"როგორ დავიბრუნო ჩემი საუკეთესო მეგობარი?" - კვირის პალიტრა

"როგორ დავიბრუნო ჩემი საუკეთესო მეგობარი?"

ვუთხარი მიყვარხარ-მეთქი. ჯერ გაჩუმდა, კარგად დაფიქრდა, მერე კი მიპასუხა: აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ხომ იცი, რომ შეყვარებული მყავს? ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ უნდა დაგეწყო. მოდი, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს არაფერი მომხდარაო...

ვაგრძელებთ თინეიჯერების წერილების მიღებას. მოზარდები თავიანთ პრობლემებს გვიზიარებენ და რჩევას გვეკითხებიან. ამჯერად 17 წლის მერიკომ მოგვწერა. გოგონას ბავშვობის მეგობარი შეუყვარდა, მაგრამ მისი გრძნობა ცალმხრივი აღმოჩნდა...

მერიკო: ყოველთვის ვაპროტესტებდი ფრაზას: ,,გოგონასა და ბიჭს შორის მეგობრობა არ არსებობს" და" მაგალითად ჩემი და საბას ურთიერთობა მომყავდა. კარის მეზობლები ვართ. ბავშვობიდან ერთად ვთამაშობდით, დავდიოდით ბაღში, მშობლებმაც ერთ სკოლაში, ერთსა და იმავე კლასში შეგვიყვანეს. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე საბა გვერდით მყავდა. როცა ბებიაჩემი გარდაიცვალა, ისე განვიცადე, მხოლოდ საბას დანახვა მსურდა, ძალიან დამეხმარა... გლანდების ოპერაციისთვის რომ მამზადებდნენ, მისი ხელი არ გამიშვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში საბას ორი შეყვარებული ჰყავდა. მე - არც ერთი, თუმცა, რამდენიმე ბიჭი მომწონდა.

წინა დაბადების დღეზე, ცეკვისას უცებ თავში გამიელვა აზრმა, რომ საბა არა მხოლოდ მეგობრულად, სხვანაირადაც მიყვარს. 2-3 თვე ამ აზრს ვებრძოდი, ვცდილობდი თავიდან ამომეგდო, თუმცა... ბოლოს გადავწყვიტე, გრძნობებში გამოვტყდომოდი. როგორც ყოველთვის, ბაკურიანში ერთად წავედით და იქ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. ჯერ გაჩუმდა, კარგად დაფიქრდა, მერე კი მიპასუხა: აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ხომ იცი, რომ შეყვარებული მყავს? ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ უნდა დაგეწყო. მოდი, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს არაფერი მომხდარაო... იმედი გამიცრუვდა, არ მეგონა, ასე ცივად თუ მომექცეოდა. მოგვიანებით ვინანე... მართლაც, ორივე ისე მოვიქეცით, როგორც შევთანხმდით, მაგრამ ძველებური მეგობრობა ვერ შევინარჩუნეთ. ახლა მთელი კვირა ისე გავა, ერთმანეთს მესიჯსაც აღარ ვწერთ. კლასში მესალმება ხოლმე და სულ ეს არის. ძალიან ვნერვიულობ. მენატრება ის დრო, როცა სკოლიდან სასეირნოდ მივდიოდით, სასაცილო სურათებს და ვიდეოებს ვიღებდით. ფული ხელში ჩაუვარდებოდა თუ არა, კაფეში მივყავდი, შაბათობით მამაჩემს ითანხმებდა, რომ საცეკვაოდ მასთან ერთად გავეშვი, მესიჯობაში ღამეებს ვათენებდით, საშინაო დავალებებს ერთად ვაკეთებდით. ყველაფერი მხოლოდ მოგონებებში დარჩა.

მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო ჩემი საუკეთესო მეგობარი?

თათული ღვინიანიძე