"კლასელებმა ჩემი საიდუმლო გაიგეს"
04-04-2016
"კლასელებმა ჩემი საიდუმლო გაიგეს"
"კლასელების ნახვა აღარ მინდა. ალბათ, ყველა ჩემზე ლაპარაკობს... რა ჩემი ბრალია, რომ დიაბეტი მაქვს? სასოწარკვეთილი ვარ, დღიურის წერასაც თავი დავანებე"

ჩვენი მკითხველი არაერთ თინეიჯერს დაეხმარა გამოსავლის პოვნაში. ამჯერად თქვენი დახმარება 14 წლის ტასოს სჭირდება. მოზარდს ორი წლის წინ დიაბეტი­ დაუდგინეს. დიაგნოზმა მისი ცხოვრება­ რადიკალურად შეცვალა. პრობლემას რომ გამკლავებოდა, დღიურის წერა დაიწყო, კლასელმა ბიჭებმა კი დღიური მოიპარეს და წაიკითხეს.

ტასო: - როცა დიაბეტი დამიდგინეს, ბევრი არაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ. ინტერნეტით
გავიგე, რომ დიაბ­ეტი გენეტიკურია და მის ჩამოყალიბებას ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს ხელი (ბებიაჩემს დიაბეტი აქვს).

ნემსების ყოველთვის მეშინოდა, ექიმმა­ კი მითხრა, რომ ინსულინი ყოველდღიურად უნდა გავიკეთო. ამიკრძალეს ტკბილეულის ჭამა, არადა, ძალიან მიყვარს. საუთარ თავში ჩავიკეტე, ხშირად ვტიროდი. დედაჩემს ჩემი ხასიათის რადიკალური ცვლილება არ გამოჰპარვია, მთხოვა,
ფსიქოლოგთან წავიდეთო, უარი რომ ვუთხარი, მირჩია, დღიურის წერა დამეწყო. თავიდან ეჭვით ვუყურებდი ამ საქმეს, როგორ შეიძლებოდა, ფურცელსა და კალამს ჩემთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა? მაგრამ ჩანაწერების გაკეთება მაინც დავიწყე და გავოცდი, დამამშვიდებელი აბივით იმოქმედა.

მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ დიაბეტი მაქვს, უახლოესი მეგობრებისთვისაც კი არ გამიმხელია. არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი ან ავადმყოფივით მომქცეოდა. ერთი კვირის წინ ფიზკულტურის გაკვეთილიდან დაბრუნებულს ჩანთა გახსნილი დამხდა. კლასელმა ბიჭებმა დღიური მომპარეს და ყველაფერი წაიკითხეს. ძალიან გავბრაზდი და დღიურის დაბრუნება მოვითხოვე. მასხრად ამიგდეს, ჩემს ბლოკნოტს ერთმანეთს ბურთივით ესროდნენ, ხან ოთახის ერთ კუთხეში მივრბოდი, ხან მეორეში, რომ როგორმე დამეჭირა. ,,ძალიან ბევრსაც ნუ ვარბენინებთ, დიაბეტი აქვს, არ მოკვდეს, თორემ ჩვენ დაგვბრალდება", - იყვირა ერთ-ერთმა. თვალებზე ცრემლები მომადგა, მათ წინაშე რომ არ ავტირებულიყავი, კლასიდან გავიქეცი. დერეფანში მასწავლებელს შევეჯახე, ბოდიშიც არ მომიხდია, ისე შევვარდი საპირფარეშოში. ძლივს დავწყნარდი. ჩანთისთვისაც კი არ შევბრუნებულვარ კლასში, ისე წავედი შინ.

მეორე დღეს ჩემი მშობლები სკოლაში მივიდნენ. ალბათ, ბავშვებს სთხოვეს, ჩემს ჯანმრთელობაზე აღარ ეხუმრათ. დედამ უფლება მომცა, ცოტა ხნით სახლში დავრჩენილიყავი. ჩემი კლასელების ნახვა აღარ მინდა. ალბათ, ყველა ჩემზე ლაპარაკობს... რა ჩემი ბრალია, რომ დიაბეტი მაქვს? სასოწარკვეთილი ვარ. დღიურის წერასაც თავი დავანებე. გარანტია არა მაქვს, რომ ვინმე ჩემს ფიქრებში ცხვირს არ ჩაყოფს.

თათული ღვინიანიძე
ლელა
21 მაისი 2017 16:32
არცერთი დაავადება სამარცხვინო არ არის, არც ტყუილში ცხოვრებაა კარგი. თქვენი მშობლებია დამნაშავე რომ თქვენ ეს დამალეთ,პირიქით თქვენთვის ეს კომპლექსი უნდა მოეხსნათ. მეც დიაბეტი მყავს შვილი,სკოლაშიც ყველამ იცის და არავინ არ ცინის.პირიქით სამაგალითოასწავლაშიც და მეგობრობაშიც . არ ინერვიულოთ .

ana
06 ოქტომბერი 2016 11:46
მე არ გირჩევ სკოლიდან გადასვლას, მით უფრო, თუ ამ შემთხვევამდე კალსელებთან ყველაფერი ნორმალურად იყო. დამიჯერე, ასეთი ბავშვები ყოველთვის იყვნენ და ახლაც მარტო შენს კლასში არ არიან, ყველგან იქნებიან. აი, მაგალითად მე შენზე 45 წლით უფროსი მაინც ვიქნები, არც ავად ვიყავი, არც სხვა პრობლემა მქონდა, მაგრამ ერთი ბავშვი ისე იქცეოდა კლასში, რომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად დასვენებებზე დედაჩემის კაბინეტში ვიმალებოდი (ფიზიკის მასწავლებელი იყო). ასე, რომ მოიშორე ეს კომპლექსები, გათავისუფლდი და შენი თავისუფლება მათ უმსგავსობებს ისე გაანადგურებს, გაოცებული დარჩები.
ქართველი
30 სექტემბერი 2016 12:12
გადადი ბიძია სხვა სკოლაში. შენი ავადმყოფობის ნუ გეშინია, ეს არაა ის ავადმყოფობა რომლის გულისთვის ნერვიულობა ღირს. ნახევარი დედამიწა დიაბეტით დადის. ყველა ავად ვართ რაღაც რაღაცეებით... მაგ კლასელებს შეეშვი და ახალი მეგობრები მოძებნე. 14 წლის ასაკში, რომ მოზარდი მასეთ რამეს იკადრებს, იმისგან არც კაცი დადგება და არც ქალი... და საერთოდ მიკვირს, რომ საქართველოში ასეთი უზრდელი და თავხედი თაობა იზრდება. ადრე ასე არ იყო, ბიჭები ცდილობდნენ რომ გოგოსთვის, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, პატივი ეცა და ყურადღება მიექცია... რა ხდება, რა გადაგვარდა ერი?

რედაქტორის რჩევით