავჩაქინდრული ბუტბუტებთ, - "მაპატიეთ, აღარ განმეორდება", თუმცა... როგორც კი გული ცელქობისა და გართობისთვის შატალოზე წასასვლელად ,"მოგიხმობთ", თქვენც ისევ შესძახებთ - ,,მოვდივააარ!"...

თინეიჯერულ ასაკზე, სკოლისდროინდელ სახალისო ამბებსა და შატალოებზე ყოფილი ,,ვარსკვლავების აკადემიელი'' თემო საჯაია''  გვესაუბრა:

- როგორი თინეიჯერი იყავი?

- მხიარული ბავშვი ვიყავი და ძალიან კარგად მახსენდება სკოლის წლები. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერული ასაკი სულ ორი წელია, რაც გადავლახე, ჩემს დროს ამდენი თავისუფლება და გასართობი არ იყო. ჩვენ, ძირითადად, ფეხბურთის თამაშითა და ერთმანეთთან სტუმრობით ვერთობოდით.

- მასწავლებლებს თუ უმწარებდი სიცოცხლეს?

- კი, ძალიან ვაბრაზებდი და ახლა მრცხვენია. ჩემი კლასი დირექტორის სადამრიგებლო იყო, დედაჩემი გერმანულს მასწავლიდა და ჩვენგან ყველა წესიერებას მოითხოვდა. 45 ბავშვი მაინც ჩვენებურად ვაგიჟებდით პედაგოგებს. არც ცარცით მასწავლებლის სკამის გათხუპნა, არც ჭიკარტის დადება და არც გაკვეთილზე სიმღერა იყო ჩვენთვის უცხო. პირველად რომ შემოვიდა ახალი წლის პატარა ასაფეთქებლები, ჩვენ ნაგვის ურნაში უამრავი მაშხალა ჩავყარეთ, გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვუკიდეთ და... მთელი კლასი ნაგვით დაიფარა. ახლა ასეთი სისულელეების ძალიან მრცხვენია.

ჩვენს კლასს აივანი ჰქონდა. იქ რას აღარ ვაკეთებდით. ერთხელ გაკვეთილის დაწყებამდე მე და ჩემი ძმაკაცი აივანზე გავედით, ზარი დაირეკა, დირექტორმა ვერ შეგვამჩნია და კარი გადაკეტა. ჰოდა, ჩვენც ორი გაკვეთილი გარეთ ვიდექით წვიმაში. ზამთარი იყო და მთელი ქუჩა გაკვირვებული გვიყურებდა, როგორ ვილუმპებოდით.

- როგორი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო?

- რადგან დირექტორის კლასი ვიყავით, შატალოზე იშვიათად ვახერხებდით წასვლას. პირველად მე-10 კლასში დავთვერით. შატალოზე ვიყავით, მთელმა კლასმა ერთი ბოთლი არაყი გამოვცალეთ და კარგად გამოვთვერით. ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო კი მე-9 კლასში მქონდა. ფული შევკრიბეთ სახინკლეში წასასვლელად. 35 ლარი გამოვიდა, მაშინ ბევრი გვეგონა და ძალიან გვიხაროდა. ფული მე მომაბარეს. გადავწყვიტეთ, ავტობუსით წავსულიყავით. მაშინ პლეხანოვზე მარტო ერთი ავტობუსი დადიოდა და იმასაც უკანა კარი არ ეღებოდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ქალაქში დავიკარგეთ. არავინ იცოდა, სად ვიყავით. ბოლოს ერთ სახინკლეს მოვკარით თვალი და ავტობუსიდან ჩამოვედით. ფულის კიდევ ერთხელ გადათვლა დავაპირეთ, მაგრამ... სადაა ფული? ცარიელ ჯიბეში ვაფათურებდი ხელებს... ჯიბგირებს ამოუცლიათ, ამდენი ბავშვი მშიერი დავტოვე. ბოლოს, ერთ პარკში დავსხედით, ბავშვებმა ჯიბეში ჩარჩენილი 5-თეთრიანები ამოხიკეს და მზესუმზირის ჭამას შევუდექით.

დედაჩემს ჩემ გამო ხშირად პედსაბჭოზე  შენიშვნებს აძლევდნენ. ჩვენ კი ყველას ოფიციალურ ხელწერილებს გვადებინებდნენ და სათუთად ინახავდნენ.

- რა შემოგრჩა თინეიჯერობის ასაკიდან?

- თუ რამდენიმე მაისურს და ბოლო ზარის პერანგს არ ჩავთვლით, ალბათ, კარგი მოგონება და მხიარული ხასიათი.

- დასასრულ, რას საქმიანობ ახლა?

- ვწერ სიმღერებს, ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ რამე ღირებული შევქმნა. მირჩევნია, ვიყო ჩემს ქვეყანაში და ვაკეთო ჩემი საქმე აქ, ვიდრე სხვაგან წავიდე.