სიყვარულის გაკვეთილები - კვირის პალიტრა

სიყვარულის გაკვეთილები

რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები'' პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.

პირველი სიყვარული

დიდი ხნის'' ლოდინის შემდეგ დადგა ის სანატრელი დღე და, როგორც იქნა, იპოვე ის ერთადერთი, რომელსაც ეძებდი. პირველ რიგში იწყებ ფიქრს, ვის უთხრა ეს სასიხარულო ამბავი: დედას, ნათესავს, მეგობარს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან გაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა.

სიყვარულის ახსნა

როდესაც დარწმუნდები, რომ ეს მართლა სიყვარულია და მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გაქვს, იწყებ ფიქრს, აუხსნა თუ არა სიყვარული. თუ ბიჭი ხარ, ეს აუცილებლად გააკეთე, თორემ ის გოგო ლოდინით დაიღლება. სიყვარული არ აუხსნა სკოლაში, სადმე უფრო ლამაზ და მშვიდ ადგილას წაიყვანე, სადაც უფრო დიდი შანსია, რომ ისიც გამოგიტყდეს სიყვარულში. ეცადე, ამ დროს მხოლოდ თქვენ ორნი იყოთ.

თუ გოგო ხარ და ხედავ, რომ ის ყურადღებას მაინცდამაინც არ გაქცევს, სცადე, დაუმეგობრდე. ხშირად ისაუბრეთ, გაისეირნეთ. ჯობს, მან გითხრას პირველმა, "მიყვარხარო". თუ შენი რჩეული არც ისე აქტიურია და მის სიმპათიას გრძნობ, შეგიძლია პირველმა უთხრა ეს სიტყვები.

თუ მეგობრად მიაჩნიხარ, მაშინ მეტი სიფრთხილეა საჭირო. მართალია, ამბობენ, ბიჭის და გოგოს მეგობრობა შეუძლებელიაო, მაგრამ მეგობრისგან მოულოდნელად სიყვარულის ახსნა ცოტა დამაბნეველია, მით უმეტეს, მაშინ, როცა ერთმანეთს ყველაფერს უყვებით. თუმცა ხელი არ ჩაიქნიო, შეარჩიე შესაფერისი მომენტი და მაშინ დაიწყე შენს გრძნობებზე ლაპარაკი.

სიყვარულის ახსნის მრავალნაირი მეთოდი არსებობს. სიყვარულის ახსნის დროს, შეიძლება რამე ორიგინალური მოიფიქრო შენი რჩეულისთვის (განსაკუთრებით, თუ ბიჭი ხარ), თუმცა შეიძლება ჩვეულებრივი მინდვრის ყვავილებიც დაუკრიფო შეყვარებულს და უბრალოდ უთხრა - ,,მე შენ მიყვარხარ"''.

პირველი პაემანი

სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ბიჭები პაემანზე წასვლის წინ ტანსაცმელს ნახევარი საათით ადრე არჩევენ, გოგოები კი ამისთვის მთელი კვირით ადრე ემზადებიან.

პირველი პაემანი ყველასთვის დაუვიწყარი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველა ცდილობს ის განსაკუთრებული გახადოს. ამ დროს თითქოს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თავიდან ყველა დეტალს აქცევ ყურადღებას, გარეგნობას, პაემნის ადგილს, ამინდს, დროს და ა.შ. თუმცა, როდესაც ადგილზე მიდიხარ, ხვდები, რომ ყველაზე მთავარი სიყვარულია.

სასურველია, პაემანზე ისე არ ჩაიცვა, როგორც ყოველდღე სკოლაში ან ინსტიტუტში დადიხარ. თუმცა, თანამედროვე თინეიჯერების პაემნის ადგილი ბაღი, სკვერი, პატარა კაფე ან კინოა. ასე რომ, ზედმეტად კლასიკური სამოსიც არ გამოდგება. მოკლედ, საშუალო ვარიანტი აირჩიე. იყავი ბუნებრივი. ხშირად სწორედ პირველ პაემანზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა.

გოგო, როგორც ყოველთვის, იგვიანებს პაემანზე, ამიტომ ამ ტრადიციას ნუ დაარღვევ, თუმცა 10-15 წუთიც საკმარისი იქნება, რომ შეყვარებული ძალიან არ ანერვიულო.