"დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოვყალიბდი" - კვირის პალიტრა

"დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოვყალიბდი"

"მასწავლებლებს გამუდმებით ოინებს ვუწყობდი"

თიკა ჯამბურია ბავშვობიდან სცენაზეა. კარიერის დასაწყისშივე დათო ხუჯაძესთან ერთად კლიპიც გადაიღო. მისი სიმღერები ჰიტებად იქცა, განსაკუთრებით "ჯეირანი" და "ცისარტყელები"."მოგვიანებით თიკა ბექა ხოფერიას გაჰყვა ცოლად - მათ 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი. შეეძინათ ქალიშვილი, ნინა, მაგრამ ოჯახი მალე დაენგრათ. მომღერალმა იმიჯი შეიცვალა და მონაწილეობა მიიღო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", სადაც პლასტიკითა და ახალი უნარით მოხიბლა მაყურებელი, თანაც გახდა - თვეში 18 კგ დაიკლო.

თიკა: - "არ ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი, რომელიც საზოგადოებას გაურბის და დეპრესიაშია. პირველი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. სკოლაში მასწავლებლებს გამუდმებით ოინებს ვუწყობდი, კლასელები კი "შატალოზე" დამყავდა. ერთხელ ბავშვები მეორე სართულიდან გადავაპარე. კიდევ კარგი, ჩემმა ექსპერიმენტმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. სასაცილო ის არის, რომ "შატალოზე" წასულს ქუჩაში დედა შემხვდა და მოვატყუე, - შინ მივდივარ-მეთქი.

ჩემი ჰობი თხილამურებით სრიალია. ამ სპორტით ჩემმა დამ დამაინტერესა. ერთხელ, გუდაურში, სრულიად მარტო ვსრიალებდი. ფეხი ვიღრძე და სასტუმროსკენ გამოვბრუნდი, მაგრამ მოსახვევი შემეშალა და გაუკვალავ თოვლში აღმოვჩნდი. გარშემო არც ერთი შენობა არ იდგა. ძალიან შემეშინდა, ბევრი ვიარე, ბოლოს წავიქეცი. უცხოელმა ტურისტებმა მიპოვეს და სასტუმრომდე მიმიყვანეს. თინეიჯერობისას დატვირთული გრაფიკი მქონდა, თითქმის ყოველდღე კონცერტებში ვმონაწილეობდი. 13 წლის ვიყავი, ფილარმონიაში ჩემი სოლო კონცერტი რომ გაიმართა. სცენაზე გასვლის არ მეშინოდა..."

თიკა აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოყალიბდა. წარსულში არაფერს შეცვლიდა, რადგან შეცდომების ხარჯზე გამოცდილება შეიძინა. თინეიჯერებს ურჩევს, რომ ყოველთვის გონებით იმოქმედონ და არა გრძნობით, ასე იმედგაცრუებას აიცილებენ თავიდან.

თათული ღვინიანიძე