"კლასელებმა ჩემი საიდუმლო გაიგეს" - კვირის პალიტრა

"კლასელებმა ჩემი საიდუმლო გაიგეს"

"კლასელების ნახვა აღარ მინდა. ალბათ, ყველა ჩემზე ლაპარაკობს... რა ჩემი ბრალია, რომ დიაბეტი მაქვს? სასოწარკვეთილი ვარ, დღიურის წერასაც თავი დავანებე"

ჩვენი მკითხველი არაერთ თინეიჯერს დაეხმარა გამოსავლის პოვნაში. ამჯერად თქვენი დახმარება 14 წლის ტასოს სჭირდება. მოზარდს ორი წლის წინ დიაბეტი დაუდგინეს. დიაგნოზმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. პრობლემას რომ გამკლავებოდა, დღიურის წერა დაიწყო, კლასელმა ბიჭებმა კი დღიური მოიპარეს და წაიკითხეს.

ტასო: - როცა დიაბეტი დამიდგინეს, ბევრი არაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ. ინტერნეტით გავიგე, რომ დიაბეტი გენეტიკურია და მის ჩამოყალიბებას ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს ხელი (ბებიაჩემს დიაბეტი აქვს).

ნემსების ყოველთვის მეშინოდა, ექიმმა კი მითხრა, რომ ინსულინი ყოველდღიურად უნდა გავიკეთო. ამიკრძალეს ტკბილეულის ჭამა, არადა, ძალიან მიყვარს. საუთარ თავში ჩავიკეტე, ხშირად ვტიროდი. დედაჩემს ჩემი ხასიათის რადიკალური ცვლილება არ გამოჰპარვია, მთხოვა, ფსიქოლოგთან წავიდეთო, უარი რომ ვუთხარი, მირჩია, დღიურის წერა დამეწყო. თავიდან ეჭვით ვუყურებდი ამ საქმეს, როგორ შეიძლებოდა, ფურცელსა და კალამს ჩემთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა? მაგრამ ჩანაწერების გაკეთება მაინც დავიწყე და გავოცდი, დამამშვიდებელი აბივით იმოქმედა.

მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ დიაბეტი მაქვს, უახლოესი მეგობრებისთვისაც კი არ გამიმხელია. არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი ან ავადმყოფივით მომქცეოდა. ერთი კვირის წინ ფიზკულტურის გაკვეთილიდან დაბრუნებულს ჩანთა გახსნილი დამხდა. კლასელმა ბიჭებმა დღიური მომპარეს და ყველაფერი წაიკითხეს. ძალიან გავბრაზდი და დღიურის დაბრუნება მოვითხოვე. მასხრად ამიგდეს, ჩემს ბლოკნოტს ერთმანეთს ბურთივით ესროდნენ, ხან ოთახის ერთ კუთხეში მივრბოდი, ხან მეორეში, რომ როგორმე დამეჭირა. ,,ძალიან ბევრსაც ნუ ვარბენინებთ, დიაბეტი აქვს, არ მოკვდეს, თორემ ჩვენ დაგვბრალდება", - იყვირა ერთ-ერთმა. თვალებზე ცრემლები მომადგა, მათ წინაშე რომ არ ავტირებულიყავი, კლასიდან გავიქეცი. დერეფანში მასწავლებელს შევეჯახე, ბოდიშიც არ მომიხდია, ისე შევვარდი საპირფარეშოში. ძლივს დავწყნარდი. ჩანთისთვისაც კი არ შევბრუნებულვარ კლასში, ისე წავედი შინ.

მეორე დღეს ჩემი მშობლები სკოლაში მივიდნენ. ალბათ, ბავშვებს სთხოვეს, ჩემს ჯანმრთელობაზე აღარ ეხუმრათ. დედამ უფლება მომცა, ცოტა ხნით სახლში დავრჩენილიყავი. ჩემი კლასელების ნახვა აღარ მინდა. ალბათ, ყველა ჩემზე ლაპარაკობს... რა ჩემი ბრალია, რომ დიაბეტი მაქვს? სასოწარკვეთილი ვარ. დღიურის წერასაც თავი დავანებე. გარანტია არა მაქვს, რომ ვინმე ჩემს ფიქრებში ცხვირს არ ჩაყოფს.

თათული ღვინიანიძე