ყოფილი შეყვარებული შერიგებას მთხოვს
18-04-2016
ყოფილი შეყვარებული შერიგებას მთხოვს
"არ ვიცი, შემიყვარდა თუ შევეჩვიე, მაგრამ პირველ შეყვარებულთან­ დაშორება რთული აღმოჩნდა".

გოგონებს პირველი სიყვარული რომ ეწვევათ, დაბნეულები ხდებიან, საკუთარ გრძნობებში ვერ ერკვევიან და გადაწყვეტილებების მიღებაც უჭირთ. რედაქციაში 16 წლის რუსკას წერილი მოვიდა. თინეიჯერს ყოფილი შეყვარებული შერიგებას სთხოვს, მოზარდს კი ვერ გადაუწყვეტია, ღირს თუ არა მისთვის მეორე შანსის მიცემა.

რუსკა: - ამბობენ, რომ საზაფხულო რომანები ხანმოკლეა. თემო ქობულეთში გავიცანი. მე ნათესავთან სტუმრად ვიყავი ჩასული, მას კი ძმაკაცებთან ერთად მეზობლის სახლი ჰქონდა
ნაქირავები. ერთხელ შუადღეს ეზოში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, როცა შევნიშნე, რომ აივანზე იდგა და ინტერესით მაკვირდებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ მოუთმენლად ველოდი, როდის გამომელაპარაკებოდა. მესამე დღეს პლაჟზე მომიახლოვდა და ლამაზი ნიჟარა მაჩუქა. მე თვითონ ვიპოვეო, მითხრა. დილაობით გვეძინა, შუადღეს სხვადასხვა თამაშით ვერთობოდით, მუსიკას ვუსმენდით ან კაფეში
მივდიოდით. მის ძმაკაცებს­ ძალიან მოვეწონე და ადვილად დავმეგობრდით. საღამოს ვსეირნობდით, ღამით კი კლუბებში ვცეკვავდით. ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად განვითარდა. ერთ კვირაში მითხრა, მომწონხარ და არ მინდა, სხვა ბიჭებთან გხედავდეო. არაოფიციალური შეყვარებულები გავხდით. დაქალები მაფრთხილებდნენ, თემოს არ ენდო, საზაფხულო რომანებს ბიჭები არასერიოზულად უყურებენო. მე რომანტიკით ვიყავი გაბრუებული და მათ ყურს არ ვუგდებდი.
თბილისში დაბრუნების შემდეგ თემო იშვიათად მნახულობდა და უყურადღებოც გახდა, ამიტომ სამ თვეში ჩხუბით დავშორდით. არ ვიცი, შემიყვარდა თუ შევეჩვიე, მაგრამ პირველ შეყვარებულთან­ დაშორება რთული აღმოჩნდა. ძალიან ხშირად ვფიქრობდი მასზე და მენატრებოდა კიდეც.

ცოტა ხნის წინ კლასელის დაბადების დღეზე კარაოკე-ბარში წავედი. თურმე თემო იქ დიჯეია. მასთან მოულოდნელად შეხვედრამ დამაბნია. თავი ისე დავიჭირე, თითქოს არ ვიცნობდი. მეორე დღეს სოციალურ ქსელში მისი წერილი დამხვდა.­ მსაყვედურობდა, ყურადღება რატომ არ მომაქციეო. ურთიერთობა აღვადგინეთ. რამდენჯერმე შევხვდით. ცოტა ხნის წინ მთხოვა, შევრიგდეთო. დაქალები მაფრთხილებენ, რომ კვლავ გულს მატკენს, ამიტომ მასთან დაბრუნება არ ღირს... მე კი მინდა, მეორე შანსი მივცე. რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი?

თათული ღვინიანიძე
თებრო
07 აგვისტო 2016 22:24
შენ რა გგონია გაიცნობ სხვას და ის ხელის გულზე გატარებს???

რედაქტორის რჩევით