ჯასტინ ბიბერის წარმატების გზა - კვირის პალიტრა

ჯასტინ ბიბერის წარმატების გზა

22 წლის ჯასტინ ბიბერი, თინეიჯერი გოგონების კერპია, რომელმაც სახელი Youtube.com-ის საშუალებით გაითქვა.

ნიჭიერ ბიჭს ბედისწერამ გაუღიმა. სკუტერ ბრაუნი, ვარსკვლავთა აგენტი და ბიზნესმენი ვიდეოებს ათვალიერებდა, როცა შემთხვევით ბიბერის ნამუშევარს წააწყდა. სკუტერი მოიხიბლა უცნობი მოზარდის ვოკალური მონაცემებით და გადაწყვიტა მას წარმატების მიღწევაში დახმარებოდა.

ჯასტინი 1994 წლის 1-ელ მარტს კანადაში დაიბადა. დედამისი 18 წლის ასაკში დაორსულდა, მაგრამ აბორტის გაკეთებაზე უარი განაცხადა და მშობლების დახმარებით შვილი გაზარდა. ჯასტინმა დამოუკიდებლად ისწავლა პიანინოზე, გიტარასა და დრამზე დაკვრა. იტაცებდა ჰოკეისა და ჭადრაკის თამაში. 12 წლისამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, სადაც შეასრულა NE-YO-ს სიმღერა SO SICK და მეორე ადგილი დაიკავა. პატრიციამ ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში ნათესავებისთვის ატვირთა. სწორედ ამ ვიდეომ მიიქცია სკუტერ ბრაუნის ყურადღება.

ჯასტინის დედას, პატრიციას, შვილის ატლანტაში გაშვება არ სურდა, მაგრამ ბრაუნმა მისი დათანხმება მოახერხა. ბიბერმა მალევე გააფორმა კონტრაქტი აშერთან. მასთან თანამშრომლობის სურვილი ჯასტინ ტიმბერლეიკმაც გამოთქვა. One Time თინეიჯერის პირველ ჰიტად იქცა. My World კი პირველი მინიალბომი გახლავთ. ჯასტინის ბიოგრაფიის მიხედვით 2011 წელს ფილმი "არასდროს მისცე წასვლის უფლება" გადაიღეს, სადაც ბიბერმა მთავარი როლი შეასრულა.

2010 წლიდან ჯასტინ ბიბერს სელენა გომეზთან ჰქონდა ურთიერთობა. მალევე გავარდა ხმა, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა პაპარაცები მომღერლებს სხვადასხვა ადგილას მაინც აფიქსირებდნენ. 2013 წელს, მაშინ, როცა სელენა გომეზი "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე" ჯოშ ჰაჩერსონთან ერთად გამოჩნდა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჯასტინისა და სელენას რომანს წერტილი დაესვა.

ამჟამად ჯასტინი გატაცებულია 17 წლის დამწყები მოდელი სინდი კიმბერლით. ინტერნეტსივრცეში გოგონას ჯასტინის ოცნების ქალი შეარქვეს.

ჯასტინი აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. 2015 წლის 13 ნოემბერს მან ახალი ალბომი Purpose გამოუშვა, რომელმაც გაყიდვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ალბომში შევიდა სიმღერები: Sorry What do you mean, Love yourself და ა.შ. მომღერალი 2016 წელს ტურნეს გეგმავს.

თათული ღვინიანიძე